Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო -"გმირთა მოედანი"

27 აგვისტო 2012

რაც თავი მახსოვს, გმირთა მოედანთან ვცხოვრობ. ჩემი სახლიდან ხუთიოდე წუთია საჭირო, რათა იქ ჩახვიდე. პატარა რომ ვიყავი, გმირთა მოედანი ზოოპარკთან და ცირკთან ასოცირდებოდა. თუ იქ ჩავიდოდით, ესე იგი დიდი შანსი იყო, რომ მე და ჩემი და ცხოველების გვერდით აღმოვჩენილიყავით. ალბათ, ამიტომაც იყო, 1970-80-იან წლებში ვარაზის ხევის ასახვევთან არსებულ ერთი ბეწო ბაღს მაიმუნების პარკი რომ შევარქვით. კიროვის პარკი (მაშინ ვერის ჯერ კიდევ არ ერქვა) ან სხვა მსგავსი რომ მოგვბეზრდებოდა ხოლმე, მშობლებს ვეხვეწებოდით, მაიმუნების პარკში წაგვიყვანეთო! თუ ვინმე გაიგონებდა, უკვირდა, სადაა ეს მაიმუნების პარკიო, და ჩვენც გაკვირვებულები ვუხსნიდით, როგორ არ იცით, აი, გმირთა მოედანთანაა, ზოოპარკის მეორე მხარესო...

მოკლედ, ალბათ მიხვდით, ეს რა ადგილია: ის, სადაც ახლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაცემულ გმირთა უკვდავსაყოფად მარადიული ცეცხლი ანთია და ცივა თუ ცხელა, ქარი ქრის თუ ყინავს, ქართველი ჯარისკაცები გაჩიჩინებულები, მარიონეტებივით დგანან იქ და ამ ომებში მხოლოდ საქართველოს მხრიდან გარდაცვლილებს ვიღაცის აზრით ამით პატივს სცემენ. 

ამასწინათ მე და ჩემი მეგობარი ამოვდიოდით გმირთა მოედნიდან ზემოთ, ჩემი სახლისკენ და რომ გახედა ამ საცოდავად გაშეშებულ ჯარისკაცებს, თავისთვის ჩაილაპარაკა: რა ტყუილა აყურყუტებენ საათობით აქ, ლოცვების კრებული მაინც მისცენ ხელში, გარდაცვლილების სულთა მოსახსენიებლად რომ იკითხონო. მათთვისაც უკეთესი იქნება და იმათთვისაც, ვისაც ვითომ უნდათ, პატივი მიაგონ ომში დაღუპულებს ამ სულელური რიტუალითო.

ეს მარადიული ცეცხლი საკმაოდ კაი ხანია უკვე ანთია იმ გმირთა მოედანზე, რომელსაც ეს სახელი საბჭოთა კავშირის პირველი გმირების, გემი "ჩელუსკინის" ეკიპაჟის გადამრჩენი მფრინავების პატივსაცემად ეწოდა 1934 წელს. მაგრამ კონტექსტი იცვლება - გმირების აუცილებლობა კი რჩება. ამიტომაც გარდაიქმნა გმირი "ჩელუსკინელების" მოედანი სხვა გმირების მოედნად.

მარადიულ ცეცხლს კი "ყველაზე მაღალი" მემორიალი მოჰყვა:

„გმირთა მოედანზე 26 მაისს თბილისში ყველაზე მაღალი მემორიალი გაიხსნება, სადაც საქართველოს გასაბჭოებიდან დღემდე რუსეთის წინააღმდეგ დაღუპულ გმირთა სახელები და გვარები იქნება ამოტვიფრული.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორიალი ლითონის კონსტრუქციისა და ორგანული მინის კოშკს წარმოადგენს, რომელიც ესპანელმა დიზაინერმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა.

მემორიალის სიმაღლე 48 მეტრია და ის თბილისში ყველაზე მაღალი მემორიალი იქნება. მემორიალი 1918 წელს დაღუპული იუნკრების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. მეომართა სახელები ამოტვიფრული იქნება ორგანულ მინაზე, რომლითაც ეს კოშკი არის აგებული.

გმირთა საუკუნოდ უკვდავსაყოფად მემორიალის ძირში განთავსდება კაფსულა, რომელშიც ჩაიდება სპეციალური ქაღალდი გმირთა სახელებით. კონსტრუქცია დაახლოებით 260 ტონას იწონის. მონუმენტი გათვლილია და გაუძლებს 9-ბალიან მიწისძვრას და ძლიერ ქარებს. მემორიალზე მთლიანად 3 500-მდე ადამიანის სახელი და გვარი ამოიტვიფრება.“

ეს 2011 წლის ინფორმაციაა.

დღეს უკვე ყველამ იცის ეს სვეტი. 

სვეტი, რომელიც ყველას, ბოდიში და, თვალში ეჩხირება.

რომელიც ციმციმებს და ბრჭყვიალებს!

სვეტის მერე კი სულ სხვა სამუშაოები დაიწყო: 21-ე საუკუნის, მომავლის ესტაკადების მშენებლობა!

აი, აქ დავიჭირე უცებ საოცარი მსგავსება ყბადაღებულ ფროიდის მოდელთან: ანუ "იგი“-სთან, "მე"-სთან და "ზე-მე"-სთან. სხვანაირად რომ ვთქვათ: ქვეცნობიერთან, ცნობიერთან და ზეცნობიერთან.

ეს პარალელი გროტესკულია (თუ ტრაგიკულია), მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ზუსტია.

გმირთა მოედანს, რაც თავი მახსოვს, აქვს თავისი ქვეცნობიერი: აყროლებული მიწისქვეშა გასასვლელები. ძალიან მწარედ მახსოვს ეს მიწისქვეშა გასასვლელები. სასტიკ 90-იან წლებში, ერთხელ ძლივს ორი კაპიკი გავაკეთე, რამდენიმე ათეული დოლარის სახით მომცეს, გამოვედი სახლიდან, ჩავუყევი კოსტავას (უკვე არა ლენინის) ქუჩას და ვფიქრობ, სადგურზე წავიდე, სადაც საუკეთესო კურსია, მაგრამ იმ ქვეცნობიერში გამომიჭირეს და მთელი ის ფული ამადღლიზეს.

მაგრამ ამის გამო არ გეგონოთ გაღიზიანებული. ეს უბრალოდ ისე მოგიყევით: მთავარი ისაა, რომ დღეს გმირთა მოედანმა ფროიდის მთელი სტრუქტურა გაიმეორა:

დაბლა ქვეცნობიერია - აქოთებული, აუტანელი; ზედაპირზე - კვლავაც გმირთა მოედანი; ზემოთ კი ფანტაზია, მომავალი, ის, რაც თითქოს გვინდა და გვჯერა კიდეც - ესტაკადები, რომლებიც 21-ე საუკუნეში გვაგრიალებენ! 

აი, რა მოხდა იმ ცეცხლთან რამდენიმე წლის წინათ - წაიკითხეთ პრეზიდენტის კომენტარი: 

"ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდში, თბილისის ცენტრში გმირთა უკვდავსაყოფად მემორიალი შეიქმნა, რომელიც ყველა ქვეყანაში უწმინდესია. ანთია მარადიული ცეცხლი. ბოლო პერიოდში მემორიალთან 6 კაცი მივიდა, ესენი იყვნენ ჯარისკაცები. მათ საქართველოს ძველი დროშა თავზე დაიფარეს, (რომელიც ოფიციალურად საქართველოს დროშა აღარ არის) დადგეს საწოლები, გამოაფინეს საცვლები და მოშარდეს მარადიულ ცეცხლთან. ყოველივე ამის შემდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიება თურმე პოლიტიკური ფორმაა.", – განაცხადა სააკაშვილმა.

გმირთა მოედანზე ყველგან შარდავენ, ბატონო პრეზიდენტო! სადაც მოუხელთდებათ, ყველგან! მარადიული ცეცხლის გვერდით, მიწისქვეშა გასასვლელთან რომ უნდა გავიარო ხოლმე, ჯიბიდან ცხვირსახოცს ვიღებ, სახეზე ვიფარებ და ვცდილობ, 30-40 წამი მაინც არ ვისუნთქო. და მე ორ-სამ დღეში ერთხელ მაინც მიწევს მანდ გავლა და ეგ ამბავი ჩემზე უკეთ თითქმის არავინ იცის!

არადა, იცით, ეს რა ადგილია? შევეშვათ გმირებს. თუ თბილისი დედაქალაქია საქართველოსი, ამ ქალაქში ცენტრის ცენტრი გმირთა მოედანია. აქედან მიდიხარ ვაკეშიც, ვერაზეც, საბურთალოზეც, პლეხანოვზეც. ერთნაირად ახლოს ხარ ყველა უბანთან. თავისუფლების მოედანიც კი არაა რეალურად ისეთი ცენტრი, როგორც გმირთა მოედანი: სადაც ფსამენ, პატივს მიაგებენ გმირებს და მომავალსაც აშენებენ.

არადა, მე მაინც ის ძველი გმირთა მოედანი მახსენდება, როცა მე და ჩემს დას ჩვენი მაიმუნების პარკი გვქონდა და იქ გვიყვარდა წასვლა. სინამდვილეში კი ახლა გახდა ეს სივრცე მაიმუნების, თუ სამაიმუნო, არადა, კვლავ უაზრო ომებში დაღუპული საწყალი მეომრების სახელს აკერებენ ამ მოედანს - მოედანს, სადაც ბოლო-ბოლო თერთმეტსართულიანია - ჩვენი პირველი ცათამბჯენი, სადაც 100 მეტრში ტელევიზიაა, ვარაზისხევით აუყვები და - უნივერსიტეტი, ხელმარცხნივ და - ფილარმონია, იქეთ - ცირკი, აქეთ - ზოოპარკი, ბაზარი-ვაგზალიც ყურის ძირშია... მოკლედ, გმირთა მოედანია საქართველო, და ალბათ რაკი საქართველოა, ამიტომაც ხდება ასე: რომ ფსამენ, პატივს მიაგებენ გმირებს და  გაურკვეველ დიად მომავალს აშენებენ...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...

მეტი

^