Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამის ბლოგი - წერილი N3

22 აგვისტო 2019

წინა წერილში თავისუფლებაზე გესაუბრე. ახლა მინდა კიდევ უფრო გავირთულო მშობლის საქმე (ვიცი, რამდენჯერ მომიწევს მომავალში ამის გამო თავის მართლება) და მაჰათმა განდის სიტყვებით გითხრა, რომ თავისუფლებას ფასი არა აქვს, შეცდომის დაშვების უფლების გარეშე!

უნდა იცოდე, რომ ეს უფლებაც შენ გეკუთვნის და მინდა, მთელი ცხოვრება მას განსაკუთრებულად გაუფრთხილდე. აგიხსნი რატომაც.

ლონდონში, საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშისას, როდესაც შეცდომის დაუშვებდი, მწვრთნელი შენი თვალების სიმაღლეზე იხრებოდა და ისე გიხსნიდა, რა შეგეშალა, რა უნდა გაგეკეთებინა სხვანაირად მომავალში. მას ესმოდა, რომ ყოველი შეცდომა შენი განვითარების შესაძლებლობა იყო და ასეთი მოპყრობით მის დაფასებას გასწავლიდა. 

როდესაც საქართველოში დავბრუნდით და სპორტზე სიარული აქაც გადაწყვიტე, მახსოვს, პირველივე ვარჯიშის დროს მწვრთნელის ყვირილზე შენი გაკვირვებული რეაქცია. შემდეგ ნახე იმავე მწვრთნელის მხრიდან სხვა ბავშვების დაცინვის, მასხრად აგდების, შეურაცხყოფის მაგალითებიც. გამიხარდა, როდესაც მალევე ვარჯიშისთვის თავის დანებება გადაწყვიტე. ეს არ იქნებოდა არც დისციპლინის გამომუშავება და არც გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც რამეს შეგძენდა (რასაც ყოველთვის მოგიწოდებ!). ეს იქნებოდა შეცდომების მიმართ მცდარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და თავმოყვარეობის, საკუთარი თავის რწმენის შერყევა, რასაც ვერ დავუშვებდი.

ფეხბურთზე დაწერა არ მინდოდა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ - წარმოიდგინე ასეთი დათრგუნვით და შეურაცხყოფით „გაზრდილი“ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ტრიბუნების წინაშე პირველად თამაშობს. ტრიბუნებზე რაც ელოდება, ესეც ხომ გვინახავს - შეცდომებზე გინება და ლანძღვა საკუთარი „გულშემატკივრისა“ და ხშირად მწვრთნელისგანაც. ასეთ პირობებში, რატომ უნდა ჰქონდეს გულშემატკივარს ფეხბურთელის პროფესიონალად ჩამოყალიბების და, შესაბამისად, გუნდის წარმატების იმედი? თუ წარმატებაზე ვოცნებობთ, უპირველეს ყოვლისა, ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს.

მერე იმასაც კარგად დაინახავდი, რომ, ინგლისისგან განსხვავებით, ჩვენს სასწავლებლებშიც გამბედაობის გამოვლენა და, შესაბამისად, შეცდომების დაშვება არ არის წახალისებული; ისევე როგორც განსხვავებული, კრიტიკული ან თუნდაც უბრალოდ საკუთარი აზრის გამოხატვა. ვფიქრობ, ამის მიზეზი განათლების სისტემის სამხედრო მომზადებასთან ისტორიულ მჭიდრო კავშირია საძებნელი, როცა შეცდომა ძალიან ძვირი ჯდებოდა და ბრმა მორჩილება, დისციპლინა ყველაფერზე უპირატესი იყო. საჭიროებათა ცვლილების მიუხედავად, სამწუხაროდ, დღესაც ეს მოცემულობაა.

არ გაგიკვირდეს, მორჩილებისა და დისციპლინის უდიდეს მნიშვნელობაზე ადრე მოგწერე; მაგრამ, გადაჭარბებული „მომისმინე“ და „გააკეთე ის, რასაც გეუბნები“, სასწავლებლებში იქნება ეს თუ რელიგიურ ინსტიტუტებში (ამაზე მომავალშიც მოგწერ), არის გზა მონური აზროვნებისკენ, განვითარების შეჩერებისა და დეგრადირებისკენ. ასე ვერაფერს ისწავლი, თავდაჯერებულობას ვერ შეიძენ და პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდები. თუ სწავლის პროცესში სულ „უკანა მერხზე ჩუმად იჯდები“, პროფესიის მქონესაც „უკანა მერხზე“ მოგიწევს ჯდომა, შენი „უკან გადასმის“ მსურველები კი აუცილებლად გამოჩნდებიან...

ამიტომ იცოდე ჩემი პოზიცია - უშეცდომო არავინაა. ჩემი და სხვების კომპეტენციის უდიდესი ნაწილი ჩვენივე შეცდომებზეა დაფუძნებული. 

რაც უფრო მეტად ეცდები განვითარდე, მეტ კითხვას დასვამ და მეტ პასუხისმგებლობას იტვირთებ, მით მეტ და მწარე შეცდომას დაუშვებ, რისიც არ უნდა შეგეშინდეს! 

გაუაზრებლად ნუ იმოქმედებ, მაგრამ შეცდომის შიშით უმოქმედობა არ დაუშვა! გქონდეს შეცდომის მიმართ სწორი დამოკიდებულება: სადაც მოსანანიებელი გექნება - მოინანიე; სადაც ვერ გათვლი და ამიტომ შეცდები - გაანალიზე; სადაც შეცდომაზე პასუხისმგებლობა უნდა იკისრო - იკისრე. რაც მთავარია - ისწავლე საკუთარ შეცდომებზე! 

იცხოვრე ასეთი დამოკიდებულებით და გახსოვდეს - როგორადაც არ უნდა შეცდე, როგორ აღელვებულ ზღვაშიც არ უნდა აღმოჩნდე, შენს ნავს ყოველთვის ექნება ნავსაყუდელი ჩემი სახით. 

გაუფრთხილდი შეცდომის დაშვების თავისუფლებას და იყავი პასუხისმგებლიანი, მაგრამ გაბედული... გაბედე და შეცდი. 

წარმატებები!

მამა

რესან ქიქავა - საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი;
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...

მეტი

^