Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამის ბლოგი - წერილი N6

03 ოქტომბერი 2019

ცოტა ხნის წინ შინ გვიან დაბრუნებულს შემომჩივლე - როცა გავიზრდები, არ მინდა შენსავით გვიანობამდე მუშაობა მომიწიოსო. მაშინ მშრალად გიპასუხე, მუშაობა მეც არ მიწევს, ეს ჩემი არჩევანია-მეთქი. თუმცა, ვფიქრობ, შენი შენიშვნა მეტ განმარტებას იმსახურებს. 

პირველ რიგში, მინდა იცოდე, რომ არც მე მაქვს ასეთი მოლოდინი და არც შენ ვალდებულება, რომ რამე „ჩემსავით“ აკეთო.

შენ შენ ხარ და მე - მე. ყველა ადამიანს ცხოვრების თავის გზა აქვს გასავლელი და, ჩვენი კავშირის მიუხედავად, უფრო ამის გამოისობითაც, შენს განსხვავებულ გადაწყვეტილებებს, განსხვავებულად წარმართულ ცხოვრებას ახლაც და მომავალშიც პატივს ვცემ. კამათის დროს ნერვიულობის გამო შეიძლება ავღელდე, ვიჩხუბო კიდეც, მაგრამ, როდესაც არჩევანის წინაშე დავდგები, დარწმუნებული იყავი, რომ შენს ამ უფლებას ყოველთვის დავიცავ.

ერთადერთი პირობა, თამაშის წესი, რომელიც ორივემ უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ მე და შენ ვართ რამდენიმე ფუნდამენტური ღირებულების თანაზიარი, ჩვენი ურთიერთობა დგას ამ ღირებულებებზე. შესაბამისად, ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად მთავარია, გადაწყვეტილებების მიღებისას მეც და შენც ვიყოთ ჩვენი გაზიარებული ღირებულებების ერთგული. 

სხვა მხრივ, ჩვენი შეხედულებები, მიზნები, სურვილები არის ინდივიდუალური და აუცილებლად განსხვავებული იქნება, რისიც არ უნდა შეგვეშინდეს.

ახლა მუშაობის აუცილებლობას რაც შეეხება. ცნობილი რჩევაა - იმ შემთხვევაში, თუ რისი კეთებაც გიყვარს, იმას სამსახურად აქცევ, ცხოვრებაში მუშაობა არ მოგიწევსო. ამ მხრივ მეც „არ მიწევს“ მუშაობა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა მაინც განსხვავებული რჩევა მოგცე.

ცხოვრება რთულია, მოულოდნელობებითა და აღმოჩენებით სავსე, ამიტომ, რაც გიყვარს, იმის კეთების შესაძლებლობის ლოდინის ნაცვლად, გირჩევ შეიყვარო ის, რისი კეთებაც დღეს არის შენთვის მნიშვნელოვანი, რის კეთებასაც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნევ. იცოდე, თუ შეიყვარებ შენს დღევანდელ საქმეს, შეიყვარებ მთელი გულით და შესაბამისი მონდომებით შეასრულებ, მუშაობა სწორედ მაშინ „არ მოგიწევს“.

შეიძლება იმუშაო მიმტანად, დამლაგებლად, მზარეულად, თარჯიმნად ან ექთნად. იმის მიუხედავად, თავის რჩენას რითი შეეცდები, წარმატების მთავარი ფორმულა ყოველთვის შენი განწყობა იქნება. რამდენად უმნიშვნელო, შენთვის „შეუფერებელ“ საქმესაც არ უნდა აკეთებდე ერთი შეხედვით, მიუდექი მას გულმოდგინედ და შეეცადე, იყო საუკეთესო. მთავარი ის კი არ იქნება, რას გააკეთებ, მთავარია, როგორი დამოკიდებულებით მიუდგები ამა თუ იმ პასუხისმგებლობას.

ამით იმას არ ვამბობ, რომ შენს გულს არ უნდა მიენდო, რომ მიზნები არ უნდა გქონდეს, ან როცა არჩევანის საშუალება გექნება, ის არ აირჩიო, რაც შენთვის უფრო საინტერესოა, უფრო „ახლოა“. მით უმეტეს არ გირჩევ, რომ შენი ღირებულებების საწინააღმდეგოდ დათანხმდე ნებისმიერი საქმის შესრულებას. მაგრამ არ მინდა გრძელვადიანი ოცნებების ტყვეობაში აღმოჩნდე და დღევანდელობა მეორეხარისხოვნად მიგაჩნდეს. არ მინდა, იმ ადამიანებს დაემსგავსო, რომლებსაც მომავლის მოლოდინში ცხოვრება თვალსა და ხელს შუა ეცლებათ.

ადამიანმა, ცხოველისგან განსხვავებით, დაბადებიდან არ იცის თავისი დანიშნულების შესახებ, ის ეძებს თავის მისიას და შენც ასე მოგიწევს. მაგრამ იცოდე, ამ ძიების პროცესში ნებისმიერ დანიშნულებამდე მიმავალი გზა დღევანდელ საქმეში შენს მონდომებაზე გადის. ნებისმიერ გრძელვადიან მიზნამდე სწორედ ეს შენი დღევანდელი „უმნიშვნელო“ საქმეების კარგად კეთება მიგიყვანს. 

ამიტომ მინდა გირჩიო, დღევანდელობის მნიშვნელობა გააცნობიერო და დამოკიდებულებაში იმ 15 წლის ქართველ ნიჩბოსანს მიჰბაძო, რომელმაც ახლახან, ნაქირავები ნავით, საერთაშორისო შეჯიბრებაში სამი ოქროს მედალი მოიგო და რომელმაც მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ოცნების შესახებ დასმულ ჟურნალისტის კითხვაზე ასე უპასუხა: მე არ მაქვს ოცნება, მე მაქვს მიზანი.

წარმატებები,

მამა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^