Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გვიქადიან ვარსკვლავები

13 დეკემბერი 2014

კარლ სეიგანმა „კოსმოსის“ ერთ-ერთ ეპიზოდში თქვა, რომ ვარსკვლავების დანახვის ორი გზა არსებობს: როგორებიც სინამდვილეში არიან და როგორებიც გვინდა რომ იყვნენ.

ეს ფრაზა ჭეშმარტი იქნება მაშინაც კი თუ მას განვაზოგადებთ.  ადამიანებს გვიყვარს ფაქტების დამახინჯება და ჩვენი ეგოისტური მოთხოვნილებებისადმი მათი მისადაგება. ჩვენ მზად ვართ უარვყოთ ყველაზე ცხადი ფაქტებიც კი,  თუკი ისინი ეწინააღმდეგება იმ გაზვიადებულ წარმოდგენებს, რაც სამყაროში საკუთარ ადგილზე გაგვაჩნია.  ასეთმა აზროვნებამ ისტორიის განმავლობაში საკმაოდ კომპლექსური იდეათა სისტემები და რელიგიები წარმოშვა. ადამიანი ხან ღვთის მიერ რჩეული უმაღლესი არსება და სამყაროს მიზანია, ხან კი  სამყარო და მასში არსებული ობიექტები რაღაც გაუგებარი მექანიზმებით ინდივიდის ბედისწერას განსაზღვრავენ.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ 2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქართველ მორწმუნეთა 61% და ათეისტთა 43 % გატაცებულია ასტროლოგიით. ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს საკითხი ყურადღების ღირსი არ არის და არაპრიორიტეტულია, მაგრამ პრობლემა გაცილებით უფრო სერიოზულია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ასტროლოგიის  პოპულარიზაცია იკავებს იმ სივრცეს, რაც წესით ნამდვილ მეცნიერებას უნდა ეთმობოდეს და ქმნის მდგომარეობას სადაც ადამიანები უბრალოდ კარგავენ ჭეშმარიტების და სიყალბის ერთმანეთისგან გარჩევის უნარს. ქრება ზღვარი მეცნიერებას და ფსევდომეცნიერებას შორის, რაც ნიშნავს უფრო მეტ სტატიას „ბრიტანელ მეცნიერებზე“ რომლებმაც კიბოს წამალი აღმოაჩინეს და საყოველთაო ექვსდღიან დაბნელებაზე, რომელიც დედამიწას ემუქრება. იქმნება პირობები,  სადაც მოსახლეობის მეცნიერული ინფორმირებულობა დაბალ დონეზეა და ადამიანები ვეღარ არჩევენ ერთმანეთისგან მეცნიერულ ცოდნას, რომელიც მოვლენებზე დაკვირვების, მათი ლოგიკური ანალიზის,  განმეორებადი კვლევის და ექსპერიმენტების  შედეგია და ფსევდომეცნიერებას, რომელიც ყოველგვარ ლოგიკურ და ემპირიულ საფუძველსაა მოკლებული.

თავს ვერ დავდებ, რომ ასტროლოგიაში სიღრმისეულად ვერკვევი, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არსებობს.  ისევე როგორც არ არის აუცილებელი  ვერკვეოდე ალქიმიაში ან ბერძნულ მითოლოგიაში, რათა დავასკვნა, რომ ზევსი და ფილოსოფიური ქვა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია.  მისტიკის და სპეკულაციის  აბსურდულობა ცოდნის პოზიციებიდან უნდა დავასაბუთოთ და არა თავად ბოდვის უფრო სიღრმისეული შესწავლით. 

ასტროლოგიის ბევრი მიმდინარეობა და ტიპი არსებობს, თითოეული მათგანის განხილვის ნაცვლად შევეცდები დავასაბუთო იმ შეხედულებების სიმცდარე, რომელზეც ყოველი მათგანია დაფუძნებული.

ასტროლოგია ამბობს, რომ ციური სხეულების განლაგება გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე და ბედისწერაზე, მათი შესწავლა კი გვაძლევს საშუალებას ავხსნათ ადამიანის პიროვნება და ვიწინასწარმეტყველოთ მისი მომავალი. წარსულში ამ სწავლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მაგრამ ფიზიკის და ასტრონომიის განვითარებასთან ერთად მან მეცნიერებებს შორის თავისი ადგილი დაკარგა.  ასტროლოგია შეიქმნა ეპოქაში, როცა ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ მზე დედამიწის გარშემო მოძრაობს, ანუ მაშინ სამყაროს აგებულების შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით.  დღეს ჩვენ ვიცით, რომ თანავარსკვლავედები წარმოსახვითი ობიექტებია, თანამედროვე ასტრონომიაში თანავარსკვლავედი ეს უბრალოდ ცის სფეროს სპეციფიკური უბანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პერსპექტივაა. ერთი თანავარსკვლავედის ვარსკვლავები ერთმანეთისგან მილიონობით სინათლის წლებით არიან დაშორებულები, ისინი არ ურთიერთქმედებენ  ფიზიკისთვის ცნობილი არცერთი ძალით, მათი ურთიერთგანლაგება კი კოსმოსის ნებისმიერი სხვა უბნიდან განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ვხედავთ ჩვენ დედამიწიდან. შეუძლებელია ამ ციურ სხეულებს შორის ერთმანეთთან ურთიერთქმედებაზე საუბარი, მათი გავლენა ჩვენს ბედისწერაზე, პიროვნებაზე, ფინანსურ თუ სექსუალურ ცხოვრებაზე კი ფიზიკის ყველა კანონის უგულებელვყოფის ტოლფასია.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მეცნიერული ჰიპოთეზა მექანიზმზე, რომლის მეშვეობითაც ვარკსკვლავები ჩვენს პიროვნებას ქმნიან, ასტროლოგიის მოყვარულები ხშირად ცდილობენ საკუთარი ჭეშმარიტება დამთხვევებით დაასაბუთონ.

ასტროლოგიის ეფექტურობაზე უამრავი მასშტაბური კვლევა არსებობს,  არცერთი მათგანი არ ადასტურებს  რაიმე ტიპის კორელაციას ზოდიაქოს ნიშნებსა და პიროვნების თვისებებს შორის. მაგალითად: გამოკვლეული იქნა წყვილები, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქორწინდებოდნენ და დადგინდა, რომ განქორწინების რაოდენობა მათ შემთხვევაში ისეთივეა როგორც სხვა წყვილებში.  ასტრონომმა როჯერ კალვერმა ერთ-ერთ თავის ექსპერიმენტში გადაწყვიტა დაედგინა კორელაცია ზოდიაქოს ნიშნებს და ისეთ ფიზიკურ ნიშანთვისებებს შორის, როგორიცაა სისხლის ჯგუფი, თმიანობა, სხეულის აგებულება და ა.შ მაგრამ ეს ექსპერიმენტიც უშედეგოდ დასრულდა.  ათასობით ადამიანს შორის  გამოკვლეული იქნა ცალკეული ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებზეც საკმაოდ ავტორიტეტული ასტროლოგები საუბრობდნენ,  კვლევამ მსგავსების არსებობა არ დაადასტურა.  გამოკვლეული იქნა 6000 - მდე ადამიანი და როგორც აღმოჩნდა სუსტი ლიდერი ქალწულების (ასტროლოგები ამტკიცებდნენ რომ ქალწულები განსაკუთრებულად სუსტი ლიდერები იყვნენ) რაოდენობა ამ თვისების მქონე სხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების რაოდენობის ტოლია. ასე, რომ    „დამთხვევები“ რომლებზეც ზოდიაქოს მოყვარულები საუბრობენ უბრალოდ არ არსებობს.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ინდივიდები ხშირად ამტკიცებენ, რომ ცალკეული პროგნოზები და თვისებები უმეტეს შემთხვევაში მართლდება. ამას მიზეზი ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებაში მდგომარეობს.  ფსიქოლოგმა ბერტრამ ფორერმა 1948 წელს ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა. მან მისცა თავის სტუდენტებს პიროვნების ტესტი, ტესტირების შემდეგ მან თითოეულ მათგანს შედეგები წარუდგინა და თხოვა მათ 5 ბალიანი სისტემით შეეფასებინათ  შედეგების აკურატულობა. სტუდენტებმა შედეგები საშუალოდ 4.26-ით შეაფასეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა,   სინამდვილეში ფსიქოლოგმა სტუდენტებს ჰოროსკოპიდან აღებული ერთი და იგივე ტექსტი დაურიგა, ტექსტი იმდენად დადებითი  და აბსტრაქტული იყო, რომ თითოეულმა სტუდენტმა ის საკუთარ თავს მიუსადაგა. 

ფორერის ექსპერიმენტი შემდეგ მრავალჯერ გამეორდა,  მაგალითად ჯეიმს რანდიმ სტუდენტებს შესაბამისი ჰოროსკოპები დაურიგა წასაკითხად, თითოეულმა მათგანმა აღწერილობის აკურატულობა ასევე მაღალი შედეგით შეაფასა. შემდეგ რანდიმ უთხრა ექსპერიმენტის მონაწილეებს რომ თავიანთი ჰოროსკოპები სხვებისთვის გადაეცათ, როგორც აღმოჩნდა ყოველ მათგანს ერთი ნიშნის ჰოროსკოპის აღწერილობა დაურიგეს.
პარაფსიქოლოგები, ასტროლოგები და სხვა თაღლითები  ამ მეთოდს ხშირად იყენებენ.

ჰოროსკოპის  ენა იმდენად ზოგადი და დადებითია, რომ ყოველი ადამიანი მარტივად მიუსადაგებს მას საკუთარ თავს.   ასევე ხშირია, რომ ადამიანი იმახსოვრებენ აღწერილობის  და პროგნოზების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც რეალობას შეესაბამება, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ თვისებათა  იმ ნაწილს რომელიც არ ემთხვევა ან იმ წინასწარმეტყველებებს რომლებიც არ ახდა.

ასტროლოგია როგორც მოძღვრება არამეცნიერული და უსაფუძვლოა, მისი კონცეფცია მთლიანად მცდარია, წინასწარმეტყველებაზე პრეტენზიები კი არ დასტურდება ემპირიულად. 

ადამიანთა უმეტესობისთვის ასტროლოგიით გატაცება სპირიტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზაა, მაგრამ არ არის აუცილებელი ეს მოთხოვნილება საუკუნეების წინანდელი აბდა-უბდით დავიკმაყოფილოთ, გადავხედოთ ასტროფიზიკის ბოლო საუკუნის აღმოჩენებს. ატომების უმეტესობა  (ჰელიუმის და წყალბადის გამოკლებით) ვარსკვლავების აფეთქების შედეგად შეიქმნა. რკინა ჩვენს სისხლში, კალციუმი ჩვენს კბილებში წარმოიქმნა ვარსკვლავში მილიარდობით წლის წინ და ტრილიონობით კილომეტრების მოშორებით.  ჰაბლის მიერ გადაღებული ფოტოების ნახვა ან თუნდაც ღამით ცის ყურება და ყოველივე ამის წარმოდგენა გაცილებით უფრო „სპირიტუალურია“ ვიდრე ის შეხედულება,რომ თითქოს ვარსკვლავებს შეუძლია შენი კარიერული წარმატება განსაზღვროს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^