Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანაგრძნობა Facebook-ზე

17 სექტემბერი 2015

ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ, უფრო სწორად ეს ის ღილაკი არ არის, რაც ერთი შეხედვით გვეგონა. Facebook-ის ოფისში გამართული სესიის დროს მარკ ცუკერბერგის მიერ დაანონსებულმა სიახლემ სოციალური ქსელის მომხმარებლების აჟიოტაჟი გამოიწვია. დისკუსიებში ჩანდა, რომ  ახალი ღილაკი, რომლის შექმნაზეც სოციალური ქსელის გუნდი მუშაობს, ადამიანების ნაწილმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო: ბოლოსდაბოლოს Facebook-ს dislike მაინც ექნება.

რა თქმა უნდა, აჟიოტაჟს ხელი თავად მარკ ცუკერბერგის გამოსვლამაც შეუწყო. სოციალური ქსელის შემქმნელმა თქვა, რომ dislike ღილაკს ადამიანები ბევრი წელია ითხოვენ, ამიტომ მუშაობენ ინსტრუმენტზე, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილს დააკმაყოფილებს.

სანამ მარკს ბოლომდე მოვუსმენდი, უნდა გამოვტყდე, ცოტა შევშფოთდი და პოსტების წერაში ჩემს გამბედაობასაც ეჭვის თვალით შევხედე. Facebook-ის მომხმარებლების უმრავლესობას (ან იქნებ ყველას) ხომ ძალიან გვინდა, ბევრმა „დაგვალაიქოს“ და „დაგვაშეაროს“, ისედაც გული გვწყდება, როცა გამოხმაურების რაოდენობა სასურველზე ნაკლებია და კიდევ dislike-ის დამატება გვინდა?

თუმცა მარკ ცუკერბერგმა, როგორც ჩანს, უბრალოდ ვირტუალური საზოგადოების ალაპარაკება კიდევ ერთხელ მოისურვა ან იქნებ ნიადაგიც მოსინჯა, მაგრამ  ფაქტია, dislike-ის ხსენებასთან ერთად განმარტა, რომ ახალი ღილაკი პოსტის „წინააღმდეგ“ ხმის მიცემას არ ნიშნავს. მას არ სურს, Facebook იმ ფორუმს დაემსგავსოს, რომელზეც ადამიანები პოსტების პოპულარობაზე  გავლენას ხმის მიცემით ახდენენ. დაანონსებული ღილაკი კი მომხმარებლებს მხოლოდ თანაგრძნობის, თანაგანცდის გამოხატვაში უნდა დაეხმაროს.

„როცა აზიარებთ რამე სევდიანს, მაგალითად, დევნილების კრიზისს ან ოჯახის წევრის გარდაცვალებას, სხვებისთვის ამ პოსტის მოწონება უსიამოვნოა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანებს მეტი შესაძლებლობები მივცეთ, ვიდრე უბრალოდ like“, - განმარტა მან. მოკლედ, ახალი ღილაკი „ვწუხვარ“, „შეშფოთებული ვარ“, „გითანაგრძნობ“ იქნება და არა უბრალოდ „არ მომწონს“.

სხვათა შორის,  dislike-ს გამოჩენაზე საუბარი აქამდეც არაერთხელ ყოფილა. გასულ წლის დეკემბერში იგივე სესიაზე გამოსვლისას მარკ ცუკერბერგმა გამორიცხა ამ შინაარსის ღილაკის შექმნა. თან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელს პოსტების მოწონება-არმოწონების შკალა არ სჭირდება და ეს ღილაკი მომხმარებლებს ღირებულს არაფერს მოუტანს. მაშინვე დასძინა ისიც, რომ სხვადასხვა ემოციის გამოსახატად მხოლოდ like საკმარისი აღარ არის, რადგან ადამიანები ისეთ მოვლენებსაც აზიარებენ, რომლის დროსაც ამ ღილაკის გამოყენება უადგილოა. მოკლედ, სოციალურ ქსელში თანაგრძნობის გაჩენის ამბავიც არც ისე ახალია.

Facebook-ის ემოციებით გამრავალფეროვნებაში ცუდი არაფერია, პირიქით: ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის ამდენი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის სტატუსს ინარჩუნებს, სიახლეების მუდმივი შეთავაზებაა, თუმცა dislike-ს გამოჩენა ნაკლებად სავარაუდო მგონია. ეს ის ღილაკია, რომელიც ნეგატივთან ასოცირდება, Facebook კი იმ ემოციასა და განწყობას, რომელსაც სოციალური ქსელი მომხმარებლებში იწვევს, დიდ ყურადღებას აქცევს და ამაზე მის მიერ ჩატარებული კვლევებიც მეტყველებს. თანაც, სოციალურ ქსელს აქტიური მომხმარებლები სჭირდება და არა ადამიანები, რომლებიც მოსალოდნელი dislike-ის გამო სტატუსის დაწერასა თუ ფოტოს ატვირთვაზე თავს შეიკავებენ.

ჯერ უცნობია როდის გამოჩნდება ახალი ღილაკი. ზუსტად არც ის ვიცით, რა ერქმევა მას, თუმცა ღილაკს რომ უკვე დიდი ინტერესით ელოდებიან, ფაქტია. მოლოდინი შექმნილია, მარკის მიზანი კი - შესრულებული.

ისე კი, თქვენი არ ვიცი და მე „დადისლაიქება“ არ გამიხარდებოდა. შეიძლება ამის შიშით ტაქსის მძღოლებზე ისტორიების წერა არ შემეწყვიტა, მაგრამ ამ ღილაკს სხვა ემოცია მირჩევნია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^