Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წარუმატებელი მინისტრი საქართველოს პრემიერად

04 ნოემბერი 2013

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროცესები - ნაწინასწარმეტყველები - სცენარით წარიმართა. უსიტყვოდ მორჩილ თანაგუნდელებთან სიმბოლური და აბოსლუტურად ფორმალური მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყნის ფაქტობრივმა ლიდერმა ერთპიროვნულად, ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე დაასახელა საკუთარი მემკვიდრის ვინაობა. ბატონმა ივანიშვილმა ექსკლუზიურად დანიშნა ქართული პოლიტიკის ყველაზე გავლენიანი პირი. 

მთავრობის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის კულუარული გადაწყვეტილების საიდუმლოდ შენახვაც კი ვერ მოახერხეს. ახალი პრემიერის წარდგენამდე, ერთ-ერთ გადაცემაში შესაძლო დაწინაურების ხიბლში ჩავარდნილ ენერგეტიკის მინისტრს უნიჭოდ წამოსცდა საკუთარი პოლიტიკური ბანაკის გეგმები.

მიუხედავად ზოგიერთი სოციალური ჯგუფის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, საქართველოს მთავრობის მომავალ თავმჯდომარედ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა. მილიარდერის რჩეული შეიძლება მშვენიერი მეოჯახე, არაჩვეულებრივი მეგობარი, დავალებების კარგი შემსრულებელი და არაჩვეულებრივი მენეჯერია, მაგრამ ჩვენი ინტერესის სფეროს მისი პოლიტიკური წარსული, შესაძლებლობები და ღირებულებები უნდა წარმოადგენდეს. მოდით, შევეცადოთ მისი პოლიტიკური პორტრეტის ერთი ფრაგმენტის წარმოდგენას.

2011 წელს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენის დროს, არავინ არაფერი იცოდა ახალი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის შესახებ. შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპატრამენტის ყოფილი მოხელე კიდევ დიდხანს უცნობ ფიგურად დარჩებოდა. თუმცა საზოგადოებრივ ასპარეზზე მისი გააქტიურება, ორმა ფაქტორმა დააჩქარა. პირველად, მას საკუთარი სიმამრი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი შეეხიდა. კორუმპირებულ ჩინოვნიკად მოხსენიებული, დაპატიმრებული თამაზაშვილის მხარდაჭერისათვის მთავარი ოპოზიციური ძალა რეტროგრადობაში, ნეპოტიზმსა და შევარდნაძისეული საპოლიციო სისტემის გულშემატკივრობაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა უკვე თავად მოიხვეჭა სახელი. მოსახლეობისა და მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც „ღარიბაშვილის ხმა“ ერთ-ერთ თანაგუნდელს ათი წუთის განმავლობაში უწყვეტად აგინებს.

არჩევნებამდე გამოქვეყნებულ პროპორციულ სიაში კი მომავალმა მინისტრმა პირველივე ათეულში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. მაშინ ყველას გაახსენდა მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“, ხალხმა იგი მილიარდერის უპირობო, საყვარელ ფავორიტად აღიარა.

საზოგადოების ამგვარი შეფასება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა. ახალ მთავრობაში მომავალმა პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრის საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავა.

„ქართული ოცნების“ აპოლოგეტების აღფრთოვანების მიუხედავად, ღარიბაშვილს მაინცდამაინც წარმატებულ მინისტრად ვერ მივიჩნევთ. იგი ყოვლთვის კომპლექსების გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მგონი, მას თანამშრომელთა შორის წინამორბედის უდიდესი ავტორიტეტისა და მისი მუქი ჩრდილის ეშინოდა. შესაბამისად, პოლიციელთა გულის მოსაგებად მათი დანაშაულის მიჩქმალვაზეც არასდროს ამბობდა უარს. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ მისთვის რიგით მოქალაქეებზე მნიშვნელოვანი სამართალდამცველები იყვნენ.

გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განგაშის პირველი ზარი ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ შემოჰკრეს. დაბალი ნდობის მქონე პოლიციის უფროსი თელია უმნიშვნელო სამართალდარღვევის გამო, ძველი ტრადიციისამებრ გაუსწორდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მძღოლს. ზანტად დაწყებული გამოძიების მიმინარეობისას, საქმიდან უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება მოულოდნელად აორთქლდა. სიმართლის გარკვევის პროცესი საბოლოოდ დამუხრუჭდა, კრავივით უმანკო პოლიციელმა კი თანამდებობა უმარტივესად შეინარჩუნა. ის დღემდე პრესტიჟულ პოსტზე რჩება. მეტიც, მისი დეპარტამენტი უცხოელი სტუმრების, ტურისტების გასაგიჟებლად, ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანით („მინი კუპერებით“) მოამარაგეს.

შეუძლებელია არ გავიხსენოთ პირველი მაისის სტუდენტური დემონსტრაცია. უფორმო და მუნდირებში გამოწყობილი პოლიციელების მიერ დარბეულ მშვიდობიან, ოდნავ რომანტიულ საპროტესტო აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაური ამგვარად გამოეხმაურა: “თუ გინდათ ქაოსი, მხარი უნდა დაუჭიროთ გუშინდელ არასასიამოვნო ფორმებს. ხოლო თუ გინდათ დაწყნარებული, დამშვიდებული სახელმწიფო, უნდა იყოთ ობიექტურები და იდგეთ სიმართლის მხარეს... ძალის გადამეტებაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა“. მაშინ, ივანიშვილის ფავორიტის გამოსვლამ გერმანელი სოციალ-დემოკრატის, ოტო ველსის თავგადასავლის კვლევისას აღმოჩენილი ნაცისტური გაზეთის - „Völkischer Beobachter-ის“ - სტატიის სათაური გამახსენა: „უწესრიგობა, ქაოსი მათი (მემარცხენეთა და პროფკავშირელთა) ინიციატივაა! ობიექტური სიმართლის, მშვიდი სახელმწიფოს იდეა ჩვენს მხარესაა!“.

თუმცა, ეგ არაფერი, არაადეკვატური განცხადებები ნებისმიერმა გამოუცდელმა პოლიტიკოსმა შეიძლება გააკეთოს. ყველაზე სამწუხარო გახლავთ ის, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არც ერთი ამოცნობილი უფორმო სამართალდამცველი არ დასჯილა. საპროტესტო გამოსვლისას დაკავებული თითქმის ყველა ახალგაზრდა სასამართლომ გაამართლა, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონოდ შემზღუდავთაგან არავინ აგო შესაბამისი პასუხი.

მიუხედავად განხილული შემთხვევების სიმძიმისა, ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი ნაკლი სხვა რამ გახლავთ.

მთავრობის დაწინაურებულმა წევრმა ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური გარდაქმნის დაწყება. „ქართული ოცნება“ თავის წინასაარჩევნო დოკუმენტში გვპირდებოდა, რომ აუცილებლად განახორციელებდა შსს-ს ფუნდამენტურ რეფორმას. რეფორმის მთავარი ამოცანა ზედმეტი ძალაუფლების მქონე უწყებიდან უშიშროების სამსახურების გამოყოფა და სამინისტროში საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის (საზოგადოებრივი საბჭოს) ამოქმედება გახლდათ.

არ ვიცი, რას საქმიანობს ჩემთვის ძალიან პატივსაცემი მინისტრის მოადგილე, ამ იდეის მთავარი ავტორი ლევან იზორია, მაგრამ ფაქტია შინაგან საქმეთა სამინისტრო დღემდე მონსტრად, სახელმწიფო ძალადობაზე მონოპოლიის მქონე ერთადერთ დაწესებულებად რჩება.    

ღარიბაშვილის დაწინაურება კიდევ ერთ გარემოებაზე მიანიშნებს. ივანიშვილმა თავისი გამოცდილი და ერთგული მოსწავლის გაპრემიერებით პოლიტიკური ძალაუფლება სრულად შეინარჩუნა. ერთადერთი, რაც მან დათმო, ეს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გახლავთ.

შეიძლება უნივერსიტეტში შექმნილი უმძიმესი ვითარება, კომერციული სიხარბის გამო განადგურებისთვის განწირულ ბუნებაზე დაკვირვება, ჩემს ქალაქში გაბატონებული სიღარიბე, მასობრივი უმუშევრობა პესიმიზმისა და უსამართლო შეფასების საფუძველს მიქმნის.

ბ-ნო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო, ძალიან გთხოვთ დამიმტკიცოთ, რომ ჩემი ვარაუდები მცდარია და თქვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება, ამ დარგებისათვის დაფინანსების ზრდაა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^