Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოქსიმორონი

26 თებერვალი 2015

მე, მამუკა ლეკიაშვილი, ათეისტი ვარ. ღმერთი რომ არსებობდეს, ისიც ათეისტი იქნებოდა. „მაგრამ ღმერთი არსებობს, ამიტომ ის ათეისტია“ – ასე უკვე ფიქრობს მორწმუნე ადამიანი, თუმცა არა ნებისმიერი, არამედ ღრმად და თანმიმდევრულად მორწმუნე, რომელიც უშიშრად აცნობიერებს, კი არ გაურბის, რწმენის მიერ მასზე დაკისრებულ აუცილებლობას.  სწორედ ამას ადასტურებს მისთვის იოანეს სახარება, რადგან ჩემგან განსხვავებით ჰგონია, რომ სახარებაში ნამდვილი ამბებია აღწერილი და არა შეთხზული.                                                                                    

ამრიგად, ათეიზმი და რწმენა, ათეისტი და მორწმუნე, შესაბამისად,  წარმოსახვითი ან რეალურად არსებული ღმერთის ათეისტობაზე თანხმდებიან. მაგრამ სწორედ ეს თანხმობა საბოლოოდ და პრინციპულად შეუძლებელს ხდის ჩვენ შორის ისეთ დიალოგს, რომელიც გულახდილიც იქნება და უკომპრომისოც, თუ აზროვნება აზროვნებად დარჩა, რწმენა კი რწმენად.

სანამ ამ ყველაფრის განმარტებას და ჩვენებას შევუდგები, ვთხოვ მკითხველს, უკუაგდოს ცილი, რომელსაც ათეიზმს სწამებენ. ათეიზმი არამარტო მეცნიერების განვითარებას ეხმარება, რაც ადამიანს უაღრესად სასიკეთოდ შეუძლია გამოიყენოს თუნდაც მხოლოდ მედიცინის სახით. ათეიზმი არც დაუნდობელია. ზოგჯერ მას ინსტინქტურად უკუაგდებენ ხოლმე, რადგან გავრცელებულია შეუმოწმებელი შეხედულება, რომლის მიხედვით ათეიზმი ღმერთის არარსებობასთან ერთად აუცილებლად გულისხმობს ადამიანის სასრულობას, სიკვდილის აბსოლუტურობას. ამ მოსაზრების გამო ათეიზმი სასტიკი და დაუნდობელი ჰგონიათ, თითქოს ის უკანასკნელ იმედს ართმევდეს მას, ვისაც ძვირფასი ადამიანის სიკვდილთან შეგუება არ შეუძლია. მაგრამ ეს ცილისწამებაა, რადგან არავითარი აუცილებელი კავშირი ამ ორ იდეას შორის, კერძოდ, ღმერთის არარსებობასა და ადამიანის აბსოლუტურ სასრულობას შორის არ არსებობს. გავიხსენოთ ბუდიზმი, მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი რელიგია, რომელიც არ იცნობს და არ ცნობს ღმერთს, არ აღიარებს უფლის არსებობას, მაგრამ სრულებით მშვიდად და შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე იჯერებს სიკვდილის ფარდობით ხასიათს და ადამიანის, მისი ცნობიერების, უკვდავებას. ასევე არსებობს, სულ მცირე, ერთი დასავლური ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც მკაცრად ათეისტურია, ანუ ღმერთის თუ აბსოლუტის არსებობას გამორიცხავს, მაგრამ ადამიანის უკვდავებას არათუ უშვებს, მის დამტკიცებას ცდილობს.

მე თვითონ ყოველგვარი საიქიო და სულის უკვდავება უბრალოდ შეუძლებელი და, მეტიც, დაუშვებელი მგონია. სულის ხსენება კი მაღალფარდოვნება და უნიჭობაა ჩემი აზრით (თუ, რა თქმა უნდა, ეს სიტყვა არისტოტელეს ტრაქტატის სათაურში არაა ამოკითხული). ამის მიუხედავად, შეიძლება ოდესმე უკეთესად გავაცნო მკითხველს ღმერთის არარსებობისა და ადამიანის უკვდავების იდეების არაწინააღმდეგობრივი შეთავსების ისტორიული მაგალითები. ახლა კი სხვა საქმე მაქვს: ა) ჯერ ის ვნახოთ, რატომ უნდა იყოს ღმერთი ერთნაირად ათეისტი როგორც ურწმუნო, ასევე მორწმუნე ადამიანისთვის;  2) შემდეგ კი ისიც გავარკვიოთ, რატომ უქმნის ეს თითქოს საზიარო და შემარიგებელი იდეა სინამდვილეში საბედისწერო საფრთხეს ათეიზმისა და თეიზმის, ათეისტისა და მორწმუნის, აზროვნებისა და რწმენის ერთმანეთთან ნამდვილ და არა ფარისევლურ შეთანხმებას.

ათეისტისთვის ღმერთის ათეისტობა ნათელია. მართლაც, თუ დავუშვებთ, რომ ღმერთი არსებობს, მაშინ ამ ყოვლისშემძლე და ყველაფრისმქონე არსებას აზროვნებას ვერ ავუკრძალავთ. მას აზროვნების უნარიც უნდა ჰქონდეს აუცილებლად. მაგრამ თუ აზროვნების უნარს ფლობს და მას თანმიმდევრულად იყენებს – რის შესაძლებლობასაც ასევე ვერ ჩამოვართმევთ უფალს – ასეთ შემთხვევაში, რადგან აზროვნებს იგი მალე დაასკვნის, რომ ღმერთის არსებობას ვერასოდეს ვერაფერი დაადასტურებს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ამრიგად,  მოაზროვნე ღმერთს აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ არ არსებობს. ვაზროვნებ, ესე იგი, არ ვარსებობ! – იტყოდა ღმერთი და შეწყვეტდა არსებობას, ამოშლიდა თავის თავს მარადისობიდან, ყველა დროიდან და ყოველგვარი ადგილიდან, რისი გაკეთებაც მას, ყოვლისშემძლეს, არ გაუჭირდებოდა. როგორც ვხედავთ, მარტივი აზრობრივი ექსპერიმენტი ნათელჰყოფს, რომ პირობითად არსებული ღმერთი ათეისტია.

ვნახოთ, როგორ იმსჯელებს უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი მორწმუნე. დავუშვათ, რომ მას წარუდგინეს ღმერთის არარსებობის აბსოლუტურად სარწმუნო მტკიცებულება, რომელსაც იგი ვერაფერს დაუპირსპირებს, რადგან ამ მტკიცებულების ერთ–ერთი ინგრედიენტია მორწმუნისთვის მისივე რწმენის კოგნიტური, შემეცნებითი თვალსაზრისით სრული სიბრმავის უეჭველად ჩვენება. ასე ყოველმხრივ შევიწროებულ მორწმუნეს, რომელსაც აღარც ღმერთის არსებობის სჯერა და ვეღარც თავისი რწმენის ნდობა შეუძლია, მაინც რჩება ერთი გამოსავალი. ეს უნაკლო გამოსავალია. ღმერთის უდავოდ დამტკიცებული არარსებობა არის ღმერთის ყოვლისშემძლეობის უდიდესი დადასტურება. მხოლოდ მას, უფალ ღმერთს, ხელეწიფება სამყაროს ისე წარმოდგენა, რომ არაფერი მასში არ საჭიროებდეს შემოქმედის ზებუნებრივ ჩარევას, და ყველაფერი ისე გამოიყურებოდეს, მეტიც, ყველაფერი ისე იყოს მართლაც მოწყობილი, როგორც იქნებოდა უმკაცრესი ფიზიკალიზმის და მატერიალიზმის ჩარჩოში.

ამიტომ, როგორც ხედავთ, ამბობს ჩვენი უშიშარი მორწმუნე, ღმერთის არარსებობა არის ღმერთის ყოვლისშემძლეობის საუკეთესო, უკიდურესი დადასტურება. და თუ შენ, რწმენას მოკლებულო ათეისტო, მკითხავ – რატომ უნდა მოქცეულიყო ღმერთი ასე უცნაურად, რატომ უნდა წაეშალა მას თავისი არსებობის უმცირესი კვალიც კი მთელ სამყაროში, მე გიპასუხებ, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ესაა ღმერთის ყოვლისშემძლეობის უდიდესი დადასტურება, და ვინც ამას ვერ ხვდება, მისი რწმენა გამოცდას ვერ უძლებს. მეორე მიზეზი კი, რის გამოც ღმერთი ათეისტია – მხურვალედ განაგრძობს ჩვენს მეორე აზრობრივ ექსპერიმენტში მონაწილე მორწმუნე – მეორე მიზეზი ისაა, რომ მან უდიდესი გამოცდით დაგვაჯილდოვა ადამიანები, რადგან ღმერთის არარსებობაში დარწმუნების შემდეგ ადამიანის რწმენა უმძიმესი გამოცდის წინაშე აღმოჩნდება. ვინძლო მან გაუძლო გამოცდას და ღმერთის აბსოლუტური არარსებობის მიუხედავად რწმენა არ დაკარგა, მაშინ მას ღვთისგან ბოძებული საჩუქარი სათანადოდ მიუღია და მოუხმარია.  

ზუსტად ასე დაასაჩუქრა მამა-ღმერთმა თავისი ჯვარცმული ძე. მართლაც, იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ მომაკვდავ იესოს ბოლო სიტყვებად აღმოხდა – „უფალო, უფალო, რატომ მიმატოვე!?“ ცხადია, აქ წამებით სიკვდილისთვის გამეტება არ იგულისხმება, რადგან ჯვარცმის ამბავი გეთსიმანიის ბაღში გადაწყდა და არა გოლგოთაზე. ამიტომ მოულოდნელი მხოლოდ ის შეიძლება ყოფილიყო იესოსთვის, რომ ღმერთმა იგი მიატოვა, ანუ, თურმე, იგი საერთოდ არ არსებობს. ბოლოს კი დასძენს ჩვენი მორწმუნე – „იესომ გაუძლო გამოცდას, რაზეც მეტყველებს მისი მკვდრეთით აღდგომა!“

როგორც ცნობილია, როცა ჰიპოთეზის ემპირიულად უარყოფა პრინციპულად შეუძლებელია, ასეთი ჰიპოთეზა სარწმუნო ცოდნის წყაროდ, მეცნიერულ თეორიად, ვერ ჩაითვლება. ახლა კი აღმოჩნდა, რომ არსებობს მეორე კრიტერიუმი: თუ ჰიპოთეზამ (თეორიამ, შეხედულებამ, თვალსაზრისმა) შეიძლება შეინარჩუნოს თავდაპირველი თეორიული მნიშვნელობა იმის მიუხედავად, მისი მთავარი „საკვლევი“ საგნის ან პერსონაჟის ობიექტურად არსებობა დამტკიცდება თუ არარსებობა, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არა ჰიპოთეზასთან, არამედ მხატვრულ ნაწარმოებთან.

ვფიქრობ, ზედმეტი ახსნის გარეშეც ნათელია, რომ ათეიზმი და თეიზმი, ათეისტი და მორწმუნე, აზროვნება და რწმენა ერთმანეთს არ უნდა შეუხმატკბილდნენ, თუ თავმოყვარეობა არ დაუკარგავთ.  ათეისტი ვარ-მეთქი, ასე დავიწყე, მაგრამ მებრძოლ ათეისტად ნუ მიმიჩნევ, მკითხველო. მებრძოლი ათეიზმი ოქსიმორონია, რომელსაც სხვა რელიგიებზე გასამარჯვებლად იყენებდა კომუნიზმი, მეოცე საუკუნის მთავარი სინკრეტული სარწმუნოება. ბრძოლა და სისხლისღვრა ათეიზმისგან ისევე შორსაა, როგორც ახლოა ნებისმიერი სახელით და სიმბოლოებით შემკულ რელიგიასთან.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^