Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული მოდელი

08 იანვარი 2014

ალბათ უკვე დიდი ხანია ყველასათვის შესამჩნევი გახდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე გადაჯგუფების პროცესი. მმართველ გუნდში ორი ძირითადი ბანაკი გამოიკვეთა. პირველი პოლუსის უმთავრესი ფიგურა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გახლავთ, რომელმაც კარგად დისციპლინირებული და მონური ერთგულებით გამორჩეული პოლიტიკოსები ერთპიროვნულად მართულ ვერტიკალში გააერთიანა. საპირისპირო მხარეს პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი და მისი თანამოაზრეები დგანან. მეორე ჯგუფი უფრო ღია და თავისუფალია. კოალიციის ამ ფრთის წარმომადგენლები პრემიერის ფეოდალური ძალაუფლების დასაბალანსებლად მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზას არჩევენ. ვერ ვუარვყოფთ ისეთი მოღვაწეების არსებობასაც, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ რომელ ცენტრს დაუჭირონ მხარი.

ვეჭვობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევასთან დაკავშირებული პრობლემები კოალიციის ბანაკებს შორის დაპირისპირების ცხადი გამოხატულებაა. სავარაუდოდ, პარლამენტის ინტელექტუალურმა ბირთვმა მთავრობის მეთაურთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად მოახერხა მეურვეთა დანიშვნის პროცესის წარმართვა. შედეგად ღარიბაშვილის ფავორიტთა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხე შეიქმნა. პირველმა მინისტრმა კი საკუთარი პოლიტიკური გავლენის შესუსტება არ დაუშვა და საკანონმდებლო ორგანოს ხელახალი კონკურსი გამოაცხადებინა.

მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლის რისკს თავად ახალი კანონის ავტორებიც კი არ გამორიცხავდნენ. მიუხედავად ამისა, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი თქვა ტელევიზიის ადმინისტრირების ალტერნატიული პროექტების დეტალურ განხილვაზე. ფართო დისკუსიის არარსებობის შედეგებს კი უკვე დღეს ვიმკით.

უნივერსიტეტში პოლიტიკური კომუნიკაციების რამდენიმე დარგი შევისწავლე და შესაძლებლობა მქონდა საჯარო მედიის მართვის სხვადასხვა სისტემას გავცნობოდი. აქედან გამომდინარე ანტიდემოკრატიული პროცესის ფონზე სურვილი გამიჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელთა კონტინენტურ ევროპულ მოდელზე გესაუბროთ. ჩვენც ხომ ევროპის აღნიშნულ ნაწილს მივეკუთვნებით!

საჯარო ტელევიზიების პლურალისტული მოწყობის ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად სახელმწიფოს ბალანზე არსებულ გერმანულ ტელევიზია ZDF-ს მიიჩნევენ. კომპანიის საბჭო უკიდურესად მრავალფეროვანია და სხვადასხვა სეგმენტიდან შერჩეულ 77 წევრს აერთიანებს (ჩვენს შემთხვევაში, ალბათ, წევრთა რაოდენობა გაცილებით მცირე იქნება). შესაბამისად, შესაძლებელი ხდება მაუწყებლის მმართველ რგოლში საზოგადოების უმცირესი ჯგუფების წარმოდგენაც კი. 

ZDF-ის საბჭოს პირველ ნაწილი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ცენტრალური ხელისუფლება, საპარლამენტო ფრაქციები, რეგიონების მთავრობები და ადგილობრივი თვითმმართველობის კრებები ტელევიზიის მთავარ უწყებაში თავიანთ ფავორიტებს ნიშნავენ.

მედიაზე პოლიტიკური გავლენის გასაწონასწორებლად კომპანიის მმართველ ჯგუფში მრავლადაა სამოქალაქო ინსტიტუტთა წევრებიც. უპირველეს ყოვლისა, საბჭოში გამოყოფილია კვოტები ქვეყნის ყველა ძირითადი რელიგიური ორგანიზაციისთვის. გერმანელებისთვის წარმოუდგენელია პროფესიული ნიშნით ჩამოყალიბებული თავისუფალი ასოციაციების  ინტერესების უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, კომპანიის მეურვეთა შორის ვხვდებით სხვადასხვა შრომითი კონფედერაციის (პროფკავშირის), რამდენიმე ფერმერული გაერთიანების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და მასწავლებელთა, ექიმთა, პენსიონერთა თუ ვეტერანთა კავშირების მიერ არჩეულ პირებს.

ZDF-ის უმაღლეს რგოლში ცალკე ადგილები ეთმობა დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ორგანიზაციებსა და პროფესიული ეთიკის პრინციპების დამცავ  კოალიციებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში გაერთიანებული არიან მსხვილი თეატრებისა და უნივერსიტეტების, საქველმოქმედო ფონდებისა და ეკოლოგიური მოძრაობის წარმომადგენლებიც. ცხადია, „ბორდის“ მაგიდის ირგვლივ სავარძლები უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვისაც არის დაჯავშნული.

რაც მთავარია, ტელევიზიის მეურვეები რამდენიმე თემატურ კომისიად არიან დაჯგუფებულები და კომპანიის განვითარების პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებს თავდაპირველად დამოუკიდებლად განიხილავენ, შემდეგ კი საერთო კრებაზე ამტკიცებენ.

ალბათ აბსოლუტურად სამართლიანად მიმითითებთ ამ მოდელის უამრავ ნაკლოვანებასა და ფინანსური უზრუნველყოფის სირთულეებზე. მე კი გიპასუხებთ, რომ ელიტურად მართულ საჯარო ტელევიზიას რთული სისტემით მოწყობილი, მრავალფეროვანი სამეურვეო საბჭო მირჩევნია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

წმინდა ილიას ამბავი

როგორც წესი, საერთოდ არ ვეხებით და არ განვიხილავთ იმას, რასაც საკრალურ მნიშვნელობას ვანიჭებთ. „წმინდა“ ჩვენთ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

მამის ბლოგი - წერილი N5

ინგლისიდან საქართველოში რამ დაგაბრუნათ? ვერ დარჩით? - მეკითხებიან და ალბათ შენც საყვედურით გკითხავენ ხოლმე, ამიტომ მინდა ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

ხაზარაძე - დაფასთან!

ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებამ ჩვენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ველი მთლიანად დაიკავა. ...

მეტი

^