06.03.2012
გზის პირას გამოტანილი პროდუქტი
დილის 7 საათი. ბაზარი. მოვაჭრეები პროდუქტს ნელ-ნელა ამზადებენ დახლებზე დასაწყობად.
სანაგვე ურნა დაკლული საქონლის გამოუსადეგარი ნაწილებითაა სავსე. უკვე გატყავებულ, გასაყიდად გამზადებულ ხორცს კი კაუჭებზე კიდებენ. ატალახებულ გზაზე დაფენილ ცელოფნის პარკებზე ყველი სვეტებად ალაგია. სულ მალე ამ ყველაფერს ქუჩიდან დახლებზე გადაანაცვლებენ, ხოლო ცოტა ხანში პროდუქტი, დახლებიდან მომხმარებლის მაცივარში აღმოჩნდება.
გარდა ხორცისა და ყველისა, ბაზარში, ღია ცის ქვეშ გასაყიდად სხვა უამრავი სახის პროდუქტსაც შეხვდებით: შებოლილი თევზი, მწვანილი, ძეხვეული, მზა საკვები...
თუმცა გზის პირას გასაყიდად გამოტანილი საკვები პროდუქტი, როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში, არც ისე უსაფრთხოა. „პროდუქტის ქუჩაში გაყიდვა ვერავითარ ჰიგიენურ ნორმას ვერ ჰპასუხობს" - ამბობს სურსათის ექსპერტი, ეთერ სარჯველაძე. მისივე თქმით, ჰაერი ისეთ მიკრობებს შეიცავს, რომლებიც საკვებში მოხვედრის შემთხვევაში, ძალიან საშიშ დაავადებებს იწყვევს (მაგალითად, კუჭის წყლულს).
საკვები პროდუქტების უვნებლობის შემოწმებაზე, ოფიციალურად, პასუხს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აგებს. თუმცა, სააგენტოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მერიკო გულუას თქმით, პროდუქტის ხარისხისა და უვნებლობის გაკონტროლება, მხოლოდ დახურულ, ორგანიზებულ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებშია შესაძლებელი. „პროდუქტის ღია ცის ქვეშ გასაყიდად გამოტანა გარევაჭრობაა, შესაბამისად, კანონდარღვევა, ამიტომაც ამის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის", ამბობს ის. იმავე აზრზეა, პროექტის, „სასურსათო პროდუქტს მომხმარებელი აკონტროლებს", დირექტორი, ლია თოდუაც. მისი თქმით, გარევაჭრობის გაკონტროლება, ფაქტობრივად შეძლებელია, რადგან, მოვაჭრემ, რომელსაც დღეს დარღვევა აღმოუჩინეს, შესაძლებელია, მეორე დღეს, უბრალოდ, ადგილი შეიცვალოს და გადამოწმება ვეღარ მოხერხდეს.
გარევაჭრობას ქალაქში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. სამსახურის უფროსის, ზვიად კერვალიშვილის თქმით, გარევაჭრობად ითვლება საზოგადოებრივ ადგილებში საქონლის უნებართვოდ გაყიდვა, რაც, თავის მხრივ, კანონდართვევაა. „დღეისათვის გარემოვაჭრეების პრობლემა თითქმის მოგვარებულია, ქალაქში სულ რამდენიმე ათეული მათგანი თუ დარჩა", - ამბობს ზვიად კერვალიშვილი.
მერიის წარმომადგენლის თქმით, გარემოვაჭრეებად არ ითვლებიან ისეთი მოვაჭრეები, რომლებიც პდოდუქტს ღია ცის ქვეშ, კერძო ტერიტორიაზე ყიდიან. ასეთ შემთხვევას არც კანონი აკონტროლებს და არც ეკოლოგიური სამსახურები. თუმცა, ხშირად ასეთ ადგილებშიც სრული ანტისანიტარიაა. ხორცისა და რძის პროდუქტები პირდაპირ გზის პირას იყიდება, გაყინული თევზი ღია ცის ქვეშ აწყვია: იქ არც მაცივრები დგას და არც რამე სავინტილაციო საშუალება. შესაბამისად, იზრდება პროდუქტის დაბინძურების რისკიც.
ლაბორატორიული კვლევისას საკვებში აღმოჩენილ მავნე ნაწილაკებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირებია. იგი, ძირითადად, სანიტარული ნორმების დარღვევის გამო წარმოიქმნება. როგორც სურსათის ექსპერტი, ეთერ სარჯველაძე ამბობს, ორგანიზმში მოხვედრისას ნაწლავის ჩხირებმა, შეიძლება ორგანიზმის გაუწყლოება, გართულების შემთხვევაში კი ადამიანის დაღუპვაც გამოიწვიოს.
მისივე თქმით, განსაკუთრებით საშიშია, ღია ცის ქვეშ გასაყიდად გამოტანილი ძეხვეული, რადგან, მომხმარებელი მას, ჩვეულებრივ, თერმული დამუშავების (მაღალ ტემპერატურაზე მოხარშვის, შეწვის) გარეშე იღებს, რის გამოც, მავნე ნივთიერებების გავრცელების რისკი იზრდება.
ეთერ სარჯველაძე საიტ momxmarebeli.ge-ისთვის მუშაობს. ეს ვებგვერდი კერძო ინიციატივაა და რეგულარულად იღებს ინფორმაციას საკვებ პროდუქტებში სანიტარული ნორმების დარღვევისა თუ ფალსიფიკაციის შესახებ. შემდეგ ინფორმაცია მოწმდება და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებლისათვის შემოწმების შედეგები საიტზევე ქვეყნდება. ამავდროულად, საიტი დარღვევების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც. „როდესაც ჩვენ მათ დარღვევების შესახებ ინფორმაციას ვუგზავნით, ამბობენ, რომ შესაბამისი ზომები მიიღეს, ეს „ზომები" კი, ჩვეულებრივ, გასაიდუმლოებული და ბუნდოვანია" - ამბობს ორგანიზაცია „სასურსათო პროდუქტს მომხმარებელი აკონტროლებს", დირექტორი, ლია თოდუა. მისი თქმით, სააგენტო დამაკმაყოფილებლად ვერ მუშაობს: როცა საქართველოში 20 000-მდე მეწარმეა (მწარმოებელი და გამყიდველი) დარეგისტრირებული, სულ ორიოდე ასეული მათგანის შემოწმება ძალიან ცოტაა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ვერიკო გულუას ცნობითაც, 2011 წელს გეგმიურად (წინასწარი გაფრთხილებით) შემოწმდა მაღალი რისკის 200-მდე საწარმო. მისივე განმარტებით, „მაღალი რისკისას განეკუთვნება ხორცის, რძის, ბავშვთა კვებისა და საკონსერვო საწარმოები".
გარდა ამისა, სურსათის ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ამ შემთხვევაში, მოსახლეობის ინფორმირებულობაა. საერთაშორისოდ აღიარებული 4 ძირითადი უფლების მიხედვით, მომხმარებელს აქვს პროდუქტზე ინფორმაციის მიღების უფლება (მომხმარებელმა საქონლის შესახებ უნდა მიიღოს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მას შეეძლოს გააზრებული (ინფორმირებული) გადაწყვეტილების მიღება საქონლის შეძენის ან არ-შეძენის შესახებ. ამ ინფორმაციაში შედის საქონლის თვისებები, საგარანტიო ვადა, მომსახურების სრული აღწერა და ღირებულება და სხვა.)
კანონის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, შემოწმებების შედეგად აღმოჩენილი დარღვევის შესახებ მოსახლეობას რეგულარულად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მსგავს მასალას ვერ შეხვდებით. როგორც ვერიკო გულუა ამბობს, სამსახურის ვებ-გვერდი ჯერ დამუშავების პროცესშია, ხოლო წლიური ანგარიშები საიტის ამოქმედების შემდეგ გამოქვეყნდება.
ირაკლი კაკაბაძე