23.02.2012

პარლამენტი ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ კანონის ლიბერალიზაციას იწყებს

სტატიები  (photo: )

 

გუშინ საქართველოს  პარლამენტში  „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში"  შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილების მიხედვით, პირს, რომელსაც ნარკოტიკის მოხმარების გამო ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის და პროფესიული საქმიანობის უფლება, „კარგად მოქცევის" შემთხვევაში, ჩამორთმეულ უფლებებს კანონით განსაზღვრული ვადის გასვლამდე აღუდგენენ.

 

ამისთვის პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ "პიროვნული მსჯავრის საკითხთა კომისიას", რომელიც უფლებამოსილია „პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონში მითითებული ვადის გასვლამდე აღუდგინოს მას ჩამორთმეული უფლებები"- ვკითხულობთ პროექტში.

სხდომას, კომიტეტის წევრებთან ერთად, მედიისა და პროფესიული წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ (საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის" თავჯდომარე თამარ სირბილაძე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ამირან გამყრელიძე, ნარკოლოგი გელა ლეჟავა და სხვები.).

კანონ-პროექტი ავტორმა, დეპუტატმა კახაბერ ანჯაფარიძემ წარადგინა და ისაუბრა იმის შესახებ, რომ ყოფილი ნარკოდამოკიდებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება და უფრო ლიბერალური ხდება. "უფლებები მხოლოდ იმ პირებს აღუდგებათ, რომლებიც მზად არიან ამისთვის."- განმარტა კახაბერ ანჯაფარიძემ.

ყოფილი ნარკომომხარებლისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენასა და კანონის ლიბერალიზაციას პროფესიული წრის წარმომადგენელებიც  ემხრობიან. თუმცა, როგორც განხილვის დროს გამოიკვეთა, მათთვის გაუგებარია, როგორ აპირებს სპეციალური კომისია იმის დადგენას, თუ ვინ არის „სრულად რეაბილიტირებული", ვის აქვს ხანგრძლივი რემისიის პერიოდი და ვინ არის მზად პროფესიული საქმიანობის გაგრძელებისთვის? - დისკუსია ძირითადად ამ კითხვების გარშემო გაიმართა.

„ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა და მსოფლიოში  ნარკოდამოკიდებულთა  მხოლოდ 8%-იკურნება.   ვფიქრობ, რომ სასურველია პროფესიონალი ნარკოლოგი დააკვირდეს ყოფილ ნარკოდამოკიდებულს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა, რომ  უფლება აღუდგეს."-  განმარტა თამარ სირბილაძემ.

კანონპროექტის განხილვის პროცესში კომიტეტის წევრებისა და პროფესიული წრის წარმომადგენლების პოზიციები გაიყო. ნარკოლოგებს აზრით, კომისიის ნებართვის საფუძველი ხანგრძლივი ნარკოლოგიური დაკვირვება უნდა გახდეს.

კანონ-პროექტის მიხედვით კი  ჩამორთმეული უფლებები პირს მხოლოდ  კარგი ყოფაქცევის საფუძველზე აღუდგება.  ეს ჩანაწერი  კითხვებს ბადებს და არ იძლევა ამომწურავ პასუხს, თუ როგორ უნდა განსაზღვროს ნარკოდამოკიდებულის ყოფაქცევის შედეგები. მით უმეტეს, კომისიაში არ იმუშავებენ ნარკოლოგები. ის პრობაციისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებით  დაკომპლექტდება.

ნარკოლოგი გელა ლეჟავა  ცდილობდა  პასუხის მიღებას კითხვებზე, თუ რომელ პროფესიებში აღუდგებათ მუშაობის უფლება ყოფილ ნარკომომხმარებლებს? ვინ და როგორ მოახდენს ამ პირების მდგომარეობის მონიტორინგს? რა პრინციპით დაკომპლექტდება და როგორ განისაზღვრება იმ  კომისიის შემადგენლობა, რომელიც ყოფილი ნარკომომხმარებლის პროფესიაში შესვლის უფლების აღდგენის საკითხს გადაწყვეტს? - ეს იყო იმ კითხვების არასრული ჩამონათვალი, რომელიც სხდომაზე კანონ-პროექტის ავტორებს დაუსვეს.

კახაბერ ანჯაფარიძის თქმით, ყველა ეს დეტალი, რომელიც კანონში არ ჩანს, დებულებაში გაიწერება, რომლის შექმნაშიც მონაწილეობას სპეციფიური სფეროს წარმომადგენელებიც მიიღებენ.

ამირან გამყრელიძე თვლის, რომ  ჯერ მისაღებია კანონი ნარკომანიის დეკრიმინალიზაციის შესახებ, რომელიც უკვე სამი წელია პარლამენტში შემოსულია. მარტო უფლების აღდგენაზე საუბარი საკმარისი არ არის. მისი აზრით კანონ-პროექტს დებულება უნდა ახლდეს თან: „ნახეთ ამერიკის ჯანდაცვის კანონი, 3000 გვერდზე ყველა დეტალია გაწერილი. პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილება შესაბამისი დებულებითაა განმტკიცებული. ვფიქრობ, რომ საქართველოს  პარლამენტის საკანონმდებლო მუშაობის  ერთ-ერთი ხარვეზია ის, რომ  ჩვენ ზოგჯერ ვიღებთ სამ გვერდიან კანონს და ის არ არის გამაგრებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით."- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ და კომიტეტის წევრებს, კანონ-პროექტის შეფასების მიზნით,  გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთვის გადაგზავნის რეკომენდაცია მისცა.

 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი