30.03.2012

რელიგიურ უმცირესობათა უფლებები სახალხო დამცველის ანგარიშში

სტატიები  (photo: )

 

2011 წელს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი კანონდარღვევები მკვეთრად შემცირდა და სამართალდამცავების მხრიდანაც ანალოგიურ დანაშაულებებზე რეაგირებაც უფრო ადეკვატური გახდა - ნათქვამია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში.

 

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც რელიგიურ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, შეხედულებებისამებრ აირჩიონ რეგისტრაციის ფორმა ან საერთოდ არ გაიარონ რეგისტრაცია და არარეგისტრირებულ კავშირად იარსებონ. ეს ცვლილებები რელიგიურ გაერთიანებებს თანაბარ პირობებში აყენებს და მათი დისკრიმინაციის შესაძლებლობას ამცირებს.

ყურადღება გამახვილებულია იმ საზოგადოებრივ პროტესტზეც, რაც პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მართმადიდებლური ეკლესიის მრევლის მხრიდან.

,,საკანონმდებლო ცვლილებას მოჰყვა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის,  მედიისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქსენოფობიისა და არმენოფობიის გამოვლინებებში გადაიზარდა" _ ვკითხულობთ ანგარიშში, თუმცა საბოლოოდ ხაზგასმულია მართმადიდებლური ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილების პოზიტიური როლი, როცა მან მრევლს სიმშვიდისაკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა ნებისმიერი ადამიანისა და რელიგიური გაერთიანების თანასწორობას კანონის წინაშე და რელიგიის თავისუფლებას.

ისევ იგრძნობა ნეგატიური დამოკიდებულება იაჰოვას მოწმეების მიმართ. "რელიგიურ უმცირესობებს,  განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეებს,  საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების ნაწილი ვერ აღიქვამს საზოგადოების სრულფასოვან და თანასწორუფლებიან წევრებად,  შედეგად,  ხშირია მათ მიმართ პირდაპირი თუ ირიბი

დისკრიმინაცია."- ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე პრობლემად რჩება საგადასახადო კოდექსი, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს პრობლემებს უქმნის. ამას გარდა, გამოუძიებელია დარჩა 2008-10 წლებში რელიგიური დევნისა და დისკრიმინაციის 40-მდე შემთხვევა.

არ დაწყებულა საუბარი რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი. რამდენიმე ნაგებობის დაბრუნებას ითხოვენ სომეხთა სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიები და მუსლიმთა თემი.

სახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციას აძლევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქებასა და რელიგიური მრავალფეროვნების, კულტურისა და ტრადიციების ანალიზს.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი