Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაციენტის დღიური #4 - გთხოვთ, ტაშის გარეშე

06 ივლისი 2015

დღეები დღეებს მისდევს. არაფერს ვწერ... ვორჭოფობ, არ ვიცი გავაგრძელო თუ არა... დღეს დილით ელენეს ვეუბნებოდი, რომ ბლოგის წერა მათთვის დავიწყე, ვისაც მომავალში მსგავს დიაგნოზთან მოუწევდა შეჯახება ან უკვე მოუწია და ჩემგან განსხვავებით სასოწარკვეთილია. მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად სხვა აუდიტორიისთვის. არ მიფიქრია, რომ "არასწორი" მაყურებლებიც არსებობენ.  არ მიფიქრია მათზე, ვინც უფრო მეტი არ იცოდა იმაზე, რაც დაიწყო გასულ ზაფხულს. არ მიფიქრია ბევრ განსხვავებულ ნაცნობებზე.

ვფიქრობდი მხოლოდ პაციენტებზე, ჩემს ოჯახზე და უახლოეს მეგობრებზე, რომლებსაც ღელვის საგანი მივეცი. ვფიქრობდი, რომ მათ ბევრ რამეს ასე უკეთ ვეტყოდი. იმას, რაც ჯერ ვერ ვუთხარი.  როგორც ჩანს, წესი - დამარცხება გამარჯვების საფუძვლად გარდავქმნა ან ნეგატივს პოზიტიური ხასიათი ვუპოვო აქაც დავიცავი. უნებურად, გაუცნობიერებლად დამავიწყდა ათობით არასწორი რეაქცია... დამავიწყდა, რომ ის ხალხი აქაც არსებობს. მათთან ერთად ვისაც შეუძლია ამაზე მელაპარაკოს და განიხილოს, არიან ისინიც.

გაუთავებლად მირეკავენ,  დღეში რამდენჯერმეც. ყველა საუბარი აღფრთოვანების შეძახილით იწყება.  და რაც უფრო ხშირია ეს პათოსი და გმირის სტატუსის მოტყეპების მცდელობა, მით უფრო მეტად მიჩნდება სურვილი წავშალო ყველაფერი, რაც დავწერე. და რა არის აქ ასე საქებარი?! ან ვინ არის?! შეხედეთ ხალხს ნამდვილი,  მძიმე დიაგნოზით და ისტორიებით... ნამდვილი გამარჯვებით! ეს უბრალოდ ისტორიაა, ამბავი რომლის მოყოლით ჩემნაირებს მინდა ვუთხრა, რომ რაც ხდება ან მოხდება არ კლავს, მთავარია გაუგო, რომ საინტერესოა!

თუ ამ ყველაფერს ვერ დავასრულებ  როგორ გავიმართლო თავი მათთან ვინც ხვალ შემოვა და დაიწყებს დაგუგვლას - ფარისებრი ჯირკვალი, პაპილური კარცინომა?!...

როგორი სიმარტივეა.... ან საწყალი ხარ ან გმირი ან გითანაგრძნობენ ან გადიდებენ.

არადა, გული გერევა....

ლექციაზე სადაც შაბათობით მე და თამუნა დავდივართ, კიდევ ერთ ამერიკულ ფილმს აჩვენებენ. ისევ დაავადებასთან ბრძოლაზეა. ათიდან 7 ფილმი სამედიცინო საკითხზეა. ცოტა დავიღალეთ. თითქოს საკმარისია ის, რაც ორივემ გამოვიარეთ. უთქმელად ვხვდებით, რომ მეტი აღარ გვინდა.

დასრულდა...

ამ ფილმების ყურების შემდეგ კიდევ უფრო მიმძაფრდება შეგრძნება, რომ ის, რაც ჩემს თავს ხდება, არაფერია. და ამ არაფერს თუ ამდენი ახალი ემოცია მოჰყვა რამდენი ძლიერი, ხანგრძლივი და მასშტაბური იქნებოდა ის სხვა მძიმე გამოვლინებებისას.  რამდენად რთულია  უსაზღვრო, დაუთვლელი რაოდენობის  ახალი შეგრძნების მართვა ხანგრძლივად მაშინ, როცა შენ შიდსის, კიბოს მძიმე ფორმების, ტუბერკულოზის, გაფანტული სკლეროზის,  ლეიკემიის და ა.შ დიაგოზი გაქვს.

მე უბრალოდ მჭირდება პუბლიკა ტაშის გარეშე, რომ ასობით გზააბნეული პაციენტი ქართული ჯანდაცვის უსისტემობამ და საავადმყოფოების მფლობელთა გულგრილობამ არ შეიწიროს. მე უბრალოდ მჭირდება საუბარი, იმიტომ რომ რთულია ამდენი სიახლის და უცხო შეგრძნების დატევა.

რამდენიმე კვირაა ვებრძვი თავს წერის სურვილი დავიბრუნო.

თამთა შემხვდა ჯიპაში, კიბეებზე. აწყლიანებული თვალებით მეკითხებოდა, როგორ ვარ. ოჰ, სიყვარულს რა ვუთხარი და ძალას საკუთარ თავს მოერიო თორემ "სიამოვნებით მივახრჩობდი." (გამიგებს პირდაპირობას).

 

ბოლო მოვლენებს თუ გადავხედავთ, ბელამ მომწერა. ფრთხილად მეკითხებოდა რაღაცებს. ბრაზი არ მომრევია, მივეჩვიე.

მანამდე იყო (ბევრი) „ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ გეკითხები“. მოკლედ, ახლაც კი როცა ამას ვწერ, თავს ძალას ვატან და უფრო მეტს ვფიქრობ მომავალ პაციენტებზე, ვიდრე მოსალოდნელ რეაქციებზე.

ადრეც ვთქვი, იმაზე საინტერესო არაფერია, დააკვირდე ადამიანებს, როგორ იქცევიან სტიგმით გაჟღენთილ თემაზე საუბრისას. ან როგორ იწყებენ მასზე საუბარს. პაუზით, სიჩუმით, ნერწყვის გადაყლაპვით, მიეჩვიე და ხვდები, რომ რაღაცის თქმა უნდათ. საბედნიეროდ სიბრალულით სავსე თვალებს არ წავწყდომივარ, მჯერა რომ ჩემი მტკიცე ხასიათის წყალობაა. მჯეროდეს...დაე.

ყველაზე თავისუფალი ადამიანიც კი (ვისაც მე შევხვედრივარ) მოქცეულია იმ გავლენის ქვეშ რაც კარგად ჩაგვიტენეს საბჭოთა საქართველოში.

ჩუმად, ჩუმად, დასამალია, მეზობელმა არ გაიგოს, ახლობელმა, ნათესავმა, ვაიმე ავად იყო, სირცხვილია რამდენი ფიქრობს ასე?!

...ზუგდიდში ვცხოვრობდი,  ერთ ჩემს ნაცნობს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს თურმე.  ჩუმად იყო ყველა. გრიფით საიდუმლო ამბავზე ჩურჩულით საუბრობდნენ. ვაიმე, ვაიმე რა სჭირს.

ღმერთო, არადა, რომ იცოდეს დღეს მე როგორ ვამაყობ მისით, რომ 2 წელი შეუსვენებლივ იბრძოდა და იბრძოდა მის დასამარცხებლად დისპანსერში. ამ დისპანსერში შეიძლება იმაზე ძლიერ დაავადდე, ვიდრე თავიდან იყავი. თუ ახლა ჩემს ბლოგს წაიკითხავს და მიხვდება, რომ მასზე ვწერ, მინდა იცოდეს, რომ დღესაც ვამაყობ და თუ დაწერს იმას როგორი იყო მისი ცხოვრების ორი წელი, ასობით ადამიანს შეეხიდება.

13:00, ლეჩკომბინატში შევდივარ. სიხალვათეა თითქოს. არადა, არ არის. ამ შენობას ხალხმრავლობაშიც სიჩუმე დაჰყვება მგონი. ხასიათიანი შენობაა.

ექთანი... ბედნიერი ექთანი გადახდისუნარიან პაციენტს ბუღალტერთან მიაცილებს და ოთახიდან გადის. ბედნიერია... ბედნიერი... ბედნიერი.... სხეულსაც ჰქონია ექო...

დიაგნოზის ფურცელს მგონი კალოიანის ასისტენტი მაძლევს. ვკითხულობ გულდასმით. საოცარია, როგორ გჯერა, რომ უნდა გაიგო ის, რაც სამედიცინო დასკვნაშია მითითებული.  პროფესიული ილუზია...ჰმ, თამაშიც როგორ შემძლებია, როლში შევიჭერი, თეთრი ხალათიღა მაკლდა...

ბუღალტრის მაგიდაზე დასკვნას ფოტოს ვუღებ და ქეთის viber-ში ვუგდებ. მგონი წამიც არ გასულა  და რეკავს.  ისე საინტერესოა ამ ტემპს როგორ ინარჩუნებს მთელი დღე. 20 წუთში ერთხელ ახალი პაციენტის მიღების პირობებში, ხან რომელს პარავს დროს ხან რომელს. ამასობაში წნევის გაზმოვა, პულსის შემოწმება, აწონვა, გაზომვა, დატუქსვა, მოკითხვა და რა ვიცი კიდევ რას არ ასწრებს. ოხ ანა, ანა იტყვის ალბათ ამ ტექსტის წაკითხვისას.  ხო, რეცეპტების ქაღალდების სწრაფად და უშეცდომოდ შევსების ტექნიკასაც ფლობს და რა ვიცი კიდევ რას აღარ...

 

- ანა, ანუნა, ახლა კარგად მომისმინეთ, ის, რაც აქ წერია ნიშნავს, რომ ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება ქირურგის რეკომენდაცია. ვფიქრობ საოპერაციოა. (ზუსტი ტექსტი აღარ მახსოვს, ჩამრჩა ემოცია რომ მკაფიოდ და მიზანმიმართულად გამოთქვამდა თითოეულ ფრაზას).

- უი, ქეთი იცით ახლა მუხლის გამოკვლევებს ვიტარებ ისევ, თან ეს გამოფენები, რეზიდენციაზეც მოვხვდი, ახლა არ მცალ...

- ანა!!!!!!!!!!!!! აქ აღნიშნული ძახილის ნიშნები იგრძნობა ხმის ტემბრში, ხასიათსა და პაუზაშიც და მგონი მეც ვნახე ჯერ კიდევ კალოიანის კაბინეტთან მდგომმა, როგორ ჩაიარეს დერეფანში.

ღმერთმანი, ეს ქალი მგონი მთოკავს. ვფიქრობ და ვჩუმდები. სასწრაფოდ ახვალთ  კოტე მარდალეიშვილთან, ონკოლოგიურამდე არმისული, ხელმარცხნივ მისი კლინიკაა. დაელაპარაკებით. მე ხუთი დღე არ ვიქნები, რას გეტყვით მომწერთ viber-ში.

- ანა გაიგეთ? ხომ არ გაგიმეოროთ.

- გავიგე, გავიგე - ჩავიბურტყუნე და ვიგრძენი კიდეც ეს ბურტყუნი. თურმე მეც შემძლებია.

....

 სალომეს ვურეკავ, მახსოვს რომ ინგლისურზეა დელისთან. დაუსრულებია, გამომივლის. ამასობაში მარიკას ადგილსამყოფელს ვარკვევთ, ისიც აქვეა საბურთალოზე სკოლიდან მოდის გადაღებები ჰქონდა.

 ...

 ამ დღიდან ჩვენ სამნი უფრო ვერთიანდებით და ვიწყებთ მოძრაობას ჯერ კიდევ უცნობი რაღაცის მოსაყუჩებლად.

...

 ავედით მარდალეიშვილში... ალბათ 3 საათია. გვჯერა, რომ ექიმს ვნახავთ.  სულ მცირე ჩავეწერებით მაინც მიღებაზე... ამ დღიდან ვიდრე ნოემბრის ბოლომდე ჩვენ სამმა შეუდარებლად დავხვეწეთ რიგში სწრაფად ორიენტირების, ცოცხალ რიგში სწორად დგომის (ასეთიც არსებობს) და ექიმთან არათუ სწრაფად, არამედ მის კაბინეტში საერთოდ მოხვედრის სისტემა.

...

მალევე გამოვბრუნდით... ექიმი ოპერაციაზეა.  როდის გამოვა უცნობია.  რიგი ცოცხალია.  ექიმის გამოჭერა შესაძლებელია ოპერაციიდან ოპერაციამდე მონაკვეთში.  მაშინ როცა წესით ის უნდა ისვენებდეს.

 

                                                                               მეოთხე ნაწილის დასასრული

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^