Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრივატიზაცია, პრაქტიკულობა, იდეოლოგია და პატივისცემა

30 ივლისი 2012

კომუნიზმი, როგორც ექსპერიმენტი, კოლოსალური ჩავარდნა იყო. შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, ეს იყო მოკლე ექსპერიმენტი. რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, ისტორიის სტუდენტი მას შეხედავს, როგორც საოცრებას, როგორც ახლა რეკონსტრუირებული დინოზავრების ფიტულებს უყურებენ ხოლმე - დიდს, საშიშს, შორეულს, მაგრამ ისეთს, რომელსაც დღევანდელობასთან კავშირი არ აქვს. ყველას, ვინც კი კომუნიზმის პირობებში ცხოვრობდა, ალბათ, უნდა ვაპატიოთ სახელმწიფოს და მისი შესაძლებლობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება. ბრძენი მმართველი კარგად დაფიქრდება, სანამ ახალ ბიუროკრატიულ სტრუქტურებს შექმნის და ეჭვით შეხედავს თეორიას, რომ სახელმწიფოს რამე კონკრეტული პასუხისმგებლობები აქვს. ვინც ფიქრობს, რომ თავისუფალი ბაზარი არ არის ეკონომიკური ორგანიზაციის უმაღლესი ფორმა, შეცდომაშია შეყვანილი.

ამავე დროს, საქართველოში ბევრ ადამიანს სჯერა, რომ თავისუფალი ბაზარი და მხოლოდ თავისუფალი ბაზარი (იმ ფორმით, როგორითაც ისინი მას განსაზღვრავენ) არის ყველა პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა. ჩრდილოეთ ამერიკის და დასავლეთ ევროპის მდიდარმა სახელმწიფოებმა ახლახან სამომხმარებლო კრედიტის და საბანკო კრიზისი გამოიარეს. ისინი ახლა უკვე აცნობიერებენ, რომ საბანკო რეგულაციების გაუქმებამ ბოლო ორმოცი და განსაკუთრებით, ათი წლის განმავლობაში სისტემაში რისკი წარმოქმნა. ამან კი მთელი ფინანსური სისტემა სახელმწიფო გადარჩენის იმედად დატოვა. დღეს დასავლეთში ყველა განათლებული ადამიანისთვის  სახელმწიფოს როლი ეკონომიკის რეგულირებაში ცხადზე უცხადესია.

სახელმწიფოს ის პრობლემა აქვს, რომ მისი აქტივობები არ არის გამიზნული მოგების მოსატანად და ამის გამო, ის ამ აქტივობებს ცუდად ახორციელებს. თუ გულახდილები ვიქნებით, საქართველოში სკოლები, ჯანდაცვა, საფოსტო სისტემა  ძალიან ცუდად მუშაობს. სახელმწიფომ ვერ გაამართლა, რადგან ის, უბრალოდ, ფულს ქაჩავს ბიუროკრატიაში, რომელიც დგამს რამდენიმე ნაბიჯს და რეალურად არ არსებობს ბიუროკრატიის ქმედებების ეფექტურობის ადეკვატური საზომი. საქმეს  ისიც ართულებს, რომ კომპლექსური სოციალური პროცესების ირგვლივ, მაგალითად, ჯანდაცვასა და განათლებაში არსებობს უთანხმოება თავად მისაღწევი მიზნების რაობაზე.

ის ლიბერტარიანელები, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა აქვთ, ფიქრობენ, რომ ყველაფერი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, კერძო სექტორის მიერ უკეთესად გაკეთდება. პრივატიზაციას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. თუ სახელმწიფოს მიერ წლებით კონტროლირებული პროცესი ჩაფლავდა, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც, გულახდილად რომ ვთქვათ, სხვა სექტორებში უფრო წარმატებით იმუშავებდნენ. სახელმწიფოსთვის მათი  სამსახურიდან გაშვება სირთულეებთან არის დაკავშირებული,  კერძო კომპანია კი ამ ამომრჩევლებს ისე გაათავისუფლებს, რომ პოლიტიკურ შედეგებზე არ აღელდება. ეს სისტემაში სასურველი ცვლილებების გამოსაწვევად მოსახერხებელი გზაა, მაშინაც კი, თუ ახალი სისტემა ჩავარდება, სულ მცირე, ძველი სისტემა მაინც მოშორებული გვექნება. ამასთან ერთად, პრივატიზებულ სისტემაში ფული მოძრაობს და ფული საგნების გაზომვის საიმედო ხერხია. სახელმწიფო სისტემებს ხანდახან ქმედებისეფექტურობის საზომი მექანიზმები არ აქვთ, პრივატიზებულ სისტემებს კი აქვთ.

საბჭოთა სისტემა ჩავარდა არა იმიტომ, რომ სახელმწიფო ცუდია ან ყოველთვის არაეფექტურია, არამედ იმიტომ, რომ ის დამყარებული იყო იდეოლოგიაზე. ამ ჩავარდნას ვერც იმით გავამართლებთ, რომ იდეოლოგია იყო არასწორი. ლიბერტარიანიზმიც იდეოლოგიაა და მასაც ისევე უნდა ვუყურებდეთ, როგორც ნებისმიერ სხვა იდეოლოგიას.

არის გარკვეული სფეროები, რომლებშიც სახელმწიფო უკეთესად მოქმედებს და საჭირო არ არის ამაზე შეცბუნება ან გაბრაზება. ისინი, ვინც ამას აღიარებენ, აუცილებლად  კომუნისტებად ან სოციალისტებად არ უნდა მივიჩნიოთ, ისინი, უბრალოდ, პრაქტიკულები არიან. და პრაქტიკულობა არის ერთ-ერთი ის თვისება, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მეორე თვისება, რაც საქართველოს სჭირდება, პატივისცემის გრძნობაა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ღარიბია, მართლა ზარმაცია, მაგრამ სხვებს, უბრალოდ, არ უმართლებთ. ზოგიერთი მდიდარი შრომისმოყვარე და ჭკვიანია, სხვებს, უბრალოდ, საჭირო კავშირები აქვთ ან იღბლიანები არიან. ჩვენ, ალბათ, ყველა ვიცნობთ მსგავსი ტიპის ადამიანებს. საქართველო ცდილობს, უპასუხოს მრავალ გამოწვევას, და ამ პროცესში უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი პოლიტიკური იარაღი, რომელიც მუშაობს, იქნება ეს  არასამთავრობო, სახელმწიფო თუ კერძო. პოლიტიკაში იდეოლოგია და იდეოლოგიზირებული გამართლებები  ხშირად  რეალური პრობლემების და მათი გადაჭრის გზების დასამალავად გამოიყენება. პოლიტიკას ჰყავს მოგებულები და წაგებულები, თუმცა თავად პოლიტიკა არ შეიძლება, იყოს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი. ყველა იდეოლოგია კი გარკვეულ ჯგუფებს შეურაცხყოფებს აყენებს, ამიტომ, მოდი, დავუტოვოთ ყველა იდეოლოგია ისტორიის სანაგვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^