02.04.2012

დედამიწის საათი1

 

31 მარტს თუ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვიდეო-პორტალზე - "იუთუბზე" შეხვიდოდით, იქაურობა ჩაბნელებული დაგხვდებოდათ.

 

მთელი დღის განმავლობაში, ვიდეო-პორტალის მარჯვენა კუთხეზე, ყვითელი ნათურა ეხატა. ნათურაზე დაწკაპუნებით, მომხმარებელი „დედამიწის საათის" (Earth Hour) ოფიციალურ ვებ-გვედზე გადადიოდა.

სლოგანით: „მე გავაკეთებ, თუ შენც გააკეთებ"(I will if you will) აქცია „დედამიწის საათი" უკვე გლობალური აქციაა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაწევრიანება.

რა არის დედამიწის საათი?

ყოველი წლის მარტის თვის ბოლო შაბათ დღეს, საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე, როცა მზე ჩასულია და დედამიწაზე ბუნებრივი განათება აღარაა - ბნელა, ამავე პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების, ორგანიზაციების და ქალაქების ნაწილი ერთი საათით შუქს აქრობს. ამით საკუთარ თავს და სხვებს აფიქრებს, რომ დედამიწის რესურსები გამოლევადია და მნიშვნელოვანია მისი გონივრულად გამოყენება.

აქციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კლიმატის ცვლილებაზე დაფიქრებაცაა:  მეცნიერების ნაწილი დედამიწაზე მიმდინარე ცვლილებების - ტემპერატურის მატების, წყლის რესურსების შემცირების, ზოგი სახეობის გადაშენების, საწვავის წვის და სათბურის ეფექტის მქონდე აირების ჰაერში გამოფრქვევის მიზეზად სწორედ ადამიანს მიიჩნევს.

„დედამიწის საათის" აქციის მონაწილეები კი ფიქრობენ, რომ რადგან ადამიანი თავისი არსებობით და საქმიანობით ცვლის პლანეტას, ერთი საათით ელექტროენერგიის გამორთვით,  ცოტას მაინც 'ასვენებს' მას.

აქცია „დედამიწის საათის" მთავარი იდეა მაინც ადამიანების დაფიქრებაა.  პლანეტის ბინადრებმა უნდა გაიაზრონ, რომ საჭიროა რესურსების გონივრულად გამოყენება იმის გათვალისწინებით, რომ რესურსის ნაწილი, რაც ადამიანმა საკუთარი თავის საკეთილდღეოდ უკვე გამოიყენა,  აღარასოდეს აღდგება.

დედამიწის საათის იდეა პირველად 2007 წელს, ავტრალიაში გაჩნდა. სიდნეიში, 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა და 2000-ზე მეტმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელმა, ერთი საათით შუქი გამორთო.  ამით დედამიწის ე.წ. "მწვანე კონტინენტი" კლიმატის ცვლილებას გამოეხმაურა.

2008 წელს, ავსტრალია, კანადა და სხვა 37 ქვეყანა და 400 ქალაქი შეუერთდა აქციას. მალე დედამიწის საათი ყოველწლიური გლობალური მოვლენა გახდა.

მომდევნო წლებში აქციას მსოფლიოს ბევრი ცნობილი შენობა შეუერთდა - სტადიონი „ჩიტის ბუდე" პეკინში, იასის კუნძული აბუ-დაბიში, ბუკინგემის სასახლე ლონდონში, სენტ-ლუისის თაღი მისურის შტატში, ბოსფორის ხიდი სტამბულში, სფინქსი და პირამიდები ეგვიპტეში, სიდნეის ნავსადგური ავსტრალიაში, ბიგ-ბენი ლონდონში - მარტის ბოლო შაბათს ერთი საათით შუქს აქრობს.

საქართველო აქციას 2009 წელს შეუერთდა. მაშინ პირველად "დედამიწის საათის" აღსანიშნავად, პირველად ჩაქრა თბილისის სატელევიზიო ანძა, თბილისის საკრებულო, სასტუმრო "მერიოტი," თავისუფლების მოედანი, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობა, საქართველოს პარლამენტი, მშვიდობის ხიდი და დედაქალაქის ზოგი სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობა.

შარშანდლის მსგავსად, აქციის მონაწილეები წელსაც ვაკის მრგვალ ბაღში შეიკრიბნენ.  თბილისის აქციას გარემოს დაცვის მინისტრი,  მისი მოადგილე და სამინისტროს "მწვანე კლუბის" წევრებიც შეუერთდნენ.  სამინისტრო, CENN-თან და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობასთან ერთად, აქციას ხელმძღვანელობდა.

რას ფიქრობდნენ აქციის მონაწილეები კლიმატის ცვლილებაზე?  მრგვალ ბაღთან შეკრებილი ახალგაზრდობის ნაწილს, რომელიც ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დათანხმდა,  საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ კლიმატის ცვლილებაზე.

[video:http://www.youtube.com/watch?v=UmYCJSk2yR8]

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა  გოგა ხაჩიძემ, წუხილი გამოთქვა, რომ ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება აქვს.

[video:http://www.youtube.com/watch?v=FZAEvKZRVOY]

როგორია ქართული მოსახლეობის ცნობიერების დონე კლიმატის ცვლილებაზე თუ ზოგადად, იმ გარემოზე, სადაც ცხოვრობს? ამაზე კვლევა არავის ჩაუტარებია.

თუმცა,  საქართველოში „დედამიწის საათის"  კოორდინატორის, ანა ნემსიწვერიძე-დანიელსის თქმით, ქვეყანაში გარემოსდაცვითი „ცნობიერების საკმაოდ დაბალი დონეა."

„იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც მართლაც საკუთარ სახლებში სინათლე და ელექტრომოწყობილობები  გამორთო,  ისევ საკმაოდ მცირეა", - ამბობს ანა ნემსიწვერიძე-დანიელსი. -„ მაგრამ ჩვენი მიზანია საქართველოში ამ ღონისძიების გამყარება. იმედი მაქვს, რომ მომავალში "დედამიწის საათს" ახალი წელივით აღნიშნავენ - ყველას ეცოდინება მის შესახებ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, ყველა გამორთავს სინათლეს ერთი საათით."

ცვლის თუ არა ასეთი აქციები ადამიანების ცნობიერებას და აფიქრებს თუ არა უფრო მეტზე, ვიდრე ერთი საათით შუქის გამორთვაა?

„რა თქმა უნდა, ადამიანთა აზროვნება იცვლება", - ამბობს დანიელსი. -„ ეს იქიდანაც ჩანს, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი მონაწილე უერთდება აქციას. წელს ლიბიაშიც აღნიშნეს!"

„დედამიწის საათის" ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით,  2007 წლიდან 2011 წლამდე, აქციას 135 ქვეყანა და 1,8 მილიარდი ადამიანი შეუერთდა.

წელს აქციას შეუერთდნენ საქართველოს რეგიონებიც.  ერთი საათით ჩაქრა შუქი თელავში,  ბათუმის სასტუმრო „შერატონში",  ქუთაისის უნივერსიტეტში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და ზუგდიდის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი