07.03.2012
პროფკავშირები დედობის დაცვას ითხოვენ
“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია დედობის დაცვის შესახებ მოითხოვს, რომ დედამ მშობიარობის შემდგომ აუცილებლად უნდა შეძლოს თავისი შვილის გაზრდა სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით” - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარის მოადგილემ, ეთერ მათურელმა ქალთა კომიტეტმა ქალების შრომითი უფლებებისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიმართა.
შსო-ს კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს დედებისათვის სოციალური დაცვის მექანიზმების შექმნას ავალდებულებს.
მათურელის თქმით, დღეს არსებული დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ამისთვის არასაკმარისია. ამიტომ, პროფკავშირების ქალთა კომიტეტი, ერთი მხრივ, დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირებას ითხოვს, მეორე მხრივ კი, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესის შეცვლას.
საქართველოში ამჟამად დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის ანაზღაურების შესახებ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2006 წელს გამოცემული ბრძანებულება ადგენს. ქალებს შეუძლიათ 126 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლონ, მთელი ამ დროის ანაზღაურება ჯამში 600 ლარია, იმის მიუხედავად, რა შრომის ანაზღაურებას იღებს ქალი ჩვეულებრივ.
პროფკავშირების თქმით, არსებული წესი იმითაც უსამართლოა, რომ არ ითვალისწინებს ინფლაციის გავლენას. დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებული იქნება ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რეგულარულად გადახედოს ამ ფულად კომპენსაციებს.
პროფკავშირების თქმით, საქართველოში ქალების დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია და დასაქმებულთათვის არსებული სხვადასხვა სოციალური პაკეტებით ვერ სარგებლობენ. ამიტომ, ქალთა კომიტეტის წევრები სახელმწიფო დახმარების დაწესებას ყველა ქალისთვის ითხოვენ იმის მიუხედავად, დასაქმებული არიან თუ არა ისინი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ქალთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა კვირეული 3 მარტიდან დაიწყო და 10 მარტამდე გაგრძელდება.
[video:http://www.youtube.com/watch?v=Kdv3nKDIbT0]
ირაკლი კაკაბაძე