Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსიზმი და დემოკრატიის კრიზისი

15 ივლისი 2014

თერთმეტ ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელიც ერთ-ერთ ტელეარხზე მომზადებულ გადაცემას უკავშირდებოდა. ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი საკუთარ მიმართვაში აღნიშნავდა: „დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, უჭირთ დაარღვიონ დუმილი და ისაუბრონ ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ისინი განიცდიან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი“.

ალბათ, შეუძლებელია უმნიშვნელოვანესი პრობლემის ძირითადი მახასიათებლების უფრო სხარტად და სრულყოფილად გადმოცემა. საზოგადოების განვითარების გზაზე წარმოქმნილი უსერიოზულესი წინააღმდეგობის არსებობას ყველა აღიარებს. უმრავლესობა დარდობს კიდეც თანამედროვე ეპოქაში ქალთა ყოფის შესახებ. ზოგიერთები განსაკუთრებულ ისტერიულ სინანულსაც კი გამოთქვამენ დისკრიმინაციული გარემოს არსებობის გამო.

საინტერესოა, როგორ ვუპირისპირდებით ჩვენს ქვეყანაში ქალთა მუდმივი ჩაგვრის ტენდენციას???

საქართველოში ქალთა ემანსიპაციისათვის ბრძოლის რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა.

ყველაზე ხშირად სამოქალაქო აქტივისტები რომელიმე საგრანტო ორგანიზაციისაგან დაფინანსების მოპოვებისა და არაეფექტური, დუბლირებული ტრეინინგებისა თუ საჯარო განხილვების ორგანიზების გზას ირჩევენ ხოლმე. ზოგიერთები გენდერული იდენტობის შესახებ ფილოსოფიური ტრაქტატების მომზადების სტრატეგიას ამჯობინებენ, აქვეყნებენ ნაშრომებს უოლსტონკრაფტის, ფრიდანის, ბოვუარისა და სხვათა იდეების შესახებ (თან რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ თვითონ იცნობენ ამ ავტორებს და აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის ექსკლუზიურ პრივილეგიას ფლობენ). სამწუხაროდ, მსგავსი ნახევრადსამეცნიერო, არასისტემური და უთავბოლო თხზულებები თითქმის ყოველთვის ხელმიუწვდომელი ან გაუგებარია რიგითი, ყოველდღიურად ექსპლუატირებული ქალისათვის. სავარაუდოდ, ავტორები მსგავს წერილებს მხოლოდ საკუთარი პროფესიული ინტერესისათვის, სოციალური სტატუსის განმტკიცებისათვის, გართობისათვის ან თანამოაზრეთა ვიწრო წრეში წარდგენისთვის იყენებენ. თუმცა მათ გვერდით არსებობენ ფემინიზმის უმაღლესი რანგის მკვლევრები, რომლებიც საქართველოს ისტორიიდან დავიწყებული ისტორიების გაცოცხლებასა და უცნობ განმანათლებელთა ღვაწლის მნიშვნელობის დასაბუთებას ყველასათვის გასაგებ ენაზე ცდილობენ.

პარალელურად ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდნენ ფემინისტური ჯგუფები და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მიზნის მიღწევას საპროტესტო კამპანიათა დაგეგმვით ცდილობენ. საუბედუროდ, მათი მოქმედებების მიმართ მოქალაქეები მეტწილად გულგრილად არინ განწყობილები, მათი აქტივიზმი საყოველთაო სოლიდარობისა და მხარდაჭერის მოპოვებას ვერ ახერხებს. ძალიან ვბრაზდები, როდესაც სახელმწიფო კანცელარიის წინ კიბეზე მოკალათებული თსუ-ს სტუდენტის, თაკო კიკნაველიძის გამომეტყველება მახსენდება. ჩვენს თანატოლს მხოლოდ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად უწევდა ოჯახური ძალადობის შედეგად ქალთა სიკვდილიანობის ზრდის ტენდენციის გაპროტესტება.

აბსოლუტურად წარუმატებელი, ფორმალური და სრულიად ფუჭია ქალთა მონაწილეობის ხარისხის ზრდაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკაც. ხელისუფლებამ არათუ ვერ დაძლია, არამედ გააღრმავა კიდეც  გენდერული დემოკრატიის კრიზისი. დავაკვირდეთ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეზულტატებს. მმართველმა კოალიციამ ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაძლიერების მიზნით პროპორციული მანდატების ხარჯზე შეამცირა საკრებულოებში ასარჩევ მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა, განამტკიცა ნებაყოფლობითი გენდერული კვოტების ინსტიტუტი (სიაში შეყვანილი ქალთა წილის მიხედვით დაფინანსების ზრდის შესაძლებლობა), მაგრამ ხელმოსაჭიდი შედეგები მაინც ვერ მიიღო.

თუ 2010 წლის კენჭისყრის შემდეგ მუნიციპალურ დონეზე ქალ დეპუტატთა რაოდენობა  10,1% გახლდათ, დღეს აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 11,9%-ს გაუტოლდა. 12 თვითმმართველი ქალაქის ახლადარჩეულ მერებს შორის თქვენ ვერც ერთ ქალს ვერ აღმოაჩენთ. მუნიციპალიტეტთა ორმოცდაცხრამეტ გამგებელს შორის მხოლოდ თიანეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება ქალი.  ფაქტობრივად, მოსახლეობის 54% პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების ქმედებები ბერკეტების გარეშეა დარჩენილი. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ სახელისუფლებო ძალაუფლების გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა მუდმივი ჩაგვრისა და ყოველდღიური ძალადობის წინააღმდეგ. არჩევნებმა სამარცხვინო შედეგები მოგვცა.

საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სექსისტური, დისკრიმინაციული ურთიერთმიმართებები და დემოკრატიის კრიზისის უმწვავესი, სპეციფიკური ნიშნების წარმოჩენა მხოლოდ ერთ გარემოებაზე მიგვანიშნებს. ქალთა გათავისუფლებისათვის გადადგმული ქაოტური, არათანმიმდევრული ნაბიჯები პრობლემის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ჩვენი მონდომება არ არის საკმარისი. ქალებს სერიოზული, გულწრფელი, თანასწორი და ერთგული პოლიტიკური პარტნიორები სჭირდებათ.  ამ ფუნქციის საკუთარ თავზე აღება კი მხოლოდ დამოუკიდებელ მემარცხენე პარტიებს შეუძლიათ, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობენ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 სექტემბერი
13 სექტემბერი

პროგრესი, პატრიოტიზმი და „დოლია ვარავსკა ...

2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

სამყაროს დასასრული

დასასრულის დასაწყისი ყველაფერი დასრულდება. დედამიწას სულ ხუთიოდე მილიარდი წლის სიცოცხლე დარჩენია, სანამ გაფართოებული მზ ...
12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ზაზა ურუშაძემ კინოაკადემია დატოვა

„კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმ ...

მეტი

^