Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი (ნაწილი პირველი - „ქართული ოცნება“)

22 ნოემბერი 2013

საქართველომ ახალ საკონსტიტუციო რეალობაში გადაინაცვლა, სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა შერეული მოდელით ჩანაცვლდა. ამიერიდან, მინისტრთა კაბინეტისა და საკანონმდებლო ორგანოს გავლენა საგრძნობლად გაიზრდება. ნებისმიერი პარლამენტზე ორიენტირებული რეჟიმის დასაყრდენს კი ძლიერი და მყარი, სოციალურ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებული პარტიები წარმოადგენენ. ჩვენთან პოლიტიკური ორგანიზაციების იდეოლოგიებზე, მათ ღირებულებებზე იშვიათად საუბრობენ. ქართველ  პოლიტიკოსებს არ უყვართ თავიანთი მიზნების მკაფიოდ დეკლარირება. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მოდით, მაინც შევეცადოთ რთული გამოცანისათვის პასუხის მოკლედ გაცემას.

რა ტიპის პარტიები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში?

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლების ყველა ბერკეტი უკიდურესად ეკლექტური და ძალიან მრავალფეროვანი კოალიციის ხელშია თავმოყრილი. სამთავრობო ლოკომოტივს წელიწადნახევრის წინ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  წარმოადგენს. მის შემადგენლობაში ყველა „პოლიტიკური რჯულის“ ადამიანია გაერთიანებული. პარტიის წევრები ყოფილი ახალი მემარჯვენეები, ექს-კომუნისტები, სოციალისტური თუ ნაციონალისტური ჯგუფების ლიდერები არიან. შესაბამისად, ორგანიზაციის პოლიტიკური იდენტობის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია. საბოლოოდ, იგი ერთგვარ გულშემატკივართა კლუბად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, რომლის უპირატესი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტებისა და კეთილისმყოფელების კონსოლიდირება გახლავთ. დასავლური ლობის უზრუნველყოფის მიზნით კი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში გაერთიანებას ესწრაფვის. ამ შესანიშნავი ოჯახის წევრებთან მას მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს - ბიუჯეტის ზოგად პრიორიტეტად სოციალური ხარჯების გამოცხადება.

სახელისუფლებო ბანაკშივე ვაწყდებით რესპუბლიკურ პარტიასაც, რომელიც პარტნიორებთან შედარებით ყველაზე მოწესრიგებულ და თანმიმდევრულ გაერთიანებად მიიჩნევა. ოცდათხუტმეტწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფს გამოკვეთილი ღირებულებები და პოლიტიკური პრინციპები აქვს. „რესპუბლიკელები“ ძირითად ყურადღებას პიროვნულ თავისუფლებაზე, ინდივიდუალიზმზე, დაურეგულირებელ საბაზრო ეკონომიკაზე, მინიმალურ სახელმწიფოსა და მკაცრ მერიტოკრატიაზე ამახვილებენ. ისინი სამართლიანად შეგვიძლია მოვიხსენიოთ თანამედროვე ყაიდის ლიბერალურ-დემოკრატიულ ძალად. ევროპული ანალოგებისაგან ქართულ პარტიას ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი გამოარჩევს. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები „რესპუბლიკელთა“ სოციალურ ბაზას არ წარმოადგენენ, პარტიას ხშირად მხარდამჭერთა კრიტიკული მასის მობილიზებაც კი უჭირს.

კოალიციის კიდევ ერთი წევრი „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ გახლავთ. გაერთიანება პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით ძალიან ჰგავს რესპუბლიკურ პარტიას. თუმცა „თავისუფალ დემოკრატთა“ უპირველესი მახასიათებელი მსუბუქი ფორმის ავტოკრატია და მთელი აქცენტის პოპულარულ ლიდერზე გადატანა გახლავთ. ახალგაზრდა დიპლომატთა მიერ დაარსებულ ლიბერალურ ორგანიზაციაში ყველა და ყველაფერი თავდაცვის მინისტრ ალასანიას ირგვლივ ბრუნავს.

1999 წლიდან, საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მუდმივი ადგილის მოპოვებას ცდილობს პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. თავდაპირველად, გოგი თოფაძის ჯგუფი შედარებით პროგრესული იდეებით შეეცადა ამომრჩეველთა გულის მოგებას, „მრეწველები“ მსოფლიოს საფინანსო-საბაზრო ძალების ქვეყნის ეკონომიკაში უხეშ ჩარევას ეწინააღმდეგებოდნენ და კერძო ეროვნული წარმოების მხარდამჭერებად გვევლინებოდნენ. დრომ გაერთიანების რეალური მიზები ძალიან მალე გამოამჟღავნა. პარტია მისი დამფუძნებლებისთვის პირადი ბიზნესისა და მსხვილი ქონების ხელშეუხებლობის ინდულგენციად, გარანტად იქცა. თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის ავტორიტარიზმისას ეს მექანიზმიც წარუმატებელი, გამოუსადეგარი აღმოჩნდა. პოლიტიკური დივიდენდების გარეშე დარჩენილ ჯგუფს მილიარდერმა ექს-პრემიერმა ახალი სიცოცხლე შთაბერა.

ივანიშვილის გუნდის მეხუთე ელემენტს კონსერვატიული პარტია წარმოადგეს. ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე ნაციონალისტებისგან შემდგარმა ორგანიზაციამ თავისი პირვანდელი სახე მრავალი წლის წინ დაკარგა. ქართული ენის დაცვაზე, რელიგიურ და ეთნიკურ  ღირებულებებზე  კონცენტრირებულმა ძალამ თითქმის ყველა საარჩევნო ბლოკში უპრეტენზიო მონაწილეობით უკვალოდ გაფანტა უდიდესი პოტენციალი. „კონსერვატორები“ დამოუკიდებელ აქტორად აღარ აღიქმებიან.

„ქართული ოცნების“ მატარებლის ერთ-ერთი ცენტრალური ვაგონი „ეროვნული ფორუმი“ გახლავთ. პარტია ღირსეულ ადგილს დაიკავებდა ნებისმიერი კონსერვატიული ნაციონალიზმის მიმდევარი ძალის გვერდით.  აქტიური პოპულისტური რიტორიკით ჯგუფი მიზნად ისახავდა ტრადიციების, ისტორიული მოვლენების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური კავშირებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას. გაერთიანების ელექტორატს მორწმუნე მრევლი, შორეული წარსულის ნოსტალგიის მქონე მოქალაქეები წარმოადგენდნენ. საპარლამენტო მუშაობამ „ეროვნული ფორუმი“ ყოველდღიურ რუტინაში ჩაითრია, ჯგუფის ლიდერები აღარ „გვანებივრებენ“ პერმანენტული სატელევიზიო გამოსვლებით. შედეგად, პარტიაც სამთავრობო კოალიციის აბსოლუტურად ჩვეულებრივ, პასიურ წევრად ჩამოყალიბდა.

ასე რომ, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულია კონსერვატიული, ლიბერალური და ავტორიტეტზე ორიენტირებული გაერთიანებებისაგან დაკომპლექტებული არაერთგვაროვანი კოალიცია. სამთავრობო გუნდის პოლიტიკური იდეოლოგია ზედმეტად მოქნილი და ბუნდოვანია, რაც ამომრჩეველთა ხმების მაქსიმალიზაციის სურვილიდან გამომდინარეობს.

ძნელია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გაართმევენ თავს მცირერიცხოვანი, სუსტი და სწრაფი გარდაქმნისა თუ ნებისმიერ რეალობაზე მარტივად მორგების უნარის მქონე პარტიები ნახევრადსაპარლამენტო სისტემაში შესასრულებელ სამუშაოებს.

ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^