Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამშვიდობება წარსულთან: სიმართლის, სამართლიანობისა და შერიგების კომისია (სსშ)

05 ოქტომბერი 2012

დღეს გავრცელდა ცნობა, რომ “ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლების გადაბარების გეგმის შესამუშავებლად ერთმანეთს ხვდებიან. იმაზე, თუ რამდენად ისტორიული იქნება საქართველოში ძალაუფლების რეალური ცვლილება დემოკრატიული საშუალებებით, აღარ დავწერ. ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა, ჩემი აზრით, ზედმეტად საზეიმო ტონშიც კი.

ამჯერად, მოკლედ მინდა გავცე პასუხი ერთ კითხვას, რომელიც საქართველოს და მისი ხელისუფლებას მალე გამოწვევად ექცევა: როგორ უნდა გაუსწოროს საქართჳელომ თვალი წარსულს? რა წესებით უნდა მიუდგეს საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი სიბოროტისა და სიკეთის გარჩევას? ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს სიმართლის, სამართლიანობის და შერიგების (სსშ) კომისია.

უკვე გაისმა მოწოდებები წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების და დამნაშავეთა დასჯასთან დაკავშირებით. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი სააკაშვილის და მისი ძალოვანი მინისტრების დასჯას. მეორე ჯგუფი ითხოვს რამდენიმე კონკრეტული, მათი აზრით უკანონოდ დასჯილი პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. ამასობაში გაისმა შევარდნაძის ჩინოვნიკების, ასლან აბაშიძის და ლევან მამალაძის განცხადებები ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ცალკეული ადამიანები ასევე მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს რეჟიმის მსხვრეპლების გამოვლენა და მათთვის ზარალის ანაზღაურება რაიმე ფორმით. იურისტები მიუთითებენ, რომ შეუძლებელია იმ მოსამართლეთა კორპუსთან მუშაობა, რომელიც მათ წინაშე მყოფ განსასაჯელთა 99%ს უპირობოდ ციხეში უშვებდა. 

უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებითაც გამოითქვა, რომ ორი პარტიას წარმომადგენელთა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორი მიდგომა უნდა ჩამოაყალიბოს ახალმა ხელისუფლებამ ამ მოთხოვნების მიმართ, ისე რომ ამ მიდგომას არ ჰქონდეს ის შერჩევითობის ელფერი, როგორც შევარდნაძის რეჟიმის მემკვიდრეობის მიმართ ნაციონალური მოძრაობის მიდგომას ჰქონდა? 

“ქართულმა ოცნებამ”  უნდა გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც იქნება არა მხოლოდ მიმართული საკუთარი ამომრჩევლის დასაკმაყოფილებლად, არამედ ჩამოაყალიბებს წყალგამყოფს მომავლის საქართველოსა და ძალადობრივი მმართველობის ისტორიას შორის.

ამ სირთულეებთან გამკლავების საშუალებაა სიმართლის, სამართლიანობის და შერიგების კომისია (სსშ), შექმნილი საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე პირებისაგან, რომელიც კვლევის ან გამოძიების შემდეგ ჩამოაყალიბებს და საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ შესთავაზებს წარსულთან დამოკიდებულების სიღრმისეულ პოლიტიკას. ეს კომისია, რომელსაც მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ექნება მაღალი ლეგიტიმურობა და საზოგადოებრივი ნდობა, საუკეთესო საშუალება იქნება ჩამოაცილოს მომავალ პროცესებს პოლიტიკურობისა და შურისძიების ელფერი. კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის წევრები, თუმცა ნეიტრალურობის მოთხოვნა არარეალურია. უმთავრესია, რომ მის წევრებს ახასიათებდეთ სამართლიანობის  განცდა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მათი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობიდან ვლინდება. გავიხსენოთ, რომ სახელგანთქმული სამხრეთ აფრიკული შერიგების კომისიის ხელმძღვანელი იყო დესმონდ ტუტუ, აპართეიდის რეჟიმის მიერ რეპრესირებული სამღვდელო პირი.

კომისიამ საჯარო მოსმენების საშუალებით უნდა დაადგინოს მოვლენათა ის ჯაჭვი, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლება დემოკრატიულიად არჩეული ხელისუფლებიდან ძალადობაზე დამყარებულ რეჟიმად გადააქცია. ამავე დროს, ეს კომისია, ისტორიული სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, დაადგენს და ხელისუფლებას შესთავაზებს, წარსულში ჩადენილ ქმედებათაგან რომელი იმსახურებს კომპენსირებას. რაც მთავარია, კომისია იქნება საშუალება, რომ მოქალაქეებს გაუჩნდეთ სამართლიანობის აღსრულების განცდა და შერჩევითი სამართლის პრაქტიკა საქართველოს ისტორიას ჩაბარდეს.

ასეთი გამოწვევა ხელისუფლების ცვლილების დროს მრავალ სხვა ქვეყანაში ყოფილა. სამხრეთ აფრიკაში და არგენტინაში, მათ შორის, წარსულში ჩადენილ დანაშაულებთან გამკლავებისათვის შეიქმენა სპეციალური ორგანოები. შედარებით ადვილია ამ ისტორიული გამოცილდების მალევე გაზიარება და კომისიის სტუქტურის საქართველოს ისტორიული თავისებურებებისათვის მორგება. ესპანეთში, მეორე მხრივ, ფრანკოს რეჟიმის ცვლილების დროს, ასეთ პროცესს ადგილი არ ჰქონია. 

ამნისტია გამოცხადდა როგორც ფრანკოს რეჟიმის წევრების, ასევე მის მიერ დაპატიმრებული მსხვრპლების მიმართ. თუმცა, დღემდე, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ესპანურ საზოგადოებაში მიმდინარეობს კამათი იმ ათასობით ადამიანთა შესახებ, რომელიც ფრანკოს მმართველობამ შეიწირა და რომელთა ბედი მხოლოდ ისტორიას ჩაბარდა.

ძალადობრივ წარსულთან გასამკლავებლად უფრო მეტია საჭირო, ვიდრე კონკრეტული პირების დაკავება ან მათ ხელშეუხებლად გამოცხადება. ერთხელ და სამუდამოდ, ქართული საზოგადოება, მისთვის სანდრო ადამიანების საშუალებით საჯაროდ და მკაფიოდ უნდა დაემშვიდობოს ამ წარსულს. ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც წარსულთან დამოკიდებულება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მაგივრად ისტორიული სამართლიანობის პრინციპს დაეფუძნება.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^