Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტი ქალი პოლიტიკაში?

11 მარტი 2015

თითქმის ათი საუკუნის განმავლობაში ჩინეთში ერთი საშინელი ტრადიცია არსებობდა. გოგონებს 3-4 წლიდან ფეხებს უხვევდნენ, მათ თითებს ისე ხრიდნენ, რომ  ფეხის გულს მაქსიმალურად დაახლოებოდა.  შედეგად ფეხი დეფორმირდებოდა. გოგონებს საშინელი ტკივილის ატანა უწევდათ.  ამ პროცედურის ხშირი შედეგი იყო განგრენა, ჩირქი, წყლულები და ხშირად სიკვდილიც.  

შესაძლოა ჩვენი გადმოსახედიდან ეს ტრადიცია ამორალური და სადისტურია, მაგრამ იმ საზოგადოებისთვის ქალის პატარა ფეხი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მათი ინტელექტი, პიროვნული თვისებები ან თუნდაც გარეგნობა. ის ვისაც დიდი ფეხები ჰქონდა, დაცინვის ობიექტი ხდებოდა. დეფორმირებული ტერფი ქალისთვის საზოგადოების ღირსეულ წევრად ყოფნის და ქორწინების ერთადერთი გზა იყო.

მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, ამ ტრადიციის წარმოშობის მიზეზი, ის არის, რომ იმპერატორს, რომელიც აკრძალულ ქალაქში საჭურისებთან და ცოლებთან (მათი რაოდენობა ხშირად 100-ს აღემატებოდა) ერთად ცხოვრობდა, სურდა დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ ყოველი შვილი, რომელსაც ქალები გააჩენდნენ, მისი იყო.  

ფეხების შეხვევა კი ქალებს გადაადგილების საშუალებას ართმევდა.

ეს ტრადიცია სასახლიდან მთელ ქვეყანაში გავრცელდა და 1950 წლამდე, მის საბოლოო აკრძალვამდე, მილიონობით ქალის დასახიჩრება შეძლო.

ჩვენს საზოგადოებაში, პატრიარქალური კულტურა ასე ღიად ქალის დამორჩილებას და მის მამაკაცის მოხმარების ნივთად ქცევას ვერ ახერხებს. თუმცა მან შეინარჩუნა ის ძირითადი ტენდენციები, რაც თავის დროზე მკვეთრად პატრიარქალურ ჩინურ კულტურას ჰქონდა.

სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში ვხვდებით ქალების მოძრაობის შეზღუდვის მცდელობებს. მათ ბავშვობიდანვე აჩვევენ, რომ უნდა იყვნენ სუსტები, ნაზები,  მოერიდონ ბრძოლას და კონკურენციაში ჩაბმას.  კვლევებს თუ დავუჯერებთ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქორწინებამდე სექსი ქალისთვის მიუღებელი და ამორალურია.   ჩვენი საზოგადოება ისე იქცევა, თითქოს ქალის ერთადერთი ფუნქცია დღესაც „იმპერატორის“  მემკვიდრის აღზრდა იყოს.

პრობლემა ის არის, რომ ასეთი კულტურა ხშირად წარმატებით ახერხებს  აქციოს ქალები ისეთებად როგორადაც წარმოუდგენია, ანუ სუსტ, თავისუფლებას მოკლებულ, მამაკაცებზე დამოკიდებულ, ფემინურობის კულტს დამორჩილებულ მონებად.

ფემინიზმის წინამორბედი მერი უოლსტონკრაფტი თავის ნაშრომში „ქალთა უფლებების დასაცავად“ წერს:

„ქალები ყველგან ამ სავალალო მდგომარეობაში არიან, რადგან მათი უმანკოების – როგორც თავაზიანად უწოდებენ უმეცრებას – შესანარჩუნებლად მათ ჭეშმარიტებას უმალავენ. ისინიც იძულებულნი არიან, უკვე მანამდე მოირგონ ხელოვნური ხასიათი, სანამ მათი უნარები გაძლიერდება. მათ ბავშვობიდან ასწავლიან, რომ სილამაზით მიიღწევა ძალაუფლება, და მათი გონებაც სხეულს ერგება. და თავის მოოქროვილ გალიაში გამომწყვდეული, მხოლოდ იმასღა ესწრაფვის, ეს საპყრობილე გაალამაზოს.

საზოგადოების ამჟამინდელი მოწყობის მიხედვით, ქალების ცხოვრებაში ერთადერთი საქმიანობა სიამოვნებაა. და სანამ ასე იქნება, არაფერს უნდა ველოდოთ ასეთი სუსტი არსებებისგან. მათ პირდაპირი მემკვიდრეობით მიიღეს ბუნების უპირველესი ნამდვილი ნაკლი, სილამაზის უზენაესობა, და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად უარი თქვეს იმ ბუნებრივ უფლებებზე, რომელთა მოპოვებაც გონების გამოყენებით შეეძლოთ; წუთიერი დედოფლობა არჩიეს შრომას, რომელიც თანასწორობიდან მომდინარე ჯანსაღ სიამოვნებათა მიღების შესაძლებლობას ქმნის“.

ეს ნაწყვეტი, კარგად შეესაბამება ჩვენს ვითარებას, სადაც ქალების, როგორც ინდივიდუალური ასევე ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მინიმუმამდეა დაყვანილი, რის გამოც მათ გაიშინაგანეს და ბრმად დაემორჩილნენ იმ სტანდარტებს, რაც მათ საზოგადოებამ დაუწესა. იმისთვის, რომ მოხდეს ქალების მამაკაცური ძალაუფლების კლანჭებისგან დახსნა, ქალების  როგორც „ინტერესთა ჯგუფის“  ჩამოყალიბება და მათ მიერ საკუთარი მონური მდგომარეობის გაცნობიერება. აუცილებელია არა გულუბრყვილო მოთხოვნა ხელოვნურად და ფორმალურად პოლიტიკურ სივრცეში მათი ინტეგრაციისა, არამედ იმ ფუნდამენტურ პრობლემებთან ბრძოლა, რომლებიც საჯარო სივრცეში გენდერული უთანასწორობის ბაზისს წარმოადგენენ.

უაზრობაა პარლამენტში იჯდეს მეტი „მანანა კობახიძე“ ვინაიდან აშკარაა, რომ ასეთი ქალები ისეთივე სენსიტიურები არიან ფემინიზმის საკითხებისადმი და ისევე იქნებიან ქალების ჩაგვრისა და ქალთა უფლებების  საკითხების მიმართ ადეკვატურები, როგორც, მაგალითად, „სოსო ჯაჭვლიანი“.

კვოტირების მიზანი ქალების, როგორც ჯგუფის სახელმწიფო პოლიტიკაზე გავლენის ქონის შესაძლებლობის არსებობაა და არა XX ქრომოსომების ქონის გამო ადამიანებისთვის დაუმსახურებელი პრივილეგიების მინიჭება.

ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ქალს ქორწინებამდელი სექსუალური აქტის გამო ქოლავენ, ზრდიან როგორც საოჯახო ტექნიკის ატრიბუტს და გაზქურის დანამატს, ართმევენ ფუნდამენტურ უფლებებს და უკარგავენ ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას.  უფრო პრიორიტეტულია ამ პრობლემებთან ბრძოლა, რომელთა მოგვარების გარდუვალი და ბუნებრივი შედეგი იქნება  მეტი ქალი პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში.  მანამ კი მოთხოვნა „მეტი ქალი პოლიტიკაში“ ისეთივე შედეგს მოიტანს, როგორსაც მოიტანდა მეთერთმეტე საუკუნის ჩინეთში ლოზუნგი “მეტი ქალი სირბილის ჩემპიონატზე“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სინდისი, აზროვნება, თავისუფლება

„9/22/2017“ კალენდარი ეკლესია არის კოლექტიური პრეზერვატივი. მასში თავშეფარებულ ადამიანებს იგი ჯგუფურად იცა ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

მესაზღვრე

ვიდრე ჩვენს თავში ერთმანეთის დახმარებით არ გამოვძებნით და გამოვზრდით საკუთარ ძალებს, მანამდე თაღლითების სამკალი იქნება ჩ ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

მგზნებარების ანა-ბანა - ინტერვიუ გია ეძ ...

(ნაწილი პირველი) მანანა გაბრიჩიძე:  25 წელზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობთ, რატომ დატოვეთ საქართველო? გია ეძგვერაძე ...

მეტი

^