22.03.2012
მიწისძვრით დაზარალებულ რაჭველები და ორმაგი სტანდარტებით გაცემული კომპენსაციები
რაჭაში 2009 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ცენტრალური ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარი გამოყო. ეს თანხა მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანებს უნდა მოხმარებოდა. თუმცა, მიწისძვრით დახარალებულ მოსახლეობას შორის მრავალია ისეთი, ვინც ამბობს, რომ დახმარების განაწილებისას ადგილობრივი ხელისუფლება მიკერძოებული იყო.
70 წლის რუსიკო ბუგიანიშვილი ონში ცხოვრობს. მისი ორსართულიანი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. ჩამონგრეულია სახურავი, სახლის შიდა კედლები და სართულებს შორის ტიხრები. დაზიანებას მეტ-ნაკლებად მეორე სართულისკენ მამავალი კიბე გადაურჩა. სახლმა პირველი დაზიანებები 1991 წლის მიწისძვრის დროს მიიღო, 2009 წლის მიწისძვრას კი ვეღარ გაუძლო და მთლიანად დაინგრა.
შენობის ჩამონგრევის საშიშროების გამო 1991 წელს რუსიკო ბუგიანიშვილმა დედასთან ერთად თავი ვაგონს შეაფარა. ვაგონმა ოჯახს სახლის მაგივრობა 13 წლის განმავლობაში გაუწია. ამ ხნის განმავლობაში რუსიკო ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა. ბოლო წლებში ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა.
„დედა ძალიან ცუდად რომ იყო, ბიძაშვილმა ჩაგვისვა ორი ოთახის კარ-ფანჯარა, შევედით გაულესავში და დღესაც იქ ვცხოვრობ", - ამბობს რუსიკო ბუგიანიშვილი და ორსართულიანი სახლის იმ ოთახში გვეპატიჟება, სადაც უკვე 7 წელია ცხოვრობს. დაუმთავრებელი სახლი მის დისშვილს ეკუთვნის. რუსიკო აქ დროებითაა. მას საცხოვრებელი არ გააჩნია. სახლში იატაკი ბეტონისაა, კედლები კი, გაულესავია. აგურებს შორის დარჩენილი ნაპრალებიდან სიცივე და ქარი თავისუფლად ატანს, რის გამოც ოთახში ძალიან ცივა.
რუსიკო ბუგიანიშვილის პრობლემის შესახებ კითხვებით ონის საკრებულოს მივმართეთ. სადაც გვიპასუხეს, რომ ბუგიანიშვილების ოჯახს კომპენსაცია იმის გამო არ შეხვდა, რომ მათი სახლი რეალურად არა 2009 წლის, არამედ 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალდა. მთავრობის 2009 წლის 721-ე განკარგულების თანახმად კი, კომპენსაცია მხოლოდ იმ ოჯახებზე გაიცა, რომლებსაც სახლები 2009 წლის მიწისძვრის გამო დაენგრათ ან დაუზიანდათ.
რუსიკო ბუგიანიშვილი არც უარყოფს, რომ მისი სახლი 1991 წელს დაზიანდა, თუმცა, ის ამტკიცებს, რომ სახლი საბოლოოდ 2009 წლის მიწისძვრამ დაანგრია. მას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტიც აქვს. კერძოდ, 2010 წლის 31 აგვისტოს ონის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემულ ცნობაში წერია, რომ რუსიკო ბუგიანიშვილის სახლი დაზიანდა 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრის შედეგად, ხოლო 2009 წლის 9 სექტემბრის მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს ონის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გივი მეტრეველი აწერს.
ნიშანდობლივია, რომ 2009 წელს სწორედ ის სახლები დაინგრა, რომლებიც 1991 წლის მიწისძვრისგან უკვე დაზიანებული იყო. ამაზე მიუთითებს ზავრიევის სახელობის სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2011 წელს გამოქვეყნებული დასკვნა. აღნიშნული უწყების ექსპერტებმა, რომლებიც რაჭაში დაზიანებულ სახლებს სწავლობდნენ, მიწისძვრის შემაჯამებელ ანალიზში აღნიშნეს, რომ "როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმე, მე-4 ხარისხით დაზიანდა ის შენობები, რომელთა მზიდ კონსტრუქციებს ადრე 1991 და 2006 წლებში მომხდარი მიწისძვრის ზემოქმედებით მიღებული ჰქონდათ საგრძნობი დაზიანებები. ასეთმა შენობებმა მესამეჯერ განმეორებული მიწისძვრის დროს განიცადეს მზიდი კედლების მთლიანი ან ნაწილობრივი დანგრევა". [pagebreak]
ორმაგი სტანდარტები კომპენსაციების გაცემისას
მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან რამდენიმე ეტაპად გამოიყო. მთავრობის პირველი განკარგულება 2009 წლის 2 ოქტომბერს, ანუ მიწისძვრიდან ერთ თვეში გამოიცა და გამოყოფილი თანხის რაოდენობამ 5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა ონში 947 სახლის შეკეთებას მოხმარდა. მნიშვნელოვანია, რომ სახლი უნდა შეკეთებოდათ იმ ოჯახებს, რომლებიც მუდმივ მაცხოვრებლებად ითვლებონენ. თავდაპირველად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუდმივ მაცხოვრებლად ჩათვალა ყველა, ვინც ონში იყო რეგისტრირებული.
სახლების აღდგენისა და კომპენსაციების გაცემის დროს ადგილობრივი ხელისუფლება შერჩევით პრინციპსაც მიმართავდა. ერთნაირ პირობებში მყოფი ოჯახებიდან დახმარებას ისინი იღებდნენ, ვისაც ადმინისტრაციასთან ნაცნობობა აკავშირებდა, სხვები კი - ვერა. ასე მოხდა სოფელ გონას შემთხვევაში, რომელიც ონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელია.
ზამთარში გონა თითქმის დაცლილია. ირინა და გივი გობეჯიშვილების ოჯახი იმ მცირერიცხოვან ოჯახთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც გონაში სახლი არ მიატოვა. ცოლ-ქმარი გონაში ადრიან გაზაფხულზე მიდის და დაზამთრებამდე იქ რჩება. გობეჯიშვილები იქ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევენ. მიწისძვრამ მათი სახლიც დააზიანა.
„ჩვენი სახლი 91 წელს ხომ დაზიანდა მაგრად, ერთი ოთახი შემოვამცირე, აღარ ვარგოდა. ახლა მეორე მიწისძვრაზე უფრო დაზაინდა, მეორე კატეგორია მოგვცეს, თუმც,ა არც ისე მოვიდა არავინ და არც ასე, ყურადღებას არავინ გვაქცევს", - აღნიშნავს გივი გობეჯიშვილი.
ზამთრის დადგომისთანავე, სხვა თანასოფლელების მსგავსად, გობეჯიშვილების ოჯახიც იძულებულია სოფელი დატოვოს და გამოსაზამთრებლად ონში ჩამოვიდეს. სწორედ ამის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი მუდმივ მაცხოვრებლებად არ ჩათვალა და დახმარების გარეშე დატოვა.
„ასე გვიპასუხეს კავშირგაწყვეტილები ხართ, იქ რომ არ ხართ და თქვენი სახლიდან კვამლი მუდმივად არ ამოდისო. მაგრამ ზამთარში იქ ჩიტიც ვერ აფრინდება, ისეთი პირობებია, გაუსაძლისი მდგომარეობაა, სინათლეც არ გვაქვს და მთელი ზაფხულის განმავლობაში ისე ვიმყოფებით იქ", - ამბობს ირინა გობეჯიშვილი. ამას ადასტურებს მისი მეუღლეც: „დიდი თოვლი მოდის და როგორ ვიცხოვრებ. იქ არავინ ცხოვრობს ახლა, არც ექიმია და არც ვექილი, რომ იყოს ხალხი და ყურადღება იყოს, კი გაჩერდება ადამიანი", - ამბობს გივი გობეჯიშვილი.
გონას სხვა მცხოვრებმა ნელი გობეჯიშვილმა 7000 ლარამდე კომპენსაცია მიიღო. იგი ონის გამგებლის პირადი მძღოლის დედაა. ირინა და გივი გობეჯიშვილების მსგავსად, გონაში ისიც მხოლოდ სეზონურად ცხოვრობს. ამის აღიარება თავად გამგებელსაც, ვალერიან გობეჯიშვილსაც მოუწია.
„ჩემი მძღოლის დედას რაც შეეხება, ის იქ არის სულ და ზამთრში ჩამოდის თავის შვილებთან", - აღნიშნა მან სტუდია „მონიტორთან" საუბრისას. ამასვე ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ჯაფარიძეც: „ადამიანი რომელიც ცხოვრობს იქ, ეწევა მეურნეობას, მაგრამ ზამთრის განმავლობაში იმიტომ ვერ რჩება, რომ ჯანმრთელობა აწუხებს, პრობლემები აქვს და მიდის შვილთან ან ნათესავთან გამოსაზამთრებლად, ან უბრალოდ არ აქვს შეშის ფული და წავიდა - ასეთ კატეგორიას ჩვენ ვთვლიდით მუდმივად მაცხოვრებლად".
მის ამ განმარტებას ორივე ოჯახის მდგომარეობა შეესაბამებოდა. თუმცა, ხელისუფლებამ გამგებლის მძღოლის დედა ჩათვალა სოფელ გონას მუდმივ მაცხოვრებლად, გივი გობეჯიშვილის ოჯახი კი - არა.
გამგებელი გვარწმუნებდა, რომ ირინა და გივი გობეჯიშვილების სახლს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა, თანაც, მათი სახლი ხის არისო. რაჭაში ზამთარაში ასულებმა სოფელ გონაში ვერ ავაღწიეთ, რადგან სოფელთან მისასვლელი გზა ჩახერგილი იყო. თუმცა, გობეჯიშვილებმა მოგვაწოდეს მათი სახლის შესახებ სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ გაცემულ ოფიციალური დოკუმენტი. მასში მითითებულია, რომ სახლი არა ხის, არამედ ნატეხი ქვისგან და აგურისგანაა აშენებული. დოკუმენტში, აგრეთვე, მითითებულია, რომ შენობის ჩრდილოეთის მხარეს დაცილებულია ტიხარი მზიდი კედლებიდან, საჭიროა ტიხრის მოხსნა და მზიდი კედლის ამოშენება ჩრდილოთის მხარეს. სახლს დაზიანების მეორე კატგორია აქვს მინიჭებული. [pagebreak]
ორმაგი სტანდარტები სახლების შეკეთებისას
ონის რაიონის კიდევ ერთი მაღალმთიანი სოფელია ღები, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს, შესაბამისად, აქაც ბევრი სახლი დაზიანდა. სახლების შეკეთება და კომპენსაციების გაცემა, მოსახლეობის თქმით, ამ სოფელშიც შერჩევით ხდებოდა. მოსახლეობის თქმით, კომპენსაციები გაიცა იმ ოჯახებზე, რომლებიც სოფელში ზაფხულში აგარაკზე ჩადიან, ამავდროულად რამდენიმე მუდმივად მაცხოვრებელ ოჯახზე კომპენსაცია არ გაცემულა.
ღების მკვიდრმა ნელი გობეჯიშვილმა ის სახლებიც გვაჩვენა, რომლებიც თითქმის მთელი წელი დაკეტილია, თუმცა, მიწისძვრის შემდეგ ყველა მათგანი შეკეთდა.
„ერთი სახლი დაკეტილი, მეორე დაკეტილი, მესამე დაკეტილი, ეს მეოთხე დაკეტილი, მეხუთე დაკეტილი, მეექვსე, მეშვიდე. რამდენი ჩამოვთვალო, კი იქნება 100 სახლი მაინც დაკეტილი ამ პატარა სოფელში", - აღნიშნა ნელი გობეჯიშვილმა.
ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მიწისძვრისგან დაზიანებულ სახლში ცხოვრობს. ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. სახელმწიფოს 78 ლარიანი დახმარება ოჯახისთვის ძირითადი მატერიალური შემოსავალია. 2009 წლის მიწისძვრის შემდეგ სახლს რეაბილიტაცია ნაწილობრივ ჩაუტარდა, თუმცა, მხოლოდ გარედან. სახლის შიდა დაბზარული და ერთმანეთს დაცილებული კედლების შეკეთებაზე ოჯახს უარი უთხრეს.
„ასე გვთხრეს, ჩვენ ეს არ გვეხებაო, მარტო გარედან კოსმეტიკაო და შიგნითა სამუშაოები არ გვეხებაო", - იხსენებს ნელი გობეჯიშვილი. მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპენსაციების უსამართლოდ გასცა.
„მაგალითებს მოვიყვან, ბავშვობაში რომ ღებში ცხოვრობდნენ, რომ წავიდა თბილისში, ისწავლა, დარჩა მერე იქ, აქ რომ დაკეტილი აქვს სახლი და საერთოდ არ მოუქცევია ყურადღება, კომპენსაციები ზუსტად მათ მიიღეს. თამაზი ჰქვია ერთს, გაღმა დიდ სოფელში ცხოვრობს, ახლა დავინახე მე ის კაცი, გაჭაღარავებულა, ბავშვობაში ვიცნობდი და ვეღარც ვიცანი, კომპენსაცია იმან მიიღო ვალებს გავისტუმრებ ამითიო, მადლობაც არ უთქვია დაჯდა ავტობუსზე და წავიდა", - აღნიშნა ნელი გობეჯიშვილმა.
ადამიანი, რომელზეც ის საუბრობს თბილისში ცხოვრობს, თუმცა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მისმა შვილმა დაადასტურა, რომ ოჯახმა კონპენსაცია მართლაც მიიღო.
[pagebreak]
ადგილობრივი ხელისუფლების ახლობლებისთვის შეკეთებული სახლები
ღებში მიწისძვრის შემდეგ შეკეთებული სახლების უმეტესობა დაკეტილია. მათ შორის ეს სახლიც, მისკენ მიმავალ გზაზე თოვლი გაუკვალავია, აქ დიდი ხანია არავინ მოსულა. სახლი ონის გამგებლის მამიდას, ფაიზა გობეჯიშვილს ეკუთვნის. თანასოფლელების თქმით, ოჯახი რეალურად სოფელ ნაგებში ცხოვრობს. დოკუმენტის მიხედვით, ამ სახლის შეკეთებაზე გამოყოფილი თანხა, 15 ათასი ლარი, ფაიზა გობეჯიშვილის მეუღლის სახელზე გაიცა.
ზემო ღებში მცხოვრები 78 წლის მაყვალა გავაშელიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც კომპენსაცია მიიღო. თუმცა, დაზიანებული სახლის შესაკეთებლად 5 ათასი ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა.
" გვითხრეს, გაგიკეთებთო და ვიარეთ ხან აღმა და ხან - დაღმა, ონში, ამბროლაურში. მერე გამოგვიწერეს ფული, მაგრამ არ ეყო და დავანებეთ თავი. გაკეთება მერჩია. არ მინდოდა ფული დამეხარჯა, მოხუცი ავადმყოფი მყავს, შეშა არ მაქვს და ამხელა სახლი გაუკეთებელია", - ამბობს მოხუცი.
მას სახლის შესაკეთებლად მხოლოდ 5 ათასი ლარი მისცეს, რეალურად კი სახელების შეკეთებაზე გაცილებით მეტი თანხა იყო გამოყოფილი. მაგალითად, მაყვალა გავაშელიშვილის მეზობელი ჯუმბერ გობეჯიშვილის სახლის შეკეთება მთავრობას თითქმის ორჯერ მეტი - 9400 ლარი დაუჯდა. ჯუმბერ გობეჯიშვილი ონის ყოფილი მერის სიმამრია. ის ონში ცხოვრობს და ღების სახლს იშვიათად აკითხავს.
ონში სახლი შეუკეთდა საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის რაინდი მეტრეველის სიმამრს, აკაკი გუგეშაშვილს. თუმცა, ამ სახლში ის ამ დროსთვის აღარ ცხოვრობდა, რადგან მიწისძვრამდე ერთი წლით ადრე, 2008 წელს უკვე გარდაცვილი იყო. მიუხედავად ამისა, დოკუმენტის მიხედვით, სახლის შესაკეთებლად გამოყოფილი თანხა სწორედ გარდაცვლილ მეპატრონეზეა გამოწერილი.
[pagebreak]
20 წელი უსახლკაროდ
რაჭაში არიან ოჯახები, რომლებიც 20 წელია უსახლკაროდ არიან დარჩენილნი. მათი სახლები 1991 წლის მიწისძვრის დროს დაენგრათ და დღემდე უსახლკაროდ არიან. მათზე საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის ზაფხულში, ამბროლაურში სტუმრობისას ისაუბრა და მათ დახმარებასაც დაჰპირდა. „90-იანი წლების მიწისძვრით დაზარალებულთათვის დავიწყებთ ხელახლა სახლების გაკეთებას, ხელახლა კომპენსაციის მიცემას და თქვენც ისევე უნდა მოგხედოთ, როგორც მივხედეთ ახალ და ძველ დევნილებსაც. ჩვენთვის არ არსებობს ახალი და ძველი დაზარალებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
თუმცა პრეზიდენტის ამ დაპირების მიუხედავად, რაჭაში დღესაც არიან უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, მაგალითად, რუსუდან ჩიკვაიძე. მას სახლი სოფელ ღარში 1991 წელს დაენგრა. „დაგვენგრა საცხოვრებელი სახლები, დღემდე ზოგიერთი ნათესავთან, ზოგიერთი მეზობელთან და ზოგი ვაგონში ცხოვრობს. ყოფითი მდგომარეობა გაუსაძლისია, ზამთარში განსაკუთრებით უარესდება. 19 წელია ვართ უკეთესობის იმედით", - ამ ტექსტს დახმარების მიღების იმედით რუსუდან ჩიკვაიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს სწერდა. თუმცა, კომპენსაცია მას დღემდე არ მიუღია.
დაზარალებულია 55 წლის მარინა სამხარაძეც. ის ონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მეხუთე სართულზე შვილთან ერთად ცხოვრობდა. საცხოვრებელი 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ ჩამონგრევის საშიშროების გამო მშენებლებმა ზედა ორი სართული მოხსნეს. ბინის მეპატრონეები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. სახელმწიფო მათ ახალი საცხოვრებლის მიცემას დაჰპირდა, მას შემდეგ 20 წელი გავიდა, იგი დღესაც უსახლკაროა.
„ამდენი წელი ასე უბინაოდ ვართ. ღამის გასათევი არ გვაქვს არც მე და არც - ჩემს შვილს. ადგილობრივი გამგეობა გვეუბნება, დაიცადეთ იქნება, დაიცადეთ იქნება და როდემდე დავიცადო! 20 წელია უბინაოდ ვართ. ჩემი შვილი იყო მერვე კლასში მიწისძვრა რომ მოხდა, ახლა არის 35 წლის კაცი და უბინაოდ არის", - აღნიშნა მარინა სამხარაძე.
მარინას შვილი ვეფხია კობერიძე დღეს თბილისში, ერთ-ერთ პროფილაქტაში მუშაობს. უსახლკარო თანამშრომელს უფროსმა ღამის გასათევად ვაგონი დაუდგა. ეს ვაგონი ვეფხიასათვის სახლად იქცა.
უსახლკაროდაა დარჩენილი მარინა მაისურაძეც. 1991 წელს მიწისძვრამ სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან სახლში მისი ბინაც დაანგრია, ხოლო 2009 წლის მიწისძვრამ სოფელ ცხმორში მეუღლის საცხოვრებელი სახლიც დააზიანა. ოჯახს დახმარება არც ამ სახლზე მიუღია.
საკითხის გასარკვევად ონის საკრებულოს მივმართეთ. საკრებულოს თავმჯრომარემ გვითხრა, რომ ხელისუფლებას 1991 წლის დაზარალებულებზეც ჰქონდა ვალდებულება აღებული:
„1991 წლის მუდმივი მაცხოვრებელი ოჯახები ვინც არიან, ჩვენ ვალდებულება გვაქვს 2011 წლის დეკემბრის ბოლომდე გავცეთ მათზე თანხები. ეს თანხები გვაქვს ჩვენ წლის ბოლომდე გასანაწილებელი", - აღნიშნავდა შალვა ჯაფარიძე.
1991 წლის მიწისძვრით დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად ონის საკრებულომ განკარგულება გასული წლის 7 ივლისს მიიღო. განკარგულების "ე" პუნქტით სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ორი სართულის გადახსნის შედეგად დაზარალებულთა კომპენსირებაც იყო გათვალისწინებული. თუმცა 2011 წელი ისე დასრულდა, რომ 1991 წლის მიწისძვრით დაზარალებულებს დახმარება არ მიუღიათ.
ირაკლი კაკაბაძე