Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ლიბერალიზმის" კრიტიკის შესახებ

30 ივლისი 2012

ვირტუალურ და რეალურ სივრცეში ამ თემაზე კამათი უკვე რამდენჯერმე მომიწია. ბოლო დროს, აღსანიშნავია ბექა ქურხულის და ირაკლი კაკაბაძის ბლოგები. იქამდე იყო მცირე დაპირისპირება ზოგიერთ ქართველ სოციალ-დემოკრატთან და ასევე, შალვა რამიშვილთან. ერთი სიტყვით, არ არსებობს საქართველოში იდეოლოგიური მიმართულება, რომელსაც „ლიბერალიზმთან“ ამ თემაზე პრეტენზია არ ჰქონოდეს. საყვედურები და კრიტიკა ისმის როგორც კონსერვატორებისგან, ისე მემარჯვენეებისგან და მემარცხენეებისგან.

პირველ რიგში, ოპონენტების არგუმენტს ჩამოვაყალიბებ: ქვეყანაში, სადაც დაჩაგრული არა უმცირესობა, არამედ უმრავლესობაა (მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ერთვება პოლიტიკაში და ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას), უმცირესობების (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და ა.შ.) უფლებებზე ყურადღების გამახვილება, უმრავლესობის პრობლემების განხილვისთვის თავის არიდებაა (მათ ვისაც ეს არგუმენტი არასდროს გამოუყენებია, ჩემი წერილი არ ეხება).

ამ არგუმენტის პირველ ნაწილს სრულიად ვიზიარებ. პრობლემები მხოლოდ მეორე ნაწილთან მაქვს.

პირველ რიგში, უმრავლესობა საკუთარ ინტერესებს ვერ გამოხატავს იმიტომ, რომ პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები დისკურსის „პოპულიზაციას“ ახდენენ. ისინი იყენებენ ეთნოშოვინისტურ, რელიგიურ ფუნდამენტალისტურ და ნაციონალისტურ რიტორიკას იმისთვის, რომ გადაფარონ მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თემები.

ამგვარ რიტორიკას მიმართავს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ხელისუფლებისთვის ნაციონალისტური და ანტირუსული რიტორიკა ხშირად საკუთარი შეცდომების მიჩქმალვისა და მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაფარვის ინსტრუმენტია. ოპოზიციის ნაწილი კი, თავის მხრივ, ეთნოშოვინისტურ და რელიგიურ რიტორიკას იყენებს იმისთვის, რომ მისი შემადგენელი ელიტური ჯგუფების რეალური ინტერესები დაფაროს და მომავალში, საკუთარი ამომრჩევლის სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნების მიმართ პასუხისმგებლობა მოიხსნას.

იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გამოხატვა შეძლოს, სწორედ ამ პოპულისტური დისკურსის დეკონსტრუქციაა საჭირო. თუ სხვადასხვა დაჩაგრული ჯგუფები ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას ვერ იგრძნობენ და ისევ ელიტების პროპაგანდის მსხვერპლად დარჩებიან, შეუძლებელია რეალურ ემანსიპაციაზე საუბარი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის თეზისი, რომ ვიღაც უმცირესობათა უფლებებზე საუბრით, უმრავლესობის წინაშე მდგარ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს თავს ვარიდებთ, ერთმნიშვნელოვნად მცდარია.

ჩვენს საჯარო დისკურსს უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრავს არა პრინციპები, არამედ ხისტი ძალა. მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში მყოფი ხალხის რელიგიური და ნაციონალისტური შეხედულებების ექსპლუატაციით, პოლიტიკური ელიტები ცდილობენ იოლი ძალაუფლების მოპოვებას და მღვრიე წყალში თევზების დაჭერას.

ცნობილია იმის უამრავი ისტორიული მაგალითი, თუ სადამდე მიიყვანა კაცობრიობა  ეკონომიკურ კრიზისში ელიტების მიერ მასების ბნელი ინსტიქტებით სარგებლობამ. ისიც ცნობილია, რომ ადამიანები არ არიან აპრიორი ბოროტებისგან მიდრეკილნი და ხშირად მათ ცნობიერებასა და ქმედებებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობები განსაზღვრავს.

დღეს ჩვენ გვჭირდება სრულიად განსხვავებული ემანსიპაციის დისკურსი, რომლისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება და თავისუფლებისა და თანასწორობის კეთილშობილი იდეალების ქადაგება.

ამგვარი დისკურსი უკვე არსებობს სოციალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის სახით, რომელიც ჯერჯერობით, საქართველოში სუსტად არის გამოხატული. მის განვითარებას ხელს შევუწყობთ არა „ლიბერალების“ და უმცირესობების დამცველების კრიტიკითა და ლანძღვით, არამედ უმრავლესობისთვის იმის ახსნით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საზოგადოება დამყარებული იყოს სამართლიანობასა და თანასწორობაზე და ყველა დაჩაგრული და ნაკლებპრივილეგირებული ჯგუფის ინტერესი თანაბრად იყოს გამოხატული.

ეს არ არის მარტივი საქმე, რადგან განსაკუთრებით არაპოპულარულს გაგვხდის ხელისუფლების, ბიზნეს ელიტების, ინტელიგენციის, ზოგიერთი რელიგიური ჯგუფების თვალში.  მათ პოზიციას დღეს სამწუხაროდ იზიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი ბუნებრივად მიდრეკილია თავისუფლებისკენ და როდესაც თავისუფლების გემოს გაიგებს, უკან მონობაში აღარ დაბრუნდება.

ცვლილებების მოსახდენად არსებობს ორი გზა: პირველი არსებული განწყობების და რეაქციული იდეოლოგიების გამოყენება და ხელისუფლების კოსმეტიკური ცვლილება და მეორე, სოციალური უფლებებისთვის ბრძოლა, უბრალო მოქალაქეების პოლიტიკაში მონაწილეობის წახალისება და თანასწორობისა და სამართლიანობის იდეების გავრცელება.

იმის ნაცვლად, რომ „ლიბერალების“ კრიტიკითა და ნეგატიული რიტორიკით რეაქციონერების იდეოლოგია გავალიძლიეროთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ პოზიტიური რიტორიკა ჩამოვაყალიბობოთ და საკუთარი პრინციპულობის მაგალითზე, ვანახოთ ხალხს, რომ თვისობრივი (!) ცვლილება შესაძლებელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ივნისი
21 ივნისი

გზავნილი მთვარეს

„შეშლილის წერილების“ მონოვერსია მუსიკისა და დრამის თეატრში შეიძლება ათობით საჭირო თუ არასავალდებულო მიზეზი& ...
19 ივნისი
19 ივნისი

იგი წავა და სხვა მოვა...

ბავშვობაში თუ ვინმე ფერს კარგავდა, სუნთქვა უჭირდა და სიკვდილის ჩაბღაუჭებულ კლანჭებს გრძნობდა, აუცილებლად რუსეთში გააქანე ...
17 ივნისი
17 ივნისი

რატომ გვეხება ღირსების მარში ყველას?

ფოტო: ვახო ქარელი 14 ივნისს სამსახურიდან გამოსვლის წინ ფეისბუქზე ინფორმაცია ვნახე, ფრაიდის გუნდი აქციას მართავდა კ ...

მეტი

^