Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სეკულარული რელიგიის კრახი და ფუნდამენტალიზმის ორი მხარე

06 ნოემბერი 2013

ჩემი ეს წერილი გამოძახილია დავით ზურაბიშვილის მეტად საინტერესო ბლოგზე: 'ნაციონალური ლიბერალიზმის თავისებურებანი" - http://blogs.liberali.ge/ge/blog/1837/116846/ - და სოციალ ქსელებში ამ ბოლო ხანებში გამართულ ლამისაა ხელჩართულ ბრძოლაზე ეგრეთწოდებულ 'ჰარდკორ' სეკულარისტებსა და მორწმუნეებს შორის.  

პირველ რიგში, მინდა დავეთანხმო დავით ზურაბიშვილს მისი წერილის ბევრ ნაწილში, სადაც ის ქართული ლიბერალიზმის მახასიათებელ ნიშნებს აღწერს და აღნიშნავს, რომ ჩვენთან ლიბერალიზმის იდეა ავტომატურად ყოველივე "საკუთარის" აპრიორულ უარყოფასთან ასოცირდება, რაც არ უნდა კარგი იყოს ეს "საკუთარი". ექსტრემალური ნაციონალიზმისაგან ეს ექსტრემალური ნიჰილიზმი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება - უბრალოდ, ისარს მიმართულება აქვს შეცვლილი. თუკი, ეროვნულ ტრადიციებში, ვინმეს რამე მოსწონს, ის მაშინვე ცხადდება 'ბნელად', 'გოიმად' და ხდება მისი გარიყვა-მარგინალიზება 'პრადვინუტ-ლიბერალური' წრეებიდან.
 
იგივეა მართლმადიდებლობაზეც. ქართველი ლიბერალები, ზოგადად, რელიგიის წინააღმდეგი იშვიათად არიან. მათ შორის არიან სხვა დენომინაციების თაყვანისმცემლები, ნეტარი ავგუსტინეს ფანფარონი ფანები, ანკი სულაც ისეთი იდეოლოგიური 'ქორები', რომლებიც, რამოდენიმე წლის წინ, ილიას უნივერსიტეტის წიაღში ინტერნეტ-გამოცემა 'ჯვაროსანსაც' უშვებდნენ.  ეს ერაყში საომარი კამპანიის დროს ხდებოდა - მაშინ, როცა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ნავთობის დასაპატრონებლად ახლო აღმოსავლეთში 'ჯვაროსნული ლაშქრობა' ჰქონდა გამოცხადებული. ახლა 'ჯვაროსნებმა' პროფილი შეიცვლეს და ბუშის ექსტრემისტული ნეოკონსერვატიული ლიბერალიზმიდან უფრო ტრადიციულ, კულტურული მემარცხენეებისათვის დამახასიათებელ 'იდენტობის პოლიტიკას' მიაშურეს და იქიდან დაიწყეს მართლმადიდებლობის ლანძღვა-გინება.  
 
ცხადია, ყველა სახის კრიტიკაში არის რაღაც სასარგებლო. ქართველი ლიბერალების კრიტიკულ (თუ ამას ასე შეგვიძლია ვუწოდოთ) წერილებში სასარგებლო ის არის, რომ აშკარად ჩანს, რა საშინელ დღეშია დღეს საქართველოში საგანმანათლებლო სისტემა. ეს ადამიანები, რომელთაც პრეტენზია აქვთ განათლებულობაზე, სრულიად შეუწყნარებლები არიან განსხვავებული პოზიციის მიმართაც. ერთი ჟურნალის რედაქტორი, ერთი კვირით, მონასტერში წავიდა და იქ სულიერი სიმშვიდე მოიპოვა და ამის შესახებ მკითხველს უამბო. ამის შემდეგ სასწრაფოდ გამოენთნენ 'ქართული ლიბერალიზმის მამები' და საჯაროდ დაგმეს არა მხოლოდ ეს ადამიანი, თავისთავად ფაქტიც, რომ ადამიანმა შეიძლება მართლმადიდებლურ (ხაზს ვუსვამ ქართულ მართლმადიდებლურ) მონასტერში თავი კარგად იგრძნოს. ეს ხომ ჩვენი 'სეკულარული რელიგიის' ეპისკოპოსებისათვის ანათემაა! როგორ შეიძლება, ადამიანს არამატერიალური სიამოვნების განცდა ჰქონდეს საქართველოში. აქაც საინტერესო დეტალია, რადგან ბევრი მათგანი იგივე კათოლიციზმს, რომელსაც უამრავ კარგთან ერთად, ინკვიზიციის დიდი ტრადიციაც აქვს, გაიდეალებული ვარდისფერი სათვალეებით უყურებს - ასევე ამერიკული ლინჩის წესის დამამკვიდრებელ პროტესტანტებს. ეს საინტერესო ტიპის რასიზმია - რომელიც საკუთარი ერის და იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული.
 
თუ ჩვენ საქმე იდენტობის დაძლევის სურვილთან გვაქვს - ამას რა სჯობს!  ამაზე წერს სწორედ ფრანც ფანონი თავის ნაშრომებში - კოლონიზაციისგან თავდაღწეული ერების მთავარი გამოწვევა სწორედაც რომ საკუთარი იდენტობის გადალახვა და ზოგად-ადამიანური ჰუმანისტური იდეების შესისხლხორცებააო. ეს ხომ ძალიან კარგია. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ჩვენს 'ნაციონალურ ლიბერალებს' სულაც არ აქვთ იდენტობის დაძლევა მიზნად - მათ კარგად გაცნობიერებულად აქვთ შეთვისებული 'ევროპული იდენტობა' - თანამედროვე ტექნოკრატიული კლიშე, რომელიც კულტურული იმპერიალიზმის ნიშნებს შეიცავს. ამავე კატეგორიის ხალხს 40 წლის წინ რუსული 'სვეცკი' იდენტობა ჰქონდა მომარჯვებული საკუთარი აღმატებულობის და პრივილეგირებულობის დასამტკიცებლად. ახლა კი კონიუნქტურა შეიცვალა. ყველაზე დიდი მატერიალური შესაძლებლობები სწორედაც რომ დასავლურ ტექნოკრატიულ მანქანას აქვს - ის იძლევა არა მარტო გრანტებს, არამედ დიდ ხელფასებსაც, იარაღსაც, ტრენინგებსაც და თანამედროვე 'კარიერისტული ოცნების' დაკმაყოფილების საუკეთესო საშუელებებსაც.  საბჭოთა იმპერია ისტორიას ჩაბარდა - თანამედროვე რუსეთიც ნეოლიბერალური ფსევდო-იმპერიაა, რომელსაც ავტოკრატი ოლიგარქი მართავს - ასე რომ დღევანდელი 'ოქროს სასახლე' სწორედაც რომ ვაშინგტონშია, ან ბრიუსელში.  
 
ჩვენი საზოგადოება დღეს ორ მტრულ ბანაკად არის გახლეჩილი - და ეს არ არის დაპირისპირება მიშისტებსა და ბიძინისტებს შორის.  არა. ეს არის დაპირისპირება სეკულარულ და რელიგიურ 'ქორებს'  შორის.  როგორც რელიგიური 'ქორები' ინტერპრეტირებენ ქრისტეს, მუჰამედს ან იგივე ბუდას, ასევე, 'სეკულარული ქორები' სრულიად არასწორად გადმოგვცემენ ჰუმანიზმის და იგივე ლიბერალიზმის არსს. ჰუმბოლტის ლიბერალიზმისგან ან ლოკის ლიბერალიზმისგან აღარაფერია დარჩენილი. დღეს სახეზე გვაქვს ბრძოლა დისკურსზე ბატონობისათვის ორ გააფთრებულ ჯგუფს შორის, რომელთა შორისაც არც ერთი ფიქრობს ადამიანზე - ორივე აპელირებს 'ხალხზე' და ამ ხალხში, პირველ რიგში, საკუთარ თავს და მასთან ერთად, მის კორპორატიულ, იდენტობის ჯგუფს გულისხმობს. სოციალური ქსელების შემოსვლასთან ერთად, ამ კონფრონტაციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. სახეზეა, მეორე მხარის გამუდმებული დეჰუმანიზაცია, ანუ მეორე მხარისათვის ადამიანური თვისებების წარმოდგენითი წართმევა და მისი გაიგივება 'არა-ადამიანთან'.
 
ყველა ერის ტრადიციებს, დროდადრო, განახლება და მის სამეტყველო და სამოქმედო არეალში ახალი პარადიგმების შემოსვლა სჭირდება. ასეც ხდება. მაგრამ ზოგი საზოგადოება ახალი პარადიგმის შემოქმედებით ენერგიას საკუთარ თავში პოულობს, და ზოგიც მას მხოლოდ გარეთ ეძებს. აქ ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს.
 
დღეს, საქართველოში, კოლექტიური არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს. თუ 'რელიგიური ქორები' ავტორიტეტად იმოწმებენ არა ქართველ გრიგოლ ხანძთელს, არამედ სერაფიმ სოროველს, მათი სეკულარი კოლეგებიც უცხოეთში გარბიან და ილია ჭავჭავაძეს ან ნიკო ლორთქიფანიძეს ჰაიეკით, ან მილტონ ფრიდმანით, ან უკეთეს შემთხვევაში, უინსტონ ჩერჩილით ანაცვლებენ. არც ერთი ამ უცხოელი მოღვაწის მიმართ პრინციპული სიმპათია ან ანთიპათია არ გამაჩნია - მაგრამ ზოგადად, დიდ პრობლემად მიმაჩნია, რომ ჩვენ დღეს თითქოს არ შეგვიძლია "ჩვენი ვშვათ მყოოფადი' - სულ უცხოს შევყურებთ და ეს აუციელებლად კრახით დამთავრდება, მეგობრებო. ნებისმიერმა საზოგადოებამ ახალი სიცოცხლისუნარიანი ღირებულებები და აზროვნების პარადიგმები საკუთარი წიაღში უნდა მოიძიოს - კარგია კარლ მარქსის, თუ ჟილ დელიოზის ცოდნა - მათი იდეების გამოყენებაც - არანაკლებ კარგია მაჰათმა განდი თუ აკუტაგავა - მაგრამ მთავარია, ჩვენ თუ შეგვიძლია ჩვენი მომავლის აგება?!
 
კარგი იქნებოდა, სურათი უფრო ოპტიმისტური ყოფილიყო. მაგრამ, ბევრი შრომა გვმართებს - პირველ რიგში, განათლების სფეროში, რომ ჩვენ ჩვენი კოლექტიური არასრულფასოვნების კომპლექსი მოვიშოროთ. სხვათა შორის, ამ კომპლექსის გამოხატულება იყო აგრეთვე მიშა სააკაშვილის მიერ გაცხადება, რომ ჩვენ 'უძველესი ევროპელები ვართ' (ვითომ ჩინელები ან ინდოელები, ან თუნდაც კავკასიელები რითიმე ნაკლებნი არიან ევროპელზე). ამავდროულად, მისივე მოკავშირე ნეოლიბერალების მიერ ყველაფერი 'გრუზინულის' ჩამორჩენილად და ფუჭად გამოცხდება. ეს მარტო სააკაშვილს და მის მომხრეებს არ ეხება. ეს მთელი ჩვენი საზოგადოების კოლექტიური ჭირია.  
 
მსოფლიოში განთქმულმა ლიტერატურის კრიტიკოსმა, ენათმეცნიერმა და ფილოსოფოსმა მიხაილ ბახტინმა თავისი 'პოლიფონიურობის თეორია' სწორედაც რომ ქართულ ხალხურ სიმღერაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა. დღეს ეს თეორია ბევრ სხვა სწავლებას დაედო საფუძვლად. ამ დროს კი, ჩვენი ეგრეთოწდებული ინტელექტუალური კლასი (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), ევროპული 'განმანათლებლობის' ყავლგასულ იდეებს 'ამკვიდრებს' საქართველოში. იმ იდეებს, რომელსაც კარგა ხანია თვით პროგრესული ევროპა და ამერიკა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს.  
 
დღევანდელი დღის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი დიდ დროს უთმობს "ილუმინატების იდეების| კრიტიკას და იმის წარმოჩენას, რომ სეკულარულმა რელიგიამ, მეოცე საუკუნეში, კაცობრიობას დიდი უბედურებები მოუტანა - ისეთი, როგორიცაა აუშვიცი, და ბევრი სხვა საკონცენტრაციო ბანაკი. ნაციზმის, ფაშიზმის და ბოლშევიზმის იდეები მთლიანად ამ სეკულარული რელიგიის კანონიერი შვილები იყვნენ. ცხადია, მარქსი ვერ წარმოდგენდა, რომ ბოლშევიკები ასე 'წარმატებით' დაამახინჯებდნენ მის იდეებს, ისევე, როგორც ნიცშესაც არასდროს დაესიზმრებოდა ჰიტლერი ან მუსოლინი. მაგრამ ფაქტია, რომ მეოცე საუკუნეში ილუმინატებმა დიდი კრახი განიცადეს და აგერ უკვე 30 წელია პოსტმოდერნის ფილოსოფიამ 'განმანათლებლობის' აქტიური დეკონსტრუქცია დაიწყო.  
 
იურგენ ჰაბერმასი დღევანდელ ეპოქას 'პოსტ-სეკულარულსაც' უწოდებს. დაახლოებით 30 წელია, მთელს მსოფლიოში დაბრუნდა ახალი ტიპის პოსტმოდერნული რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც არა თავისთავადი რელიგიური ფანატიზმია, არამედ სწორედ რეაქციაა სეკულარული და ათეისტური რელიგიის კრახზე. საბჭოთა კავშირის, ამ ათეისტური იმპერიის დაშლა და ჩინეთის ნელ-ნელა გაკაპიტალისტება სეკულარული რელიგიის აშკარა ჩავარდნები იყო. ამ დიდი ქვეყნების და 'დერჟავების' მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ მათ რესურსები არ ეყოთ, ან ადამიანები - უბრალოდ მათ 'იდეებს' ყავლი გაუვიდა - მათი რელიგიის თვით მათივე ცეკას მდივნებს და მთავრობის თავმჯდომარეებს აღარ სწამთ. ერთადერთი მისაღები ცხოვრების წესი მათთვის ლიბერალური კორუფცია. ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ალან ბადიუ კარგად ამბობს - "მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ნეოლიბერალურ კორუფციაში ჩაიხრჩო იდეები და იდეალები, რომლის გულისთვისაც ღირდა ცხოვრება და ღირდა სიკვდილი."
 
ჩვენი ეგრეთწოდებული 'ინტელექტუალური კლასი'  ანუ ახალი 'ლიბერალური ინტელიგენცია' კი ცდილობს, რომ ეს ყავლგასული იდეები დაამკვიდროს, როგორც ცხოვრების წესი.  როცა მთელი პროგრესული მსოფლიო მსჯელობს ვესტფალიის პრინციპების მცდარობაზე, ჩვენთან ეს ხელშეუხებელი დოგმაა. მავანნი იტყვიან, რომ ეს ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ბრალია. მაგრამ,
 
ჩემთვის გეოპოლიტიკა ინტელექტუალთა უგუნურების გამართლება ვერასდროს იქნება. მითუმეტეს, როცა ვხედავ, რომ "უბრალო" ხალხი, თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, ბევრად უკეთ ერკვევა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. მათ ამის შესახებ წაკითხული არა აქვთ, არც ჩემსავით კორნელის უნივერსიტეტში უმუშავიათ და არც ჰარვარდში უსწავლიათ გია მაისაშვილივით. მათ ინტუიტურად ესმით ცხოვრების სიბრძნე. ეს ინტუიცია იყო, რამაც ვაჟა ფშაველას 'სტუმარ-მასპინძელი' დააწერინა - მას არ ჩატარებია 'ტრენინგები ტოლერანტობის' თემაზე და არც მულტი-კულტურალიზმის კოლოკვიუმი გაუვლია. არადა, მისი ნაწერები, თავისი კოსმოპოლიტიზმით, ყველა ამ ტრენინგს ერთად აჯობებს.
 
მკითხველი უეჭველად იკითხავს: რა არის წამალი ამ ჩვენი დაპირისპირებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად? როგორ დავძლიოთ ძალადობის ეს ჯაჭვი აზროვნებაში?
ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა ერთმანეთში ადამიანები დავინახოთ და დავიწყოთ გულწრფელი დიალოგი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ოღონდ არა ერთმანეთის გინება, რაც უკვე ნორმაა სოციალურ ქსელებში.  ვეძებოთ ახალი მაცოცხლებელი პარადიგმა ჩვენი მომავლისათვის - შევქმნათ ახალი სოციალური მეწარმოების პროექტი - ოღონდ ამ პროექტში ნურც გავაფეტიშებთ და ნურც სრულიად ვუარყოფთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, რელიგიას ან ზნე-ჩვეულებებს.  ამ ტრადიციებში ბევრი კარგიც არის და თუ რამ შესაცვლელია, ამაზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, უცხოური ავტორიტეტების მოშველიების გარეშე.
 
რა თქმა უნდა, იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ უცხოური განათლების მიღება არაა საჭირო. თუნდაც ამ წერილში, მეც ბევრი უცხოელი ავტორი მომყავს და ვეყრდნობი მათ ნააზრევს.  უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ყოველივე საკუთარის ძირშივე უარყოფა ისეთივე რასიზმია, როგორც ყოველივე უცხოს კატეგორიული მიუღებლობა.  
 
დავიწყოთ ნაციონალური დიალოგი, ბევრ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, სეკულარიზმსა და რელიგიურობაზეც. დიალოგის მიზანი უნდა იყოს მარტივი და ნათელი: ვიპოვოთ ახალი პარადიგმა 21-ე საუკუნის საქართველოსთვის. ამაში რელიგიურისა არ იყოს, არც სეკულარული დოგმები დაგვეხმარება. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ 'ილუმინატის წმინდა მამების' დოგმებზე და ახალი განმანათლებლობა საკუთარ ძირებშივე მოვიძიოთ, რა თქმა უნდა, სხვების გამოცდილების გათვალისწინებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^