Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მათთვის, ვინც ბუდაპეშტში მიემგზავრება

19 თებერვალი 2015

 რადგან ბუდაპეშტში წამსვლელთა რაოდენობამ იმატა, რადგან თავადაც ჩავეწერე იმ ადამიანების სიაში 70 ევროდ  „ბუდაპეშტებში“ რომ  დაფრინავს, და რადგანაც ვეჭვობ, რომ ამ ქალაქში წამსვლელთა რიცხვი სულ უფრო გაიზრდება, გადავწყვიტე შთაბეჭდილება, რომელიც გამგზავრებამდე მივიღე, ამ პოსტში მომეყოლა.

 მოკლედ, თუ ბარგი შეკრული გაქვთ, ან აპირებთ, ჯერ აქეთ შემოიხედეთ...

 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე სამარშრუტო ტაქსით თავისუფლების მოედნიდან წავედით (კომპანიას ვერ ვასახელებ, რეკლამა გამომივა). კარგი სერვისია, ბილეთს ონლაინ ყიდულობ, ორი გზა 36 ლარი ღირს, დროულად ჩადიხარ, ჩამოფრენისას გხვდება, მოყავხარ და ისევ თავისუფლების მოედანზე გტოვებს. მძღოლები მშვიდად დადიან,  იმ მძღოლებს არ ჰგვანან, ბლის კუნწულებივით რომ ახლევინებენ მგზავრებს თავებს ერთმანეთს.

 ჩავედით ქუთაისში, სამნი ვიყავით. გირჩევთ მშიერი არ წახვიდეთ ან საგზალი წაიღოთ, თორემ  იქაურ კაფეში მწირი არჩევნის წინაშე აღმოჩნდებით: გაყინული იმერული ხაჭაპური ან კრუასანი, რომელიც საბჭოთა სკოლის ბუფეტის ცნობილ  ნამცხვარს უფრო ჰგავს, ენას რომ უწოდებდნენ... მე ფასი არ გამკვირვებია:  მძღოლმა ჩასვლამდე გამოგვიცხადა: იქ ერთი ხაჭაპური 8 ლარი ღირსო.

 რეგისტრაცია დროულად დაიწყო, თუმცა თანამშრომელი გოგონა აშკარად ძალიან იბნეოდა. ჯერ იყო და ჩემი მეგობრის პასპორტში შენგენის ვიზა ვერ იპოვა, მერე ჩემს დას შეშფოთებული სახით მოახსენა, თქვენი პასპორტის ჩიპი არ მუშაობსო, რაზეც ყველანი ცოტა დავიძაბეთ.  არადა, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლიდა, უბრალოდ მას მონაცემები ხელით უნდა შეეყვანა. სხვათა შორის, იგივე ჩიპი ბუდაპეშტის აეროპორტში, რამდენიმე საათის შემდეგ წარმატებით ამუშავდა.

 გავიარეთ უსაფრთხოების კონტროლიც და  ჩასხდომას მოთმინებით დაველოდეთ. გასასვლელ კართან ხალხი ნელ-ნელა შეივსო. ჩვენ გვეცინებოდა: პირველად მივფრინავდით ადგილის გარეშე. ჰო, ასეა: ამ იაფიანი ავიარეისების ბილეთზე ადგილი არ არის მითითებული და შესაბამისად, დაჯდომაც დასწრებაზეა. ცხადია, ფეხზე არავინ რჩება, თუმცა  როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა, ასეთ დროს თვითმფრინავი  „მარშუტკა ეარლაინს“ უფრო ჰგავს, ვიდრე თვითმფრინავს. 

 ჩასხდომის დრო რომ მოვიდა, ნაცნობმა რეგისტრატორმა გოგონამ მოსაცდელ დარბაზში გადმოინაცვლა. წინა რიგებში მდგარ  მომლოდინეებს თვალი აგვარიდა და დაიძახა: პრიორიტეტები მობრძანდითო. გაოცებისგან თვალები დამეჭყიტა: VIP გამიგია, ბიზნესკლასიც გამიგია, აი, პრიორიტეტი კი მართლაც პირველად მესმოდა. თურმე როცა ბილეთს ყიდულობ, შეგიძლია, დამატებით თანხა გადაიხადო და სულ რაღაც 8 ევროდ პრიორიტეტად იქცე, ანუ ერთ-ერთი მათგანი გახდე, ვინც თვითმფრინავში პირველი ავა. როგორც მოსალოდნელი იყო, პრიორიტეტობის შესახებ ჩემსავით იქ ბევრმა გაიგო. მგზავრები შეჯგუფდნენ, უკმაყოფილო შეძახილებიც გაისმა, რეგისტრატორ გოგოს საყვედურობდნენ, ჩასხდომის დაწყებასაც საშველი არ დაადგა, მოკლედ, სიტუაცია დაიძაბა...

 ჰოდა აი ამ დაძაბულობაში, ცოტა ჩოჩქოლშიც, შიგადაშიგ ალბათ ფრენის შიშშიც ისევ ქუთაისმა გვიხსნა და სიტუაციაც განმუხტა. უცებ პატარა მაგიდაზე დადებული რაცია აჟღიალდა და  მკაფიოდ, სუფთა ქუთაისური ინტონაციით ენერგიული მოწოდება გაისმა: დეიწყეთ ჩასხდომა! ხმამ შეჯგუფებული ხალხი ჯერ დაადუმა, მერე დაძაბულ სახეებზე  ღიმილი მოჰგვარა, მერე კი ეს ღიმილი სიცილ-კისკისად უქცია.

 ვიღას ახსოვდა პრიორიტეტები...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^