Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაკუუმი

24 ოქტომბერი 2019

არ მინდა, სხვისი ნაწერით ჩემის დაწყება ჩვევად მექცეს, მაგრამ ახლახან წავიკითხე, რომ დეპრესიას თურმე უმადურობა იწვევს და არ შემეძლო ამ კომენტარისთვის თავი ამერიდებინა. ჯერ არც ერთ მეცნიერებას არ დაუდგენია, რომ ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი აქვს დეპრესიას და მით უმეტეს, რა არის ეს მიზეზი. სირთულეს მდგომარეობის კომპლექსურობა წარმოადგენს, მიზეზები და შედეგები ხშირად ირევა ერთმანეთში, ქიმიური და ნევროლოგიური სტრუქტურაც საკმაოდ ჩახლართულია. ამიტომ, ზუსტი და გამოცრილი პასუხი ჯერ არავინ იცის. 

მეც არ ვიცი, როგორ დავიდე ერთ კონკრეტულ მიზეზამდე. ამიტომ ამ სერიებში ვყვები იმ განსხვავებულ ასპექტებს, გამოვლინებებს, შემჩნეულ ცვლილებებს და ყველაფერს, რაც ამ მდგომარეობის ორბიტაზე მხვდება.

მეექვსე კლასიდან დავიწყეთ მე და ბებიაჩემმა, მელსიმ, მეცადინეობაში ღამეების თენება. საკმაოდ დაკავებული და საქმიანი ახალგაზრდა ვიყავი მეექვსე კლასში. სკოლიდან გვიან გამოვდიოდი, სხვა ბევრ წრესა და გაკვეთილზე დავდიოდი და სამეცადინოც საკმაოდ ბევრი მქონდა. ამ მოუცლელობამ ჩაითრია მელსიც უსასრულო უძილობაში. მეხმარებოდა „შავი“ ტექსტის ლამაზად „გადათეთრებაში“, აკაკი წერეთელზე აწყობილ პატარა მუყაოს ალბომზე „ა.წ“.-ს ვერცხლისფერი ძაფით ამოქარგვაში, ჩაბარებაში, გამეორებაში. მაშინ მივხვდი, რომ ღამე იქამდე აუთვისებელი საკმაოდ დიდი რესურსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა ამეთვისებინა და დავიწყე მეცადინეობაში თენება. ან ძალიან გვიან ვიძინებდი, ან ძალიან ადრე ვიღვიძებდი. ასე გავიარე სკოლაც და უნივერსიტეტიც. 

მელსი ყველაფერი იყო ჩემთვის. პირველი ადამიანია, ვისგანაც, მახსოვს რომ პატივისცემა ვიგრძენი. ყოველთვის, მაშინაც კი, როცა ყველაზე ტკბილი ბებიის კომფორტებს მიქმნიდა, როგორც თავის სწორს ისე მელაპარაკებოდა და მექცეოდა. საოცარ სტიმულს მაძლევდა ეს დამოკიდებულება, პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ როგორც ზრდასრულს ისე მეაზროვნა და მოვქცეულიყავი. წინა ბლოგშიც ვახსენე, რომ მთელი ცხოვრება მძაფრად მქონდა საკუთარი თავის, როგორც ეთიკური ობიექტის აღქმა. ამაში მელსის უდიდესი წვლილი მიუძღვის. ბავშვობიდან ვუყვებოდი ყველაფერს, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, როგორ იქცეოდნენ სხვები, როგორ ვიქცეოდი მე. სულ ვუსაბუთებდი ჩემს დამოკიდებულებებს და მერე ვეკითხებოდი: სწორია? მე ხომ სწორად მოვიქეცი? სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორად მოვქცეულიყავი და ყოველთვის ვაზუსტებდი, რამე აცდენა ხომ არ მქონდა განსჯაში. მეგონა, რომ დიდები ცხადად ხედავდნენ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებებს, იცოდნენ, რა იყო სწორი და არასწორი და, შესაბამისად, ყველაზე სანდო წყარო ჩემი ქცევისა და აზრის ვალიდაციისთვის ისინი იყვნენ. თუ მინდოდა, მეც რაც შეიძლება მალე გადამეხარისხებინა ყველაფერი თეთრ და შავ კატეგორიებში, რაც შეიძლება მეტი ჩემი აზრი და იმპულსი უნდა გადამემოწმებინა - სწორი იყო თუ არა. მელსი იყო ერთ-ერთი მთავარი კომპასი - იმის იქით, რა ვიცი, ვის შეიძლებოდა მასზე მეტი სცოდნოდა - არავის. 

ასე გახდა ყველაზე ტკბილი და თბილი ბებია ჩემი მეგობარიც, მასწავლებელიც, თანასწორიც და იდეალიც. საათობით ვისხედით და მიყვებოდა ისტორიებს ბებია მაგალაზე, კასპზე, მამაზე, რომელიც რკინიგზის უფროსი იყო და ცხოვრებაში ერთხელაც არ უსარგებლია ბოროტად თავისი თანამდებობით; თავის ოცნებებზე, გამოსულიყო მუსიკის მასწავლებელი, რისთვისაც, მდგომარეობიდან გამომდინარე, ღალატი მოუწია და რამდენიმე ქარხნის დირექტორი ერთდროულად გახდა. ყველა ისტორიაში მთავარი აზრი ყოველთვის ის იყო, რომ რაც უნდა ბევრი ჰქონოდა მელსის, ყოველთვის, აბსოლუტურად ყველას მის გარშემო, სისხლით ახლობელს თუ თითქმის უცხოს, იმდენივე თუ არა, საკმაოზე მეტი უნდა ჰქონოდა. რაც უნდა დაკავებული ყოფილიყო, ყოველთვის იცოდა, თავისი მძღოლის დის შვილიშვილს რა აწუხებდა, რით შეიძლებოდა თვითონ დახმარებოდა... და არასდროს შეერგებოდა თავისი კარგად ყოფნა, სანამ ყველაფერს არ გააკეთებდა, რაც შეეძლო და არ შეეძლო, რომ სხვისი მდგომარეობა შეემსუბუქებინა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამით, მელსით. ხოდა, ჩვენც ვაგრძელებდით არაბუნებრივად ბევრი დროის ერთად გატარებას, როგორც თვითონ ეძახის - „მუსაიფობაში“. 

დაახლოებით ამ სწორ-არასწორის გადალაგებაში, მელსის და ჩემი მშობლების მაგალითზე ჩამომიყალიბდა ორი ჩვევა: გავხდი კარგი მსმენელი და კომფორტის შემქმნელი. ყოველთვის, თუ ვინმე რამეს მთხოვდა, რაც ან არ მინდოდა გამეკეთებინა, ან მეზარებოდა, ან რაიმე სხვა სახის დისკომფორტთან ასოცირდებოდა, თუ ვფიქრობდი, რომ იმ ადამიანს ოდნავ მაინც რამეში დაეხმარებოდა ჩემი მოსმენა, რჩევა ან რამის გაკეთება, ეს ფიქრი თითქოს მიქრობდა საკუთარი დისკომფორტების აღქმას. რაღაც კოდი გადაიწერებოდა თავში და წამებში სიზარმაციდან მონდომებაში გადავდიოდი. ასე ვისწავლე და ჩამიბეტონდა თავში, რომ ეს იყო სწორი და მთავარი - მაქსიმალურად ვყოფილიყავი სასარგებლო სხვისთვის, ყოველთვის. 

იმდენად ჩქარა ქრებოდა საკუთარი კომფორტის აღქმა მსგავს სიტუაციებში, თითქოს არც არასდროს ყოფილა ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი იმპულსი; ეს აღქმა და მისი გადაფარვა ერთი იყო. მერე მივხვდი, რომ იმ პირვანდელ იმპულსზე უარის თქმით ბევრად უფრო დიდ კომფორტს ვიღებდი - ენით აღუწერელ სიამოვნებას მგვრიდა უნარიანობის, ვიღაცისთვის საჭიროების, გამოსადეგობის შეგრძნება. ჩემი მთელი ცხოვრების აზრსაც ამაში ვხედავდი. მინდოდა ვყოფილიყავი ძალიან კაშკაშა, მძლავრი და ულევი ნათელი ენერგია, ყვითელი, რომლითაც იკვებებოდნენ გარშემომყოფნი. ეს ენერგიაც არასდროს დაიცლებოდა, თავისივე დაცარიელება დატენიდა, შეავსებდა და ასე გაგრძელდებოდა დაუსრულებლად. ეს იდეა სიმბოლურად გადმოვიტანე ხელზე - ყვითელი წრე. 

მერე ყველაფერი თითქოს ნელ-ნელა ნაბიჯებს უკან-უკან დგამდა და მშორდებოდა. აქამდე თუ ბოლომდე ვისრუტებოდი სხვის სამყაროში და ვუთმობდი მთელს ჩემს პიროვნებას, რამდენიმე წლის წინ რაღაც გარსმა დაიწყო სხეულზე ამოცოცება. ნელ-ნელა მბოჭავდა რაღაც ძალიან სოლიტარულ განზომილებაში, ყველანი კი ძველ განზომილებაში რჩებოდნენ. სცილდებოდა ჩემი რეალობა ყველა სხვისას. ვგრძნობდი, თითქოს ფეხის თითებიდან დაიწყო და მალე მთელ ტანზე ხავსივით შემომხვია ეს რაღაც გამჭვირვალე ნაჭუჭი. ვხედავდი ყველაფერს, რაც გარეთ ხდებოდა, დავდიოდი ამ ჩემი კომბინეზონით სხვადასხვა ადგილას, მაგრამ არ იყო დიდი განსხვავება - თითქმის ვერანაირი შეგრძნება, ადამიანური სიახლოვე, არაფერი შიგნით არ აღწევდა. ამ გარსის გარეთ დარჩნენ ჩემი მეგობრები. ვეღარ ვამყარებდი კონტაქტს, ფიზიკურად ვიყავი იქ, სადაც ისინი იყვნენ, მაგრამ არ ვიყავი. ფილმებში რომაა ადამიანი ჩაკეტილი ალტერნატიულ რეალობაში, საიდანაც ხედავს თავის ყოფილ რეალობას, მაგრამ ხელს ვერაფერს სჭიდებს და ცვლის. სულ ცქმუტვის მდგომარეობა დამეწყო, მეგონა, არ ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არსად არ იყო ის, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ამ უადგილობამ, აწყობილ ჯიგსოზე ზემოდან ზედმეტ ნაწილად გდებამ ჯერ ყველა ნერვი გაღრღნა, მერე დამტოვა თითქმის მარტო. 

ამ მდგომარეობის გაღრმავებამ მოიტანა ის, რომ მელსი მთელს ჩემს სამყაროს აღარ იზიარებდა. რაღაც ცინიკური წყევლაა, რაც უფრო ახლობელია ადამიანი, მით უფრო რომ გიჭირს ტკივილი გაუზიარო. ისიც მაქსიმალური თავშეკავებით, ისე რომ დამნაშავედ არ მეგრძნო თავი, მსაყვედურობდა, რომ აღარ ველაპარაკებოდი. ამ უმუსაიფობამ დატოვა მელსი ჩემი გარსის გარეთ. აი, მაშინ ნამდვილად მარტოდ ვიგრძენი თავი. მელსისთან რომ დავიწყე ცქმუტვა, რომ ვეღარ ვუსმენდი, რომ ვერ შევდიოდი იმ სამყაროში, რომ ვეგდე ლოგინზე მელსის გვერდით და იმ ოც სანტიმეტრშიც კილომეტრიან დაშორებას ვგრძნობდი. იმ დღეს ვიხსენებდით ერთ დიალოგს. სულ ვეუბნებოდი, რომ მე, რამხელაც არ უნდა ვიყო, ჩვენ ასეთივე ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა გვექნება-მეთქი. მერე ერთხელ, არ ვიცი რატომ, თურმე ვინერვიულე - რომ გავიზარდო და ისე ხშირად ვეღარ მოვიდე-მეთქი. მელსის უთქვამს, ბედნიერი ვიქნები, რომ არ გეცლება აქ მოსასვლელად და უკეთესი საქმეებით იქნები დაკავებულიო. ეს დიალოგი გამახსენა რამდენიმე დღის წინ, თან რომ აღენიშნა რომ დადგა ეს პერიოდი და თან რომ დავემშვიდებინე. არაფერს უკეთესს არ ვაკეთებ, უბრალოდ ვარ სადღაც და შინაგანად ვიშლები, ვღმუი, რომ აღარ ვიყო ისე, როგორც ვარ, მაგრამ უშედეგოდ. 

ამასობაში ის პირველადი საკუთარი „მე“-ს შეგრძნების იმპულსი მომძლავრდა და გარდაქმნა ძალიან მიჭირს. ბოლო პერიოდი, როცა ძალიან ცუდად ვიყავი, უბრალოდ ლოგინში ვეგდე დროის გაყვანის იმედით და არაფრის ხალისით, ვინმე როგორც კი მთხოვდა, რამე გაგვეკეთებინა, იმ წუთასვე ვატანდი თავს ძალას, რომ მათ ადგილას დამეყენებინა თავი. იქნებ რაში სჭირდება ახლა ვიღაცის ნახვა, აი რომ ავიყვანო თავი ხელში, იქნებ გადავაგორებინო რაღაც, სულ რომ მარტო დავჯდე და მოვუსმინო, ისიც ხომ რაღაცას იზამს. ვიაზრებ ყველაფერს და მაინც იშვიათად ვახერხებ თავზე ძალდატანებას. მგონია, რომ ვიხრები სიმძიმეები ავწიო, ვცდილობ წელში გავიმართო, სიმეტრიულად დავალაგო ხელები ძელზე, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ვეზიდები და წაკ - მიტანს ძირს და მივარდება. ვეღარ მიჭირავს. არ ვიცი რანაირად, რატომ გამიქრა ეს შესაძლებლობა, ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა სულში, ყველაზე ფუნდამენტური ფილა, მაინცდამაინც ის რატომ გამიქრა. ეს თუ აღარ შემიძლია, რაზე დგას ჩემი იდენტობა, როგორი ადამიანი ვარ მე. ვიმიზეზებ რაღაცას, დავიწყე „ვერა“ და „არა“-ს თქმა, საკუთარი თავი რატომღაც გამოიჭიმა დაუკითხავად წინ. საშინელებაა, ვერც იმ პირველადი კომფორტის დაურღვევლობიდან ვიღებ სიამოვნებას და ვერც ვაბიჯებ მას. ყვითელი კი არა, უფერული, ცარიელი, დაჭაობებული შრე დავრჩი. 

ბოლო ორი წელია ფიზიკურად ვეღარ ვათენებ ღამეებს. საათის გასწორება შეიძლება, ისეთი სიზუსტით მარტყამს ცუნამივით 10:30-ზე ძილიანობა, რომელიც უკიდეგანოდ რთულად გადასალახია. ზოგჯერ ხუმრობით ვამბობ, რომ მეექვსე კლასიდან დავიწყე რესურსის ამოწურვა და გავედი ბოლოში - უძილობის ლიმიტს მივაღწიე. სულ ვფიქრობ, იქნებ მენტალური რესურსიც ამოვწურე სადღაც. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აბსოლუტურად დაცლილი ვარ ამ ენერგიისგან, თითქოს ძლიერად და დიდხანს მცემდნენ და ძალა გამომეცალა. ვგდივარ ახლა დაფარული სისხლჩაქცევებით და ვერაფრით ვაძალებ დაჟეჟილ სხეულს ფუნქციონირებას. იქნებ, ვაცადო ცოტა ხანი, მივცე, რასაც ითხოვენ, თავსაც და ძილსაც, აღიდგინონ ძალები. 

რამდენიმე დღის წინ ვიყავი მელსისთან და, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმ სახლში ვიგრძენი სულიერი სიმშვიდე. თითქოს დენმა დამარტყა და მთლიანად გადავედი წინა სამყაროში - ურთიერთობაში, ოთახებში სიარულში უცბად ვიგრძენი, რომ ის ვარ, ვინც ვიყავი, მელსი და კიროც ისინი არიან, ვინც ჩემთვის ბავშვობაში იყვნენ, ისევ იმ განლაგებაში იდგა ურთიერთობები. აი, იმ კინოში რომ წამიერად ორი რეალობა გაერთიანდეს. მაგრამ ახლა ვერ ვხვდები, საით მიდიან ეს სამყაროები, სცილდებიან და პარალელურდებიან, თუ შეიძლება მომავალშიც გადაიკვეთონ? იქნებ ერთიანდებიან საერთოდ. იმედია... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...

მეტი

^