20.02.2012

სახელმწიფო დაფინანსების მოლოდინში (?)

სტატიები  (photo: )

 

ბახტაძეების ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს ათი დღის წინ ექვსი წლის ლიზი ბახტაძის მკურნალობის დაფინანსება სთხოვა. მათ პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ლიზი მძიმე მდგომარეობაშია, ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს წამლის დროული მიღება ესაჭიროება.

 

სამინისტროში განცხადება ყველა სხვა საჭირო საბუთთან ერთად,  ლიზის ბებიამ, მარო ბახტაძემ მიიტანა.

„გასულ ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანეთ საბუთები, ფორმა ასი, ექიმის დასკვნა, რაიონის მიმართვა... გვითხრეს, რომ საბუთებს სპეციალური კომისია განხილავს. უკვე 10 დღე გავიდა, პასუხის მიღება კი სასწრაფოდ გვესაჭიროება, ორშაბათს ლიზიმ უნდა მიიღოს წამალი, რომლის ღირებულება 2000 ლარია"- გვითხრა მარო ბახტაძემ. კითხვაზე, როდის განიხილავს კომისია მათ საბუთებს, მარო ბახტაძეს კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

ლიზი ცუდად გასული წლის ნოემბერში გახდა, რეანომობილით საჩხერის რაიონიდან იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს, მაგნიტორეზონანსული გამოკვლევის შემდეგ, თავის ტვინის ღეროს სიმსიმნე დაუდგინა. ავადმყოფობის პირველი 2 თვის განმავლობაში,  ოჯახი სოციალურად დაუცველთა პოლისით  სარგებლობდა, თუმცა, რამდენიმე თვეში პოლისზე არსებული  ლიმიტი ამოეწურათ.

„ქიმიოთერაპიისთვის სასწრაფოდ გვჭირდება 2000 ლარი, ამას დამატებული, ბავშვს სჭირდება ანესთეზიით დასხივება, თითო ანესთეზია ღირს 200 ლარი, სადღაც 6200 ლარი უნდა  მთლიან კურსს. არანაირი თანხა არ გვაქვს. მთლიანად, ჯამში 15, 000 ლარი გვჭირდება"- გვითხრა ლიზის დედამ.

„ვის აღარ მივმართე, დღეგამოშვებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვტოვებ წერილს, პარლამენტში ოთარ თოიძესთან ვცდილობ შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ, ჯანდაცვის სამინისტროში არავინ  მხვდება, ექვსი წლის შვილიშვილი  მიკვდებდა და მშვლელი არავინ არის"- ამბობს ლიზის ბებია, მარო ბახტაძე.

„ლიბერალი" დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს და შეეცადა დაედგინა, რომელი კომისია განიხილავს საბუთებს და მიიღებს თუ არა კომისია მხედველობაში იმ ფაქტს, რომ მკურნალობის დაფინანსების დროულად გაცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიზი ბახტაძის ჯამრთელობისთვის, რადგან სიმსიმნე სწრაფად იზრდება და შედეგი, შესაძლოა, ლეტალური იყოს.

სოციალური დაცვის სააგენტოს პიარის სამსახურს და ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა ჩაჩავამ ჩვენთან სატელეფონო საუბარი არ ისურვა და კითხვის დასმის შემდეგ ტელეფონი გათიშა. ისევ ვცადეთ მასთან დაკავშირება და მაგრამ უშედეგოდ.

რეფერალური დახმარების პროგრამა

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებებისთვის თანხას სახელმწიფო „რეფერალური დახამრების პროგრამის" ფარგლებში გასცემს. სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო კომისია იღებს, რომელიც ათი წევრისგან შედგება.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, რომელთა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ იფარება დაზღვევით, ან სხვა სახელმწიფო პროგრამით.

დადგენილება, რომელიც კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს, არ ადგენს, რა სიხშირით უნდა იკრიბებოდეს კომისია, თუმცა, მე-6 მუხლის, მე-8 პუნქტში წერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კომისიის მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით.

როგორც ირკვევა, ლიზისთვის დაფინანსების გაცემის გადაწყვეტილება სწორედ ამ კომისიამ უნდა მიიღოს, რომელსაც კანონი განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების გამარტივებული წესით მიღების საშუალებას აძლევს.

[video:http://www.youtube.com/watch?v=F2s1m7D9b0I&fb_source=message]


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი