27.02.2012
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის გაზრდა ჯერ არ იგეგმება
2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია მხოლოდ ხანდაზმულებს გაეზრდებათ. მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კი იმავე რაოდენობის პენსიას (შემდეგში სოციალური პაკეტი) აიღებენ.
„სახელმწიფო ბიუჯეტში ფინანსური შესაძლებლობის გამოჩენისთანავე, საპენსიო კანონში გათვალისწინებული იქნება მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსიების თანხობრივი ზრდა, თუმცა, კონკრეტულად როდის, ამის თქმა რთულია. ვფიქრობთ, ნახევარი წლის ბიუჯეტის შეჯამების შემდეგ უფრო დაზუსტდება "- გვიპასუხა პარლამენტში ჯამრთელობის კომიტეტის თავჯდომარემ ოთარ თოიძემ.
კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, პენსიის გაცემის სამი საფუძვლიდან, დარჩება მხოლოდ ერთი - "საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა". კანონის ახალნდელ რედაქციაში პენსიის გაცემის სამი საფუძველია ჩამოთვლილი.
"მუხლი 5.
ა) საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
გ) მარჩენალის გარდაცვალება."
საინტერესოა, პირები, რომლებსაც მარჩენალი გარდაეცვლებათ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაუდგინდებათ, მიიღებენ თუ არა პენსიას? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო სპიკერის თათული თოდუას განცხადებით, ასეთი პირებისთვის კანონის დონეზე გარანტია აღარ რჩება.
„კანონ-პროექტის 22-ე გარდამავალ მუხლში წერია, რომ პენსია შეუნარჩუნდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული აქვთ შესაბამისი პენსია . მაგრამ არანაირი გარანტია არ არსებობს იმ პირებზე, რომლებსაც მომავალში 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაუდგინდებათ შშმპ სტატუსი." - ამბობს თათული თოდუა და აცხადებს, რომ ამ კატეგორიის პირებისთვის პენსიის გაცემის საკითხი მთავრობის დადგენილებით არ უნდა დარეგულირდეს.
„ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გამჭირვალე აღარ იქნება. გვახსოვს 112 - ის მაგალითი (სხვადასხვა სერვისების მისაღებად მოსახლეობას მობილურის ანგარიშებიდან 20 თეთრს აჭრიან). ეს შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი გაუმჭვირვალეა ხანდახან მთავრობის გადაწყვეტილებები"- ამბობს თათული თოდუა.
"ამ ორი ჯგუფისთვის - მარჩენალდაკარგულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სოციაური პაკეტის-საპენსიო სტატუსის მიცემის საკითხი „სოციალური დახმარების შესახებ" კანონში უნდა შევიდეს" მიაჩნია ქრისტიან-დემოკრატების წევრს მაგდა ანიკაშვილს.
„მოვითხოვთ, რომ პრობლემა გათვალისწინებული იქნეს „სოციალური დახმარების შესახებ" კანონში, რადგან თუკი ეს საკითხი გაწერილი იქნება მთავრობის დადგენილებაში, ან თუნდაც "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში, მას კანონთან შედარებით სუსტი ძალა ექნება და კიდევ ერთი, მთავრობის დადგენილება ისე იცვლება, რომ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება"- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში შესატანად გამზადებული ცვლილებების პაკეტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.
ბექა დავითულიანი