Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყდრის ზარები

22 ივნისი 2015

13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წარმოთქვა სიტყვები, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა  - ეკლესიური მორწმუნეების ერთმა ნაწილმა იგი მორჩილებით მიიღო, ხოლო დანარჩენ საზოგადოებაში განსჯის საგნად იქცა. იყო რბილი პროტესტები, იყო მკვახე და უხეში შეძახილები.

როდესაც საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ასეთი ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს კომუნისტების მიერ ზოოპარკის დაარსებას ეკლესიის ზარებიდან მიღებული "აქტივებით",  რა თქმა უნდა, "საშუალო სტატისტიკური" ადამიანი, ერთგვარად უხერხულად გრძნობს თავს, რაკი ასეთი შურისმაძიებელი ღმერთი მისთვის მიუღებელია და, კაცმა რომ თქვას, ნაკლებად ჰგავს ქრისტეს იმ ხატებას, რომელსაც ხშირად სხვა კონფესიები და ათეისტებიც კი პატივს სცემენ - სიყვარულისა და სათნოების ღმერთის სახებას. მარტივი ლოგიკით გამოდის, რომ ოდესღაც, რომელიღაც პოლიტიკური დაჯგუფების მიერ ჩადენილ ქმედებას (ჯვრების ჩამოხსნას გუმბათებიდან) შესაძლოა, მოჰყვეს ქრისტეს განრისხება და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი. გამოდის, ნებისმიერი ტრაგედიის უკან შესაძლებელია, წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო დღეს აღსრულდეს ღვთის სამართალი და ამას ბავშვები, ახალგაზრდები, ბუნება, ცხოველები შეეწირნენ. არადა, ღმერთის შესახებ ასეთ წარმოდგენის მიღმა დგას არა გონიერი და სამართლიანი, არამედ სრულიად სტიქიური, "უღმერთო" ღმერთი, რადგან ასეთი შურისძიება არ ეპატიება საშუალო შეგნების ადამიანსაც კი, მით უმეტეს, რომ სისხლის აღების ბნელი და მავნე ტრადიცია უკვე დაძლეული გვაქვს, თუ ინდივიდუალურ ვენდეტებს არ მივიღებთ მხედველობაში. ეს კი, ეს ერთეული შურისძიებები ადამიანური ბუნების გამოვლინებებია და არა - საზოგადოების მიერ დამკვიდრებული ნორმა.

და თუ  ერთეული ადამიანის მიერ განხორციელებული შურისძიება მიუღებელია საზოგადოებისათვის, რატომ უნდა იყოს მისაღები რომელიმე ეკლესიის მიერ ამგვარად წარმოდგენილი ღმერთის არსი - შურისმგებელი ღმერთისა, რომელიც ძალიან ჰგავს სტიქიას, ლამის მისი ტოლფარდია, იმ განსხვავებით, რომ მის მიზეზებში ადამიანი ლოგიკას დებს და ცდილობს, სხვებიც ამ ლოგიკის დამჯერნი გახადოს.

სტიქიური ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი წარმართული ანდა ქრისტემდელი სამყაროს კუთვნილებაა, იქნება ეს შუამდინარული, ბერძნულ-რომაული პანთეონი თუ სხვ. ქრისტიანობას კი, რომელსაც ძველი აღთქმა უძღვის წინ, ახსოვს ასეთი სტიქიები, ე.წ. წარღვნის და სოდომ-გომორის სახით, რომლის დროსაც გაწყდა კაცობრიობის დიდი ნაწილი (წარღვნა) ანდა მთელი ქალაქები (სოდომი და გომორა). ძველი აღთქმის იმ წიგნებში, რომელნიც აღნიშნულ ფაქტებს გადმოგვცემენ, გატარებულია დიდაქტიკური ხაზი - თუ ადამიანები დაივიწყებენ ზნეობას, წესრიგს, მიეცემიან ლოთობას, გარყვნილებას, ღრეობას (ანუ არარაციონალურ ცხოვრებას) ღმერთი მათ სასჯელს მოუვლენს. თუმცა წარღვნის შემდეგ ძველი აღთქმის ღმერთმა კაცობრიობას აჩუქა ცისარტყელა, ნიშნად იმისა, რომ ამისთანა წარღვნას აღარასოდეს მოუვლენდა. ეს იყო პირობა და ხელშეკრულება ღმერთსა და ადამიანს შორის. სოდომ-გომორის აღგვის შემდეგ არ მიუცია ასეთი პირობა და, ალბათ, ლოგიკურადაც, გონიერმა ადამიანმა იცის, რომ თუ საზოგადოება დაივიწყებს თავის მიერვე დადგენილ მორალურ კანონებსა და ნორმებს, რაც მისსავე წესრიგს და უსაფრთხოებას განაპირობებს, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ მთელი ქვეყანა თუ ქალაქი მიწასთან გასწორდეს. თუმცა აქ მხოლოდ, ე.წ. ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს აღარ ეხება საქმე, არამედ, ზოგადად, აღვირახსნილობას, უგუნურ, უწესრიგო ქმედებებს, რაც თავისი ბუნებით ირაციონალურიც არის, ანუ ერთგვარი ანარქიაა.

ხოლო ზოგადად, თანამედროვე რაციონალური ადამიანისთვის უფრო ახლობელი და გასაგებია, თუ ნებისმიერი სტიქიური უბედურების მიღმა შურისგების ღმერთის მრისხანებას კი არ დაინახავს, არამედ ეკოლოგიური წონასწორობის რღვევის შედეგებს, იქნება ეს ტყეების ჭრა, კოსმოსური ხომალდების ბიძგები, მდინარეებისთვის კალაპოტების შეცვლა თუ სხვ. რადგან ყოველ მოვლენას მეცნიერული საფუძველიც მოეძებნება, ჩვენ კი სამეცნიერო პროგრესის ხანაში ვცხოვრობთ.

თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სამყარო არ არის მხოლოდ რაციონალური და მას აქვს, ე.წ. ირაციონალური საწყისებიც, რასაც მეცნიერება ჯერჯერობით ამოუხსნელ ფენომენებად მიიჩნევს, ხოლო, ე.წ. რელიგიური საზოგადოება, ღმერთის ნებად. ბოლოსდაბოლოს, სტიქიური უბედურებების თუ სხვა სახის კატასტროფების შედეგად ზოგჯერ ისეთი ადამიანი იღუპება, კაცი იფიქრებს, სამართალი აღსრულდაო, მაგრამ იქვე მეორე მსხვერპლსაც ვხედავთ, რომლის სიკვდილში სამართლისა და ლოგიკის მოძებნა გვიჭირს. ამ ალოგიკურ ამბებს კვლავ ირაციონალიზმში გადავყავართ და ღმერთის უხილავ ნებას ვუკავშირებთ. მით უმეტეს, ქრისტიანობა წინაპართა ცოდვებზეც ამახვილებს ყურადღებას.

ეს ყველაფერი სტიქიის შედეგების რაციონალურ თუ ირაციონალურ ახსნებთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც მე, პირადად, დავინახე პატრიარქის ქადაგების მიღმა, არის შემდეგი.

როგორც მისმა უწმინდესობამ ახსნა, სტიქიით მივიღეთ პასუხი ზოოპარკის ტერიტორიაზე მდგარი ეკლესიის გუმბათიდან ჩამოხსნილ ზარებზე. კეთილი და პატიოსანი! ეკლესიის გუმბათებიდან ზარებს ჩამოხსნის მხოლოდ ვანდალი ან მახინჯი იდეოლოგიის ქვეყანა (რომელსაც გაუკუღმართებული წარმოდგენები აქვს კულტურასა და ხელოვნებაზე, თავი რომ დავანებოთ სულიერებასა და რელიგიას), როგორიც იყო ბოლშევიკური სახელმწიფო, რომელმაც ახალი "ღმერთები" შექმნა ლენინისა თუ სტალინის სახით. ასეთი ვანდალიზმის უამრავი პრეცედენტი ვიცით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევას, კერძოდ, ამ ზარების გამოყენებას საბრძოლო ტექნიკაში, რაციონალური და კეთილშობილური საფუძველიც ჰქონდა. არ ვიცი, რამდენად უჭირდა საბჭოთა კავშირს სპილენძი, რომ ეკლესიის გადამდნარი ზარებისგან არ ეწარმოებინა ტექნიკა, მაგრამ ამ ნაბიჯს რომ იდეოლოგია უმაგრებდა ზურგს და, ამის გარდა, არც ეკლესიების ნგრევას ერიდებოდა, არც ფრესკების დაზიანებას და მღვდლების გაკრეჭვასა თუ რეპრესიებს, შესანიშნავად ვუწყით. ასე რომ, ბოლშევიკურმა რუსეთმა მრავალი მკრეხელობა ჩაიდინა უშუალოდ ეკლესიის მიმართ, მაგრამ ქრისტიანობა მხოლოდ ეკლესია და მისი ზარები ხომ არ არის?! ქრისტიანობა უპირველესად ადამიანია, გონიერი, მოაზროვნე, შეგნებული ქმედებების ადამიანი, რომელიც არის უმთავრესი ფასეულობა ჩვენს სამყაროში. ხოლო სახელმწიფო, რომელმაც აიძულა ადამიანი, ჯვრები ჩამოეხსნა, ფრესკები გადაეღება, ეკლესიები დაენგრია, ზოგადად, ადამიანის მოძულე, მისი უპრეცედენტო რეპრესიების მომწყობი სახელმწიფო იყო. ფაშისტური გერმანია თუ, გერმანული რასის გარდა, ყველა დანარჩენს სიკვდილს ან კატორღულ შრომას უმზადებდა, სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მქონე საბჭოთა კავშირი მთელ მსოფლიოს ემუქრებოდა ისეთი "ჰომოს" შექმნით, რომელსაც ყველა ფასეულობა ყირაზე უნდა ჰქონოდა დაყენებული და ნაწილობრივ ეს მოახერხა კიდეც.

ჩვენი საზოგადოების მხრიდან ხშირად ისეთ უკუღმართ შეხედულებებს ვისმენთ, რომ ცხადია, მათ უკან ისევ საბჭოთა იდეოლოგია და მისი ავადმყოფური პროპაგანდა დგას. ამ იდეოლოგიის  მიხედვით ადამიანი საწყალი არსებაა, რომელიც ზემოდან, ცენტრიდან უნდა იმართებოდეს, რადგან "იქ", ზევით, უკეთ იციან, ვის რა სჭირდება. ამ იდეოლოგიის მთავარი ნაკლი არათავისუფალი საზოგადოების შექმნა იყო, თავისუფლების მოშიში საზოგადოებისა, რომელსაც სჯეროდა, რომ ადამიანი იმდენად ნაკლულევანი არსებაა, რომ ყოველთვის მორჩილებაში უნდა გყავდეს. ხოლო ის, ვინც ამას მოაწესრიგებდა, კომუნისტური ელიტა იყო.

ეს დამოკიდებულება ნაწილობრივ შეისისხლხორცა ჩვენმა ეკლესიამ, რომელიც ბოლშევიკური იდეოლოგიის მსხვერპლია თავადაც, ამიტომ არ არის გასაკვირი, როდესაც, ე.წ. ეკლესიური ადამიანები გამოირჩევიან არა უბრალოდ მორჩილებით, არამედ მონობამდე დაყვანილი თავმოდრეკილობით. თუმცა ეკლესიის კედლებს მიღმა ისინიც ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანები არიან და ისინიც სარგებლობენ უახლესი ტექნოლოგიებით, ანუ "ეშმაკის მანქანებით", რაც რამდენადმე მოკლებულია ლოგიკას. თუ იგი ეწინააღმდეგება, ე.წ. ჩიპებს პირადობის მოწმობებში, მაშინ რატომ არ ეშინია ინტერნეტის, კომპიუტერის, ტელევიზორის, რომელთაც სულის "შერყვნა და დამახინჯება" შეუძლიათ?!

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანი და სამყარო მაინც უფრო რთული "კონსტრუქციებია", თვით უკიდურესად ტექნოლოგიზებულ ხანაშიც კი არ გასდის ყავლი არც ეკლესიას, არც რელიგიებს, კაცობრიობამ არ იცის არარელიგიური ეპოქა თავისი  არსებობის მანძილზე, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის ჰარმონიით მიიღწევა საუკეთესო შედეგები.

მეორე და უმთავრესი საკითხი კი ის არის, რომ თუნდაც რელიგიურად მივუდგეთ თემას, მაინც ჩნდება კითხვა - რა უფრო დიდი ცოდვაა, ეკლესიის ზარების ჩამოხსნა თუ ტოტალური ბეზღობა, "ჩაშვება", ცილისწამება და ამის შედეგად მიღებული მილიონობით მსხვერპლი?! რა უფრო დიდი ცოდვაა, ეკლესიის დანგრევა თუ პოლიტიკური იდეოლოგიის, ანუ კომუნიზმის სახელით ადამიანთა მთელი თაობებისა და ოჯახების განადგურება?! ნუთუ არავინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჩაიდინეს ჩვენმა წინაპრებმა, სულ რაღაც, ერთი საუკუნის მანძილზე, მით უმეტეს, ამ დანაშაულებისა და ცოდვების ავტორები ჩვენი უშუალო წინაპრები - ჩვენი პაპები იყვნენ.

ამიტომაც მიჩნდება რეალური განცდა, რომ თუ რამე ასახსნელი და მოსანანიებელი აქვს დღევანდელ საქართველოს, ეს არის ის მასობრივი რეპრესიები, რაც ჩაიდინა კომუნისტურმა პარტიამ და თუ რამის გამო უნდა აღვავლინოთ საყოველთაო წირვა, ამ პარტიის წევრთა ცოდვების მოსანანიებლად. ეგებ ვინმემ ისიც თქვას, არც პარაკლისები და სინანულებია რაციონალური ადამიანისთვის ახლობელი რიტუალები და განცდები, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობისთვის სინანული ჩვეულებრივი, ყოველდღიური განცდაა, რასაც ზნეობრივი სიჯანსაღე მოსდევს, მეორეც, ამ პარაკლისით ჩვენი ეკლესია და ერი ერთგვარ განაჩენს გამოუტანს სოციალ-დემოკრატიას, რომელმაც უდიდესი მორალური ზიანი მიაყენა როგორც ჩვენს ხალხს, ასევე, უშუალოდ ჩვენს ეკლესიასაც. ამ საყოველთაო რიტუალით გადავდგამთ ისტორიულ ნაბიჯს და ერთგვარად დავამთავრებთ სპეკულაციებს თემაზე - ბოლშევიზმის დანაშაულებრივი ქმედებები და აღვადგენთ ისტორიულ სამართლიანობას, რაც არათუ საჭირო, აუცილებელიც არის ჩვენი მომავლისთვის.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს დღე მალე დადგება და მასში მონაწილეობის არ შერცხვება როგორც ირაციონალურ, ასევე - რაციონალურ საზოგადოებას.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^