01.03.2012
სადაზღვევო ბაზრის კვლევა
არსებობს თუ არა დაზღვევა ინდივიდუალური პირებისთვის და რამდენად ხელმისაწვდომია? რომელია ყველაზე იაფი სადაზღვევო პროდუქტი? რას და როგორ სთავაზობენ სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს? - „ილიაუნის ბიზნეს რევიუმ" საქართველოს სადაზღვევო სისტემის კვლევა წარმოადგინა.
„კვლევის მიზანი იყო გაგვერკვია საქართველოს სადაზღვევო სისტემაში რა მდგომარეობა გვქონდა ცალკეული სადაზღვევო პროდუქტების მხრივ. ძირითადად, აქცენტი გავაკეთეთ იმ სადაზღვევო პროდუქტებზე, რომლის მომხმარებლებიც ინდივიდუალური პირები შეიძლება იყვნენ, რადგან სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იურიდიული პირებისთვის შეთავაზებები უფრო მრავალგვარია." - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი გიორგი აბაშიშვილი
კვლევა 13 სადაზღვევო კომპანიის ფარგლებში (ალდაგი ბისიაი, ჯი-პი-აი ჰოლდინგი, უნისონი, აი სი ჯგუფი, იმედი L, არდი ჯგუფი, ალფა, PSP დაზღვევა, არქიმედეს გლობალ ჯორჯია, ქართუ, ტაო, ირაო, ჩარტის ევროპა ს.ა. საქართველოს ფილიალი) სადაზღვევო სექტორში არსებული შემდეგი პროდუქტების შესახებ ჩატარდა: ჯანმრთელობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტომობილების დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა და აგროდაზღვევა.
ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ყველაზე იაფი სადაზღვევო პაკეტი 30 ლარიდან იწყება და შემოთავაზებულია სადაზღვევო კომპანია „უნისონის" მიერ, ხოლო ყველაზე ძვირი სადაზღვევო პაკეტი „ალდაგი ბი-სი-აი" -ის აქვს და 63.26 ლარს შეადგენს. როგორც კვლევამ აჩვენა, ინდივიდუალური პირებისთვის ყველაზე ნაკლები არჩევანი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევაზე არსებობს. ცამეტი სადაზღვევო კომპანიიდან ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი ინდივიდუალური პირებისთვის მხოლოდ ოთხს კომპანიას აქვს.
ჩამოთვლილი სადაზღვევო პროდუქტებიდან კვლევის მიხედვით, ყველაზე იაფი სადაზღვევო პროდუქტი ქონების დაზღვევაა. მინიმალური ღირებულება 0.1 პროცენტია, მაქსიმალური ღირებულება კი ქონების ღირებულების 0.95 პროცენტი. ასევე, ყველაზე იაფი სადაზღვევო პროდუქტია სამოგზაურო დაზღვევა. მინიმალური ღირებულება 0.75 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური ღირებულება 1.5 ლარს.
სადაზღვევო ბაზარზე ახალი პროდუქტია აგროდაზღვევა, რომელიც მხოლოდ ოთხ სადაზღვევო კომპანიას აქვს, მაგრამ ამავე დროს აგროდაზღვევა კვლევის მიხედვით, ყველაზე ძვირია. მინიმალური ღირებულება ქონების 6 პროცენტს, ხოლო მაქსიმალური ღირებულება ქონების ღირებულების 10 პროცენტს შეადგენს.
„ძირითადად, ადამიანები დაზღვეულები არიან სამსახურის გავლით ანუ როცა იურიდიური პირი აზღვევს საკუთარ თანამშრომელს. 13 სადაზღვევო კომპანიიდან რომელიც გამოვიკვლიეთ, მხოლოდ ოთხმა თქვა რომ ინდივიდუალური პირები შეიძლება დააზღვიონ. არ უღირთ როგორც ჩანს მაინცდამაინც ინდივიდუალურ პირებთან თანამშრომლობა. შესაძლებელია სადაზღვევო კომპანიის მომგებიანობის და რენტაბელობისთვის კარგია, მაგრამ ადამინებისთვის არ არის მაინცდამაინც კარგი, რომ აუცილებლად სამსახურის გავლით უნდა დაეზღვიონ, მითუმეტეს იმ დროს როცა საქართველოში დაქირავებით დასაქმებულების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება თვითდასაქმებულების მაჩვენებელს."- ამბობს გიორგი აბაშიშვილი.
როგორც კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, ინფორმაციის მიღება ცალკეული სადაზღვევო კომპანიებიდან გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ერთი სადაზღვევო კომპანიის ორი წარმომადგენელი სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა მკვლევარებს. ამიტომ მკვლევარებს ხშირად კლიენტის როლის თამაში უხდებოდათ, რადგან სხვა შემთხვევაში ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი იყო.
ზურაბ ვარდიაშვილი