Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეოთხე თაობის დილა

01 თებერვალი 2015

დილიდან ჩემი თაიმლაინი ტელეფონების ეკრანების სქრინ შოთებით გაივსო. როგორც ჩანს, დღევანდელი და მომდევნო კვირის ერთ-ერთი მთავარი თემაც სწორედ ეს იქნება, იმიტომ რომ დღეს ყველამ მეოთხე თაობის რეალობაში გავიღვიძეთ. მოკლედ, 4G ჩაირთო.

უკვე დიდი ხანია მობილური ტელეფონი მხოლოდ შეტყობინებების გასაგზავნად ან  დასარეკად აღარ გამოიყენება. თანამედროვე სმარტფონების ფუნქციები უამრავ დამატებით სერვისს გვთავაზობს. სოციალური ქსელებით ბევრი ჩვენგანი სარგებლობს, ბევრიც  ვიდეოებს უყურებს, თამაშობს, ტვირთავს ან აგზავნის დიდი ზომის ფაილებს, თუმცა ამ ყველაფრისთვის დიდი ხანია მესამე თაობის ინტერნეტის შესაძლებლობები აღარ ჰყოფნის.

4G პირველ რიგში მობილური ინტერნეტის მაღალ სიჩქარეს და ხარისხს ნიშნავს. შესაბამისად, მისი დახმარებით ნებისმიერი ვებოპერაცია გაცილებით სწრაფად სრულდება: ფოტოების, ვიდეოების თუ  დიდი მოცულობის სხვა ფაილების ატვირთვა, ჩამოტვირთვა და გაგზავნა, ვიდეოსტრიმინგი, ინფორმაციის მოძიება და ღრუბლოვანი სერვისებით სარგებლობა 3G-სთან შედარებით ბევრად ნაკლებ დროს მოითხოვს. 4G -ს შემთხვევაში ვებგვერდები წამიერად იხსნება, HD ფილმების ჩამოტვრითვა კი რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

თეორიულად მეოთხე თაობის ინტერნეტის სიჩქარე მოძრაობაში 100მბ/წმ, სტატიკურ მდგომარეობაში კი - 1 გბ/წმ. ზუსტი სიჩქარე თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ტელეფონში უფასო აპლიკაცია Speedtest ჩამოტვირთოთ და მარტივად ნახოთ. 4G წინამორბედისგან გამტარუნარიანობის გარდა, მონაცემთა გადაცემის სტაბილურობითაც განსხვავდება, ამიტომ წესით „ჭედავს“ და „არ ხსნის“ 3G წარსულში დარჩა. 

მოკლედ განსხვავება იმდენადაა თვალშისაცემი, რომ მეოთხე თაობის მობილურ ინტერნეტს DSL მოდემის ჩანაცვლება და სტაციონალური სადენიანი ინტერნეტისთვის კონკურენციის გაწევაც შეუძლია. შესაბამისად, თუ ტექნოლოგია ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება, იგი რეგიონების ინტერნეტიზაციის პროცესშიც პოზიტიურ როლს შეასრულეს. ცხადია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ადეკვატური ტარიფები და სრულყოფილი დაფარვაც იქნება.

ახლა რაც შეეხება სარგებლობას: იმისთვის, რომ მეოთხე თაობით ისიამოვნოთ, პირველ რიგში, თქვენს ტელეფონს LTE ტექნოლოგიის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ამას მარტივად, მის პარამეტრებში შეამოწმებთ, თუმცა მობილური კავშირის ქართულმა კომპანიებმა ეს სერვისი მომხმარებლებს საკუთარ ვებგვერდებზეც შესთავაზეს. აქვე შეამოწმებთ სიმბარათის მხარდაჭერასაც და  იხილავთ მეოთხე თაობის ტელეფონების ჩამონათვალს. თუ სიმბარათს LTE -ს მხარდაჭერა არ აქვს, მის გადაცვლას თქვენი ოპერატორის ოფისებში, უფასოდ შეძლებთ.

თავისთავად მეოთხე თაობის კავშირი კარგია, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბაზრისთვის, მობილური ოპერატორებისა და ზოგადად ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარებისთვის. იმდენად კარგი, რომ ნამდვილად გულდასაწყვეტია მისი დაგვიანება, თუმცა...

მახსოვს ქართველების განსაკუთრებული სიყვარული ბოლო თაობის ტექნოლოგიებისადმი, ცოტა სნობიზმიც, ცოტა მიმბაძველობაც, ცოტა „მარიაჟობაც“ და მესამე თაობის ტელეფონებზე ატეხილი აჟიოტაჟიც, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეს ტექნოლოგია უშუალოდ ინტერნეტისთვისაა განკუთვნილი და სხვა სერვისები, მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ზარები, 3G ან 2G ქსელით ხორციელდება, ამიტომ მათთვის, ვინც მხოლოდ SMS-ებს გზავნით ან რეკავთ, არაფერი იცვლება და ნუ გამოცვლით ტელეფონს მხოლოდ მოდისთვის, თუკი ახლის შესაძლებლობებით სარგებლობას არ აპირებთ.

სხვათა შორის, 4G სმარტფონი ძვირადღირებული ექსკლუზივი უკვე აღარ არის, არსებობს შედარებით ბიუჯეტური მოდელებიც, რომლებიც წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მათ კი, ვისაც დილას მობილური ტელეფონის ეკრანზე LTE ან 4G უკვე დაგხვდათ, გილოცავთ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 21-ე საუკუნის მობილური ინტერნეტის სამყაროში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^