Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სისტემა მაშინ და ახლა

11 ოქტომბერი 2019

მაშინ, მე-20 საუკუნის კომუნისტური რეჟიმის დროს, განათლების სისტემა, შორიდან თუ შევხედავთ, გარეგნულად თითქოს მოწესრიგებული იყო. სკოლაში დადიოდა ყველა, არ აცდენდნენ გაკვეთილებს, მობილიზებული იყო დირექცია და პედკოლექტივი, რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ ჭკვიანი, კვალიფიციური, საგნის მცოდნე პედაგოგები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. სახელმძღვანელოებიც ნორმალური იყო. მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელო გათვლილი იყო საშუალო დონის მოსწავლეზე. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ესა თუ ის საკითხი საფუძვლიანად აეთვისებინა. ამის საშუალებას წიგნი იძლეოდა. ასე რომ, თუ მაშინდელ სკოლას ჩამოვაცილებთ პოლიტიკას, საქმე კარგად მიდიოდა. სასკოლო პროგრამას ბავშვების გარკვეული ნაწილი შესანიშნავად ითვისებდა და უმაღლეს სასწავლებელშიც საკუთარი ცოდნით ადვილად ეწყობოდა (ეს არ ეხებოდა რამდენიმე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს და ფაკულტეტს, სადაც, ცოდნასთან ერთად, ჩაწყობაც იყო საჭირო). ასეთია შორიდან დანახული საბჭოთა სკოლა.

ახლა მივყვეთ მოვლენებს. ვთქვი, თუ სკოლას პოლიტიკას ჩამოვაშორებთ, მაშინ საბჭოთა სკოლაში საქმე კარგად მიდიოდა-მეთქი. მაგრამ კომუნისტური პარტია განა ისეთი გულუბრყვილო იყო, რომ სკოლა პოლიტიკისაგან გაეთავისუფლებინა? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, პოლიტიკის ელემენტები დაწყებითი კლასებიდანვე რომ შეეტანათ, შექმნეს ორგანიზაცია „ოქტომბრელები“, შემდეგ კლასებში კი იყო პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები. კომპარტიაში დირექციის წევრები და პოლიტიკურად აქტიური მასწავლებლები იყვნენ გაერთიანებული. კომკავშირი და კომუნისტური პარტია ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მოსწავლეებში ჩაენერგათ კომუნისტური სულისკვეთება. სწავლის ხარისხს ისეთ ყურადღებას არ უთმობდნენ, როგორსაც მათ აღზრდას კომუნისტური იდეებით.

მასწავლებლად რომ ვმუშაობდი, მახსოვს, დაგვიბარებდა დირექტორი მასწავლებლებს და ხელში გვაჩეჩებდა კომპარტიის რომელიმე ყრილობის დადგენილებას, რათა გაგვეცნო მოსწავლეებისათვის. ასეთი დადგენილებები კლასში არასდროს შემიტანია. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა დრო გაკვეთილზე სხვა თემებზე მესაუბრა, მით უმეტეს, რაღაც უშინაარსო დადგენილებებზე. გაკვეთილზე მათ გარჩევას რომ მივყოლოდი, ჩემს საგანში ვერაფერს გავაკეთებდი. ასეთი დადგენილებები თუ დირექტივები კომპარტიიდან ხშირად მოდიოდა და დირექცია ამას უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა. იმ სკოლაზე გესაუბრებით, სადაც ვმუშაობდი, მაგრამ სხვა სკოლებიც ასეთივე წნეხს განიცდიდნენ ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, სოფლის სკოლებში ადგილობრივი ხელისუფლება სკოლის დირექციისა და პედაგოგებისაგან მოითხოვდა მოსახლეობას ჩაებარებინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. ამას ისინი აკეთებდნენ აშკარად, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე. ამ დროს სწავლის ხარისხზე არავინ ფიქრობდა. მხოლოდ კეთილსინდისიერ მასწავლებლებს აწუხებდათ ეს.

სიმონეთის სკოლაში რომ მივედი მასწავლებლად, სულ ახალგაზრდა ვიყავი, 23 წლის. თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რათა მოსწავლეებისათვის გაკვეთილი საინტერესო გამეხადა. ამ მიზნით საკლასო ოთახში ორი დაფა დავადგმევინე. თითოეულ დაფას შუაზე ვყოფდი. ვიძახებდი დაფასთან ოთხ მოსწავლეს თავ-თავისი სახელმძღვანელოებით, ჩავუნიშნავდი მაგალითს და ოთხივე ბავშვი დავალებას დამოუკიდებლად აკეთებდა. მაშინ ჩავერეოდი, თუკი მოსწავლე შეფერხდებოდა. ამის შემდეგ დაფასთან სხვა ოთხ მოსწავლეს ვიძახებდი და ა. შ. კლასის ორმოცივე მოწაფეს უწევდა დაფასთან გამოსვლა. ვიღლებოდი, მაგრამ ეს დაღლა სასიამოვნო იყო, რადგან ვიცოდი, მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ. ასეთი მუშაობით არც ერთი მოსწავლე უყურადღებოდ არ მრჩებოდა. შედარებით სუსტი მოსწავლეებიც ხალისით აკეთებდნენ დავალებას.

დაბალ კლასებში, კარგ ამინდში, გეომეტრიულ მასალას გარეთ ვამუშავებდით. ასტრონომიაში მოსწავლეები ღამით დამყავდა სკოლის სპორტულ მოედანზე და იქიდან ვაკვირდებოდით ცას. მართალია, საჭირო აპარატურა არ გვქონდა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა ვარსკვლავთა ჯგუფები, თანავარსკვლავედები გამოგვეცნო.

რა მონდომებითაც არ უნდა მემუშავა, როგორი კარგი შედეგებიც არ უნდა მქონოდა, დირექციისაგან მაინც ყურადღების გარეშე ვრჩებოდი. როცა კლასში მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოები, თოფურიას და სკანავის წიგნები შევიტანე, დირექტორმა გაიგო - ერთ მოსწავლეს ჩანთა გაუჩხრიკა, იპოვა თოფურიას წიგნი და დაუხია. მე კი მითხრა, - რა საჭიროა ამდენი სწავლა, ჩვენ ხომ მუშათა კლასს ვზრდითო. აი, ასეთი ადამიანები მუშაობდნენ საბჭოთა სკოლებში დირექტორებად. შექების ნაცვლად სულ საყვედურებს ვიღებდი ხოლმე. ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი, რომ არა ჩემი მოსწავლეები. ისინი მახალისებდნენ, მათთან ურთიერთობა შრომის ხალისს მმატებდა. ბევრ მათგანთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს. სულ მიკავშირდებიან ფეისბუქით.

1980 წელს პენსიაზე გავედი. საპენსიო ასაკი არ მქონდა შესრულებული, მაგრამ ასე მეგონა, ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები. ვფიქრობ, პენსიონერმა პედაგოგებმა ადგილი ახალგაზრდობას უნდა დავუთმოთ, მათ მეტი მოტივაცია აქვთ, შეუძლიათ ხალისით ასწავლონ. მაგრამ ახალგაზრდა პედაგოგებს მომზადება სჭირდებათ, ამისათვის კი ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები მზად არ არის. თუ გვინდა, განათლების დონე ამაღლდეს და სკოლაში ბავშვებს მიუხაროდეთ, რეფორმები კარგად უნდა დაიგეგმოს და გატარდეს.

რა ხდება ახლა სკოლებში? ახლა კომუნისტური რეჟიმი აღარაა, მაგრამ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებს ხელისუფლება მაინც იყენებს სათავისოდ. ოღონდ სიტყვა „კომუნისტური“ შეიცვალა იმ პარტიის სახელით, რომელიც ხელისუფლებაში მოდის.

მაგალითდ, შევარდნაძის დროს იყო მოქკავშირი, სააკაშვილის დროს - ნაცმოძრაობა, შემდეგ „ოცნება“… პარტიის დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს, თუკი სასწავლო დაწესებულებებში ისევე მოიქცევიან, როგორც კომუნისტები? სასწავლო პროცესში ხელისუფლების ჩარევა განსაკუთრებით აშკარა ხდება არჩევნების დროს. მაშინ ხომ სწავლა-აღზრდის პროცესი ნახევრად ჩაშლილია. გამონაკლისებს, რომლებიც ჩინოვნიკების ბრძანებებს არ ემორჩილებიან, ხელისუფლება სჯის. ყველას გვახსოვს ტრაგიკული შემთხვევა - როცა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია შეეცადა, ხელისუფლების სურვილის წინააღმდეგ წასულიყო, მას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ვწუხვარ, რომ დღეს ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას და რაც მეტი ილაპარაკებს, მით უკეთესი. იქნებ გონს მოეგოს საზოგადოება და უფრო მკაცრად მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ სკოლა სრულიად გათავისუფლდეს პარტიული წნეხისგან.

არც ერთ პედაგოგს არ ეპატიება მონური მორჩილება ხელისუფლების მიმართ. მაგრამ განსაკუთრებით მტკივა გული პროფესორ-მასწავლებლებზე, მეცნიერებზე, გამოჩენილ მსახიობებზე - ისინი ხომ, ფაქტობრივად, ფულისა და ძალაუფლების მონები გახდნენ. ალბათ ასეთი ინტელიგენცია დაინახა ვაჟა ფშაველამ, როცა ამბობდა: „ქართული ინტელიგენცია? ეგ ვინღაა?... სულ იქით არის, სადაც ფული და ძალაუფლებაა“. ასე არ იყო 1978 წელს, მაშინ უნივერსიტეტის პროფესორ-პედაგოგები, სტუდენტები აქტიურად გამოდიოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდეც გადაარჩინეს ქართული ენის სტატუსი. ახლა სტუდენტები მთავრობის უმსგავსო საქციელის წინააღმდეგ ბევრს ვერაფერს აკეთებენ. ეს გასაგებია, თუკი მათი საყვარელი პროფესორი ხელისუფლების მორჩილია, მათ მეტი რა დარჩენიათ? რა თქმა უნდა, გამონაკლისები არიან, მაგრამ მე მასობრივ სტუდენტურ მოძრაობაზე ვსაუბრობ.

განათლების სისტემა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. რეფორმები? რა თქმა უნდა, რეფორმები საჭიროა, თანაც - დაუყოვნებლივ. პირველ რიგში, სასწავლო დაწესებულებებმა თავისუფალი და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანები უნდა აღზარდონ. თავისუფლება სჭირდება ყველას - მოსწავლეს, სტუდენტს, პედაგოგს, მეცნიერ-მუშაკებს. თავისუფლება სჭირდება განათლების სამინისტროს და მინისტრს. თუკი ამას მოვახერხებთ, მაშინ სასწავლო დაწესებულებებსაც ეშველება.

ახლოვდება არჩევნები. მთავრობა ისევ დაიწყებს საჯარო სამსახურების, მათ შორის სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების მოსამსახურეთა რესურსების გამოყენებას არჩევნების გასაყალბებლად. თუკი მასწავლებელი თავისუფალი და ძლიერია, მაშინ ის არ შეასრულებს ზემოდან წამოსულ ბრძანებას, ცხადია, ამას ვერ მოახერხებს პედაგოგი, ვისაც ეშინია - ან საგანი არ იცის კარგად, ან არ არის თავის თავში დარწმუნებული. იმედი მაქვს, რომ თუკი განათლების მინისტრს ეყოფა გამბედაობა, და მოინდომებს გაათავისუფლოს განათლების დაწესებულებები პარტიული წნეხისგან, სავსებით შესაძლებელია აღიკვეთოს ეს მახინჯი პრაქტიკა.

დაბოლოს, მინდა იმედი მქონდეს, რომ სასწავლო დაწესებულებები მომავალში მაინც შეძლებენ აღზარდონ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ცოდნით შეიარაღებული და ღირსებით აღსავსე მოქალაქეები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...

მეტი

^