16.03.2012
დისკრიმინაცია სისხლის სამართლის კანონმდებლობით იკრძალება
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის ჩამონათვალს სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და პოლიტიკური შეუწყნარებლობა დაემატა.
"დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ინდეტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის"
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები მიიღეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს ცვლილებები, რომელიც რასისტული, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მოტივით დანაშაულის ჩადენისგან ადამიანის დაცვას ემსახურება.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია დისკრიმინაციული იყო, რადგან არ იყო საუბარი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე.
12 მარტს სპეციალური განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ", სადაც სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლში დამამძიმებელი გარემოებების მოტივთა ჩამონათვალში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დამატებას ითხოვდნენ. განცხადებაში აღნიშნულია: „მაშინ, როდესაც კანონპროექტი დისკრიმინაციის თითქმის ყველა შესაძლო საფუძველზე მიუთითებს, კანონპროექტის ტექსტიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოტოვება საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს."
„იდენტობის" წარმომადგენლის მაგდა კალანდაძის შეფასებით, დადებითი მოვლენაა როდესაც კანონპროექტის ინიციატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები გაითვალისწინეს. „პარლამენტს ჩვენი შეხედულებები და არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით გავაცანით. იმედია, ეს კარგი პრეცენდენტი იქნება და სხვა კანონპროექტების განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუსმენენ."
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, კანონპროექტის მიზანია სასჯელი დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე გამკაცრდეს.
„ჩვეულებრივი შემთხვევისგან განსხვავებით, თუკი დანაშაული მოტივირებულია სიძულვილით, უფრო მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. თავდაპირველ ვარიანტში მხოლოდ ენობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ კუთვნილებაზე იყო საუბარი. არასამთავროების ინიციატივით ეს ნუსხა გაფართოვდა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე მითითება უფრო სრულყოფილი გახდა.
გივი შადური