Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაციონალური ლიბერალიზმის თავისებურებანი

01 ნოემბერი 2013

"ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენ და ხშირად მოგვწყურებია გამორკვევა მიზეზისა, უფრო იმიტომ, რომ ეს არევ-დარევა აზრებისა, ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმოწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში.

ეს ადვილი მისახვედრიც არის: სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში, საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღეს-აქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონ-დაუწონველად. ჩვენში, გაიგებენ თუ არა ალია მომკვდარაო, იმას აღარ დაეძებენ, მართლა მომკვდარა თუ არა, და თუ მომკვდარა, რომელი ალიაა. საკმაოა მხოლოდ ყური მოჰკრას ”ჰოსა”თუ ”არას”, და გათავდა საქმე, ყოველს სასაცილობას წამოიყრანტალებენ გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა, ახალი მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა."

ილია ჭავჭავაძე. „უარმყოფელობა ჩვენში“

 

როცა ვინმე სერიოზულად მიმტკიცებდა, რომ ეს ხელისუფლება ცდილობს (ან თუნდაც ოდესმე ცდილობდა) საზოგადოებაში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას და ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას, ერთხანს ამას ისე ვღებულობდი, როგორც ჩემი ინტელექტის შეურაცხყოფას. მოგვიანებით მივხვდი, რომ აქ ხშირ შემთხვევაში დემაგოგიასთან კი არ მაქვს საქმე, არამედ ლიბერალიზმის ერთობ თავისებურ გაგებასთან.

არაადამიანური ლიბერალიზმიანუ ლიბერალიზმი ადამიანის გარეშე

ლიბერალიზმი, გინდ მემარცხენე იყოს, გინდ მემარჯვენე, ის მოძღვრებაა, რომელიც უპირველეს ღირებულებად პიროვნების თავისუფლებას მიიჩნევს. ლიბერალი კი ის ადამიანი, რომელიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს, ანუ პიროვნების თავისუფლებას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე სხვა ამქვეყნიურ სიკეთეს. პიროვნების პატივი და ღირსება, მისი უფლებები და თავისუფლებები, ლიბერალიზმის, როგორც ღირებულებათა სისტემის მთავარი ღერძია. სხვა ყველაფერი არის მხოლოდ დეტალები და აქსესუარები. ზოგი უფრო მნიშვნელოვანი, ზოგი ნაკლებად, მაგრამ არცერთი მათგანი არ "მუშაობს" ამ ღერძის გარეშე.

ეს კი ასეა და წყალი არ გაუვა, მაგრამ ძალიამ ბევრი ადამიანი რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლიბერალურ ღირებულებებთან, როგორც წესი, სწორედ ამ ღერძს ვერ ხედავს და ლიბერალური ღირებულებების მთელი სისტემა დაჰყავს დეტალებსა და აქსესუარებამდე. ის რაც უმთავრესია, ის, რაც ამ დეტალებასა და აქსესუარებს ამუშავებს, მის თვალსაწიერში ფაქტობრივად განდევნილია სისტემიდან.

ასეთი ლიბერალი სერიოზულად წუხს იმაზე, რომ ხალხი ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად ადარდებს ან სულ არ ადარდებს, საპროტესტო მიტინგის მონაწილეს თუ გადაცმული პოლიციელები „დაუპადიეზდენ“, ასეთი ლიბერალი აღშფოთებულია ვიღაც ბანდიტი რომ ანაფორით დადის, მაგრამ არ ენაღვლება, რომ არანაკლები ბანდიტი უზის პარლამენტში და ა. შ. თვით ისეთ გახმაურებულ შემთხვევაშიც კი, როგორიცაა ვთქვათ, გირგვლიანის საქმე, ზოგიერთ ლიბერალს ოპოზიციის მიერ ამ ფაქტზე აპელირება უფრო აღიზიანებს, ვიდრე თავად ფაქტი.

თითქოსდა ეს არ არის ნორმალური, მაგრამ რეალობაა.

რეალობაა იმიტომ, რომ ამგვარი ლიბერალის ღირებულებათა სისტემაში პიროვნება კი არ არის ცენტრალური ფიგურა, არამედ ისეთი ზოგადი კონსტრუქტები, როგორიცაა, მაგალითად სეკულარობა ან ე. წ. "ქურდული გაგების" დისკრედიტაცია. არადა ეს ყველაფერი კონკრეტული პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების, მისი პატივისა და ღირსების კონტექსტის გარეშე უფრო ღირებულებების სუროგატს წარმოადგენს. ის არ არის "ნამდვილი." ლიბერალიზმი ადამიანის გარეშე საერთოდ არ არის ლიბერალიზმი.

მთლად ჰაერზე ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, საილუსტრაციოდ გთავაზობთ ფრაგმენტს სახელისუფლო ლიბერალების ერთ–ერთი ცნობილი წარმომადგენლის, ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის სტატიიდან (გაზ. 24 საათი. 14 იანვარი. 2008 წ.)

„საქართველოში საშუალო ფენის წარმომადგენელთა არც თუ ისე მცირე რიცხვი, რომლის ბირთვს ინტელექტუალები შეადგენენ, სააკაშვილის წინააღმდეგია. მიზეზი კი მარტივია - ვარდების რევოლუციის დროს ისინი სააკაშვილისგან არ ელოდნენ არც ეკონომიკურ სასწაულს, არც ქვეყნის უსაფრთხოების რეალური სისტემების შექმნას, არც განათლების სისტემის კორუფციისაგან გაწმენდას და არც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. მათი მოლოდინი იყო კეთილი და გულწრფელი პრეზიდენტი, რომელიც მთელ თავის დროს ადამიანის უფლებების დაცვას და ამ საკითხზე სხვადასხვა აზრის მოსმენას დაუთმობდა. სასწაული, რომელსაც ქართველი ინტელექტუალები ელოდებოდნენ, არ მოხდა - მივიღეთ არა კეთილი და მზრუნველი პრეზიდენტი, ეგრეთწოდებული - შევარდნაძის სრული ანტიპოდი, არამედ სრულიად სხვა ხელისუფლება, რომლის გამოცდილებაც მანამდე არ გვქონია და რომელიც ყველაზე უფრო ჰგავს ნამდვილ ხელისუფლებას, მათ შორის იმ გადაცდომებითა და დარღვევებით, რომელიც იმ ხელისუფლებას აქვს, რომელიც რეფორმებს ატარებს: ამ პროცესში ყოველთვის არ ხერხდება ადამიანის უფლებების დაცვა.“

თავი დავანებოთ იმაზე მსჯელობას, თუ რამდენად უზრუნველყო სააკაშვილის ხელისუფლებამ „ეკონომიკური სასწაული“ ან ქვეყნის უსაფრთხოება. ვინც იტყვის, რომ ამის დამწერი ლიბერალია, პირველმა იმან მესროლოს ქვა. ჯერ ერთი, სრულიად გაუგებარია, „უსაფრთხოების რეალური სისტემების შექმნის, განათლების სისტემის კორუფციისაგან გაწმენდის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების“ პროცესში რატომ ვერ უნდა ხერხდებოდეს ადამიანის უფლებების დაცვა, ან საერთოდ რა კავშირი აქვს ერთს მეორეს თუ მესამეს ლიბერალურ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან? აბსოლუტურად არავითარი! ასეთი არგუმენტები ხელისუფლების სასარგებლოდ მხოლოდ ავტორიტარიზმის მომხრემ შეიძლება მოიყვანოს და არავითარ შემთხვევაში ლიბერალმა და დემოკრატმა.

და მაინც ეს კაცი დღემდე ლიბერალად ითვლება და არა მარტო ხელისუფლების მომხრეებში.

გიგი თევზაძე ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის. ასეთები ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა არა ავტორის, არამედ მკითხველის დამოკიდებულება. მაინც რატომ ჩათვალა ქართული  საზოგადოების ერთმა ნაწილმა, რომ ეს ქმედებები ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების მცდელობად და ევროპული ტიპის დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად? ნუთუ ასეთი ძნელი დასანახი იყო, რომ ამ მიმართულებით არანაირი (არანაირი!) ქმედება არ განხორციელებულა? ნუთუ ასეთი ძნელი გასაგები იყო, რომ სასამართლოს დამორჩილებას, მედიის გაკონტროლებასა და ბიზნესის რეკეტს სრულიად საპირისპირო შედეგებამდე მივყავართ? პასუხი ამ თითქოსდა რიტორიკულ კითხვებზე საკმაოდ პარადოქსულია: დიახ!

სათავეებთან

დიახ, ძნელი იყო, რადგან ლიბერალიზმის და ლიბერალური ღირებულებების ის გაგება, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა, სულაც არ გულისხმობდა მაინც და მაინც ადამიანის უფლებების დაცვას, მასმედიის თავისუფლებას თუ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ასეთი „არაადამიანური ლიბერალიზმის“ დამკვიდრება არ მომხდარა იმის გამო, რომ ქართული ლიბერალიზმის ადეპტები უწიგნური და გონებაშეზღუდული ბრიყვები იყვნენ. სულაც არა. უბრალოდ კიდევ ერთხელ იჩინა თავი ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელმა ზედაპირულობამ და ზერელობამ. როცა პრობლემის იდენტიფიცირებისა და გააზრების ნაცვლად, ერთი კლიშე–სტერეოტიპი მექანიკურად იცვლება მისი საპირისპირო კონსტრუქტით.

აქ შეგნებულად ვარიდებ თავს დაწვრილებით მსჯელობას იმ თემაზე, თუ როგორ მკვიდრდებოდა ჩვენთან ლიბერალური მსოფლმხედველობა, რა ისტორიულ პირობებში, რა ტრადიციებს და მემკვიდრეობას ეყრდნობოდა. ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რეალურად ლიბერალური დისკურსი ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა ანტიზვიადიზმის წიაღში, ანუ ეს იყო ერთგვარი რეაქცია მითოპოეტურ ნაციონალიზმზე, რომელმაც ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ძალიან რადიკალური ხასიათი მიიღო და ფაქტობრივად ოფიციალური დოქტრინის რანგში იქნა აყვანილი.

საერთოდ  გამსახურდიას პერიოდი თვითონ იქცა ერთგვარ მითად, რომლის   მიხედვითაც  ეროვნული ზვიადი რუსეთის აგენტებმა და კრიმინალებმა ჩამოაგდეს და მთელი ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო. ამ მითმა სრულიად გადაფარა ის ისტერიული ასღვირახსნილობა, რაც მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ვლინდებოდა.  სწორედ ამ ისტერიულ ფონზე იშვა ქართული ლიბერალიზმი, როგორც ეთნოცენტრიზმისა და ერთგვარი მესიანისტური პროვინციალიზმის ალტერნატივა. იშვა ცარიელ ადგილზე, რადგან საბჭოთა პერიოდში ლიბერალური მსოფლმხედველობა პრაქტიკულად არც ქართულ  კულტურაში ფიგურირებდა და არც დისიდენტთა წრეში.

ლიბერალიზმის ის დისკურსი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მოღვაწეთა შორის ჩაისახა და თანათანობით ვითარდებოდა, ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ მთლიანად იქნა ჩახშობილი. მოხდა ტრადიციის წყვეტა და ამ ფაქტმა ღრმა კვალი დააჩნია ქართულ ლიბერალიზმს იგი მთლიანად დაეფუძნა ნეგაციას. წინა პლანზე გამოვიდა გარკვეული წარმოდგენებისა და შეხედულებებისგან გამიჯვნა, მათი უარყოფა და არა საკუთრივ ლიბერალურ ღირებულებებზე ორიენტაცია.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში ჩამოყალიბდა ლიბერალიზმის ფრიად ორიგინალური გაგება: გარკვეული ატრიბუტიკის, დამახასიათებელი ნიშნების უსისტემო ერთობა, რომელიც უფრო „საფირმო ნიშანია“, ვიდრე ღირებულებითი სისტემა, სადაც გაცილებით მეტია ემოცია, ვიდრე რაციო და რომელსაც ქვემოთ პირობითად მოვიხსენიებ, როგორც „ქართულ ლიბერალიზმს“ 

ნაციონალური ლიბერალიზმის თავისებურებანი

ქვემოთ შევეცდები ჩამოვთვალო და მოკლედ განვმარტო ის დამახასიათებელი ნიშნები, რაც მთლიანობაში ჰქმნის ქართული გაგების ლიბერალიზმს.

სკეპტიკურ-ირონიული დამოკიდებულება ქართული კულტურისა და ყოფითი ტრადიციების მიმართ 

ჭეშმარიტი ქართველი ლიბერალის აუცილებელი თვისება. შეიძლება ითქვას განმსაზღვრელიც, რადგან სხვა ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში სულაც არაა საჭირო რაიმე წარმოდგენა გქონდეს ამ კულტურაზე. 

ჩვენებური ლიბერალისთვის კრიტიკული აზროვნება უცხოა. ის მთლიანად კლიშე–სტერეოტიპებით ოპერირებს და თან სარკისებრი სიმეტრიის პრინციპით: იმას, რასაც მითოპოეტური ნაციონალიზმის მიმდევრები აიდეალებენ, ჩვენებური ლიბერალები პროვინციალიზმად და ჩამორჩენილობად მიიჩნევენ. და რახან პირველნი თითქმის ყველაფერს აიდეალებენ, მეორენიც ასევე ყველაფერს აბაიბურებენ. რაც მეტია სარკაზმი, მით მეტია ლიბერალობის ხარისხიც.

ანტიეკლესიურობა. უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იძენს ერთ–ერთი განმსაზღვრელი ატრიბუტის სტატუსს. საერთოდ ლიბერალური მსოფლმხედველობა, რომელიც ყველაზე მაღლა ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას აყენებს, რელიგიასაც პიროვნული არჩევანის კონტექსტში განიხილავს, მაგრამ ჩვენებური ლიბერალიზმი ამ არჩევანს ფაქტობრივად უარყოფს. ქართველი ლიბერალი ლამის ვალდებულია ამჟღავნებდეს მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საერთოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმართ. როდესაც ხელისუფლების მიმართ გამოითქმის „ეკლესიებს ანგრევენ,“ ტიპის ბრალდება, ამის მთქმელები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ფაქტობრივად სააკაშვილის გუნდის აგიტაციას ეწევიან ლიბერალური განწყობის საზოგადოებაში.

ეს ატრიბუტი პრაქტიკულად პირველის გაგრძელებაა, რამდენადაც მართლმადიდებლობა ტრადიციულ–ქართული კულტურული იდენტობის ნაწილადაა მიჩნეული, ანუ იმ კულტურის ნაწილად, რომელიც მოცემულობაშივე მიჩნეულია პროვინციულად და ანტილიბერალურად. ამიტომ კათოლიკობა და პროტესტანტობა, ისევე როგორც ბუდისტობა თუ მუსლიმობა ჩვენებურ ლიბერალებში არანაირ პროტესტს არ იწვევს. ქართული ლიბერალიზმი ერჩის მხოლოდ მართლმადიდებლობას და ერჩის, უპირველეს ყოვლისა, როგორც კულტურულ დომინანტს. საკუთრივ  რელიგიურ მოძღვრების შინაარსი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია.

დასავლეთიროგორც ალტერნატივა. ქართული ლიბერალიზმი პროდასავლურია არა იმდენად დასავლურ (ევროპულ) კულტურაზე ორიენტირებულობის გამო, არამედ უფრო იმიტომ, რომ „დასავლური“ „ქართულის“ ალტერნატივად აღიქმება. ქართული კულტურა ჩვენებური ლიბერალებისთვის არანაირად არ არის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. დასავლური ცივილიზაცია არის მიზანი, ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას არა ქართული ტრადიციული კულტურის ევროპულში ინტეგრაციით, არამედ მისი დაძლევით. ასეთი პროდასავლურობა არის წმინდა დესტრუქციული და რეფლექტური. თავად დასავლური კულტურის მრავალფეროვნება ჩვენებურ ლიბერალს არ აინტერესებს, ის დასავლეთს აღიქვამს საკმაოდ ნიველირებულ ჭრილში და ყოველგვარ საერთო ნიშნებსა და მსგავსებებს ავტომატურად უკუაგდებს. ამიტომაც საქართველოს ნაკლებად ადარებენ ხოლმე ვთქვათ იტალიას, საბერძნეთს ან პორტუგალიას, ანუ იმ ქვეყნებს, რომელთა ყოფითი კულტურაც უფრო ახლოსაა ქართულთან, სამაგიეროდ ანალოგიებს ავლებენ გაცილებით განსხვავებულ ამერიკასთან, ინგლისთან თუ ჰოლანდიასთან.

საერთოდ, ჩვენებური ლიბერალისთვის მნიშვნელოვანია დააფიქსიროს განსხვავება და არა მსგავსება. ის არ ეძებს შეხების წერტილებს, არამედ ეძებს გამყოფ ბარიერებს. არსებითად ქართველ ლიბერალი და ანტიდასავლელი იზოლაციონისტი ერთნაირად აღიქვამენ დასავლურ კულტურას, იმ განსხვავებით, რომ რაც იზოლაციონისტისთვის მინუსია, ლიბერალისთვის პლუსია. ორივე თვლის, რომ დასავლური და ქართული კულტურები შეუთავსებელია, ოღონდ იზოლაციონისტი შენარჩუნების მომხრეა. ლიბერალი კი ჩანაცვლების.

ელიტიზმი. „ეს ხომ ბანტუსტანია, ბანტუსტანი!“ ასე ახასიათებდა ხოლმე შინაურულ წრეში საქართველოს განსვენებული ზურაბ ჟვანია, თანამედროვე ქართული ლიბერალიზმის ერთ–ერთი დამფუძნებელი მამა,

მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა. გარკვეული დოზით ელიტურობა საერთოდ დამახასიათებელია ლიბერალებისთვის, მაგრამ ჩვენთან ცოტა სხვა შემთხვევაა. „ხალხი ბნელია“ ისეთივე ფუნდამენტური აქსიომაა ქართული ლიბერალიზმისთვის, როგორც ქართული კულტურის ჩამორჩენილობა. ერთი მეორეს ავსებს და ამაგრებს.

და რაკი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ბნელია, ის, ვინც ამ სიბნელეს ემიჯნება, ავტომატურად ხდება „პროგრესული უმცირესობის“  ელიტარული კასტის წევრი.შეიძლება ითქვას, რომ ქართული ლიბერალური საზოგადოება დღეს დაახლოებით ამდაგვარი კასტაა.

ნახეთვინ ლაპარაკობს...

და ბოლოს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ენა..

ყველაზე მნიშვნელოვანი იმ რეფლექტურობის თვალსაზრისით, რასაც ფაქტობრივად გაჰყავს ქართული ლიბერალობა რაციონალიზმის ფარგლებიდან. ეს რეფლექტურობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება გარკვეული ტიპის რიტორიკის, ფრაზეოლოგიის, სიტყვების კატეგორიულ მიუღებლობასა და, მეორეს მხრივ სპეციფიურ, “პროექტების ენაზე” მეტყველებაში.

მიუღებელი ლექსიკა, რომელიც გაიგივებულია ჩამორჩენილობასა და პროვინციალიზმთან, პირობითად შეგვიძლია გავყოთ ორ კატეგორიად: “კომუნისტურად” და “ულტრანაციონალისტურად”. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი სიტყვები და ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად, “დარგი,” “სპეციალისტი,” „ინდუსტრია“, „მშრომელი გლეხობა“, “მძიმე მრეწველობა”, “სოფლის მეურნეობა,” ხოლო მეორეს “მოძღვარი,” “ერისკაცი,” “ამაგდარი,” “სულმნათი,” “ოდითგანვე,” “ძირძველი,” “სულში ჩაფურთხება,” “ეროვნული საქმე,” “მამისტოლი კაცი,” “საქართველოს გადარჩენა” და ა. შ. არსებობს კომუნისტურ-ულტრანაციონალისტური კომბინაციებიც, მაგალითად “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს,”

ამაში არის რაღაც სიმართლე, თუმცა, ტყუილი და სიყალბე გაცილებით მეტია. სიმართლე ისაა, რომ ენა საერთოდ ცოცხალი ფენომენია და მუდმივი განახლებასა და მოდერნიზაციას განიცდის, ძველ სიტყვებსა და გრამატიკულ კონსტრუქციებს ახალი ენაცვლება და ეს ძალიან დინამიური პროცესია. ბუნებრივია, თანამედროვე ქართული ენაც იცვლება და ასახავს ახალ რეალობებს, მაგრამ აქ ამაზე არაა ლაპარაკი. ჩვენს შემთხვევაში მთავარია ის, რომ თითქოსდა ორუელის რომანიდან გადმოსული ახალი, ე. წ. „პროექტების ენა“ (ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ნინო გოგუაძეს ამ ტერმინის გამოგონებისთვის) გახდა ერთგვარი პაროლი, კოდური ნიშანი, რომლის მეშვეობითაც ჭეშმარიტი ქართველი ლიბერალები ერთმანეთს ცნობენ. ზუსტად იგივე მნიშვნელობით აღიქმება კომუნისტური თუ „ულტრანაციონალისტური“ ფრაზეოლოგია. საკმარისია ადამიანმა ვინმეზე ითქვას, ამა და ამ „დარგის სპეციალისტიაო“. ქართველ ლიბერალს მყისვე ენთება სიგნალი, რომ ამის მთქმელი მისი კასტის არ არის და მერე რა სიბრძნეც უნდა იღაღადოს, აღარ მოუსმენს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თუკი კომუნისტურ–ნიუროკრატიული და სიტყვაკაზმულ–ნაციონალისტური ფრაზეოლოგია ძალიან ხშირად გამოიყენებოდა რაღაც პრიმიტიული აზრის გასაკეთილშობილებლად და ზოგჯერ აზრის არარსებობის დასაფარადაც. პროექტების ენასაც ზუსტად იგივე ფუნქცია აქვს. საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ მაგალითს, უფრო სწორად ორს.

„და მეც მკითხველს საგანგებოდ ვთხოვ, აქედანვე დაბეჯითებით დაიმახსოვროს: „დოკუმენტური პროზა“ (ანუ „ნივთნი საქმეთანი“ მხატვრული ხელოვნებით „განშვენებულნი“) მხოლოდ ისტორიული სინამდვილის მხატვრულად გადმოცემას გულისხმობს და არა არარსებული „ისტორიის“ გამოგონებას. და ეს წიგნებიც, რომელთაც მე ჩვენი წინაპრების სულის და ფერფლის „აღდგომის წილად“ ვწერ, თავიდან ბოლომდე, გნებავთ თავისი „ნივთთა მხატვრულობით“, რეალურ-საისტორიო მეცნიერების სამსახურში დგანან. მათში თანმიმდევრული მხატვრული თხრობით გადმოიცემა ის, რაიც (ნივთნი საქმეთანი) მეცნიერებას დღემდე ძირითადად დაუდგენია და მიუკვლევია. ამიტომ მკითხველი მათ ბოლომდე უნდა ენდოს.“

ეს არის ფრაგმენტი ლევან სანიკიძის სახელგანთქმული ბესტსელერიდან „უქარქაშო ხმლები“. კომენტარები ალბათ ზედმეტია. ეჭვიც არ არის, რომ არცერთ ქართველ ლიბერალს ზემორე ფრაგმენტის გაცნობის შემდეგ ამ წიგნის წაკითხვის არანაირი სურვილი არ გაუჩნდება.

მაგრამ ქართველ ლიბერალს შეუძლია აბსოლუტურად მშვიდად წაიკითხოს გაცილებით უაზრო ტექსტი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის „პროექტების ენაზეა“ დაწერილი.

მაგალითად ასეთი:

"სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა...

სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად."

თითქოსდა ცხადზე უცხადესია, რომ მოსწავლის მიერ ახალი სულიერი ღირებულებების შექმნა სასკოლო განათლების მიზანი არანაირად არ შეიძლება იყოს. ისევე როგორც სრულიად გაუგებარია, რანაირად უნდა ისწავლოს ბავშვმა სკოლაში „ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების სწორად განსაზღვრა“.მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს ვიღაც ახირებული უვიცის ნაცოდვილარი კი არაა, არამედ ამონაწერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური საპროგრამო დოკუმენტიდან, რომელსაც ჰქვია „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.“

ეს დოკუმენტი საერთოდ შედევრია, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ქართველ ლიბერალ–ინტელექტუალებს ოდნავადაც არ ეხამუშათ ასეთი ტექსტი (რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: აზრობრივად გაცილებით უარესია, ვიდრე ლევან სანიკიძის სიტყვაკაზმული ფრაგმენტი) და ერთი კრიტიკული შენიშვნაც არავის დასცდენია. მიზეზი მარტივია: ენა არის პაროლი. ამ უაზრო პასაჟის სტილისტიკა ქართველ ლიბერალს ანიშნებს, რომ ეს ტექსტი მათი კასტის წევრის, „სწორი ტიპის“ დაწერილია. დანარჩენს კი უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა.

ბოლოთქმა

აი, ასეთი ლიბერალიზმი დამკვიდრდა საქართველოში და რა გასაკვირია, თუ ამ რეფლექსიამდე დაყვანილ მოძღვრებიდან ამოვარდა ყველაზე მთავარი: პიროვნება. ამის შემდეგ არც ისაა გასაკვირი, რომ სააკაშვილის გუნდის ისეთ ქმედებებს, რომელსაც არანაირი კავშირი ლიბერალურ ღირებულებებთან არ ჰქონდა, ბევრი  სწორედ ლიბერალურ რეფორმებად აღიქვამდა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქმედებები პროექტების ენით იყო აღწერილი და სიტყვაკაზმული ენით გაკრიტიკებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია.

არადა საკმარისია თუნდაც წმინდა თეორიულად ჩავსვათ ადამიანი ქართული ლიბერალიზმის სისტემაში, რომ მთელი სისტემა დაინგრევა. ამ შემთხვევაში ქართველ ლიბერალს მოუწევს ცოტა სხვანაირად შეხედოს საკუთარ კულტურულ იდენტობასაც, რელიგიასაც, და კიდევ ბევრ რამეს. ჩემის ღრმა რწმენით ქართველი ლიბერალების ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის არა ხალხის სიბნელე და ქართული კულტურის რეტროგრადულობა, არამედ, თავად ლიბერალიზმი, ანუ ადამიანის დაფიქსირება ლიბერალური ღირებულებების ცენტრალურ ფიგურად.

მხოლოდ ამის მერე გახდება ქართული ლიბერალიზმი არა მარტო ნამდვილი, არამედ ქმედითუნარიანიც. კარგად მესმის, რომ ნაჩვევი  კლიშეების დაძლევა ძალიან რთულია, მაგრამ სხვანაირად ქართველი ლიბერალური საზოგადოების დიდი ნაწილი უბრალოდ განწირულია მარგინალობისთვის. მარგინალური პოზიციიდან კი საზოგადოებაში ვერაფერს ვერ შეცვლი. საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ეს ღირებულებები ერის კულტურის ორგანული ნაწილი გახდება. ეს არ არის საქართველოს სპეციფიკა. ყველგან ასეა, ასე იყო და ასე იქნება. სხვა პრეცედენტი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს და არა მგონია ოდესმე მოუწიოს გახსენება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 აპრილი
11 აპრილი

ჯერ ქალებს ესროლეთ და მერე...

გამოხდა ჟამი და ოცდახუთმა ზომიერად ნაკვებმა, ზომაზე ოდნავ გაპრანჭულმა, ფიტნესგამოვლილმა, კარგად ჩაცმულ-დავარცხნილმა და კ ...
09 აპრილი
09 აპრილი

9 აპრილის ბრაზი

მე რომ ასეთი საქმეები მეკითხებოდეს, 9 აპრილს, დასვენების კი არა, დიდი შრომის დღედ გამოვაცხადებდი. თავისუფლება, შეუშრობელ ...
04 აპრილი
04 აპრილი

"საძულველი ჩვენი" - ანუ დევნილების დაუსრ ...

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ისნის რაიონში მდებარე „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ორი შენობა 1993 წელს აფხ ...

მეტი

^