04.04.2012

"ყველა ციხეში!"

 

"N-ს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის ედებოდა ბრალი. ეს მუხლი 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ორი შემამსუბუქებელი გარემოება - სამედიცინო დასკვნა მისი სრული უსინათლოობის შესახებ და ის ფაქტი, რომ იგი 70 წელზე მეტის იყო. შეეძლოთ მისთვის 7-9 წელი მიესაჯათ, მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები და იმდენი მიუსაჯა, რამდენიც პროკურორმა მოითხოვა," - ბოლო წლებში ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ამგვარი მაგალითების პოვნა არ ჭირს და ეს ყველაფერი იმ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის სახელითაა ცნობილი.

 

სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით პარლამენტის წინაშე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2006 წელს წარსდგა: "ვაცხადებ ახალ კანონპროექტს - ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! ამ დანაშაულებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს - ყველა ციხეში!" - მიხეილ სააკაშვილმა "ნულოვანი მოთმინება" გამოუცხადა ყველა დანაშაულს: "ჰუმანურობის ნიადაგზე ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს. ამისთვის 3000-კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებთ, მზად ვართ, ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ოთარ კახიძის განცხადებით, 2006 წლამდე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანა იყო კრიმინოგენული თვალსაზრისით, ხოლო თბილისი - ყველაზე საშიში დედაქალაქი: "საზოგადოებაში გამეფებული იყო დაუსჯელობის განცდა, ხოლო საქართველო, დამნაშავეობის კუთხით, ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სახელმწიფოდ." მისი თქმით, "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკამ დაასრულა კრიმინოგენული განუკითხაობის ის 14 წელი, რომელიც ქვეყანაში 1992-დან 2006 წლამდე სუფევდა.

ოთარ კახიძე ამბობს, რომ ამ პოლიტიკას სამი სამინზე ჰქონდა: ქურდული სამყარო, რადგან ისინი აკონტროლებდნენ ქვეყანაში კრიმინოგენულ სიტუაციას; კორუფცია და ე.წ. ქუჩის დანაშაულები, რომელიც სისტემურ ხასიათს ატარებდა: "ე.წ. ქუჩის დანაშაულის ხვედრითი წილი დანაშაულთა მთლიანი მაჩვენებლის 2/3-ს შეადგენდა."

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფომ რამდენიმე ცვლილება შეიტანა კანონში, კერძოდ: "გამკაცრდა სასჯელის ზომები, როგორც აღნიშნულ, ასევე ნარკოდანაშაულებზე, დანაშაულად გამოცხადდა ავტონაწილებისა და ტექნიკის უსაბუთოდ ჩაბარება და განისაზღვრა სასჯელის სრულად შეკრების წესი." ასევე დაიწყო კორუფციისა და ე.წ. კანონიერი ქურდებისა წინააღმდეგ ბრძოლა, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 170-ზე მეტ პირს დაედო მსჯავრი. ოთარ კახიძე წარმატებულად მიიჩნევს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას: "ყოველგვარი ეჭვისა და დათქმის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკამ ძალიან წარმატებულად იმუშავა. მთლიანობაში სიტუაცია არის რადიკალურად გაჯანსაღებული. საზოგადოებამ ამოისუნთქა და თავს გრძნობს დაცულად, საქართველო კი არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში."

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მონაცემების მიხედვით 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველომ 183 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა, ხოლო 2005 წელს, ანუ "ნულოვანი ტოლერანტობის" გამოცხადებამდე - 158 ქვეყანას შორის 130-ე იყო.

მიუხედავად კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებისა, "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკამ შედეგად მოიტანა არაპროპორციული სასჯელები, მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა და ციხეების გადატვირთულობა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა მიხედვით, 2012  წლის იანვრის მდგომარეობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ  24 079 პირი. პატიმრობის ინდექსი კი 100 100 მოსახლეზე 540-ზე მეტია, როცა ევროპული სტანდარტი 100 000 მოსახლეზე 150-ია.

სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, ციხეები გადატვირთულია და ერთ საკანში დაშვებულზე მეტი პატიმარი იმყოფება, ამით კი პატიმართა უფლებები ირღვევა.

"ნულოვანი ტოლერანტობის" დადებით და უარყოფით შედეგებზე იურისტებიც საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი დიმიტრი ხაჩიძე მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდა: "ასეთი პოლიტიკა დანაშაულის შემცირებას კი იწვევს, მაგრამ მეორე მხარე ისაა, რომ "ნულოვანი ტოლერანტობის" ბადეში მოყვა ბევრი ისეთი, ვინც არანაირად არ იმსახურებს ციხეში ჯდომას." მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სასჯელის შეკრებითობაა.[pagebreak]

მისი განცხადებით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენისთვის პატიმრობა აუცილებელი არაა და მისი გამოსწორების ალტერნატიული გზები უნდა არსებობდეს. დიმიტრი ხაჩიძე გამოსავალს ხშირ ამნისტიაში, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციასა და სასამართლოს როლის გაზრდაში ხედავს.

იმავე პრობლემებზე საუბრობს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"  იურისტი გაგი მოსიაშვილი: "ნულოვანი ტოლერანტობა" გულისხმობს მაქსიმალურად დიდი სასჯელის შეფარდებას, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან სასჯელის მიზანი დამნაშავის რესოციალიზაციაა, ამიტომ მაღალი სასჯელის დანიშვნა ნაკლებად პერსპექტიულია." საია-ს იურისტის განცხადებით, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს როგორც დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები. მაგრამ ამ უკანასკნელს უმეტეს შემთხვევაში არ აქცევენ ყურადღებას. გაგი მოსიაშვილი საუბრობს სასჯელის არაადეკვატურ ზომაზე, როგორც ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთ უარყოფით მხარეზე: "იყო შემთხევა, როცა პირს ასამართლებდნენ ნარკოდანაშაულისთვის, რაც 6 თვიდან 11 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა. მაშინ, როცა შეეძლოთ 3-5 წელი მიესაჯათ, სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა. ასევე იყო შემთხვევა, როცა 25 ლარად შეფასებული ზარალისთვის პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Mმას 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედებოდა ბრალი, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 3 წლამდე. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემობა, რომ მსჯავრდებული C ჰეპატიტით იყო დაავადებული და მისთვის რაც შეიძლება ნაკლები სასჯელი დაეკისრებინა, თუმცა, ეს არ მოხდა,"- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, "ნულოვანი ტოლერანტობა" ყოველი მოქალაქის კანონმორჩილებისთვის არსებობს, მაგრამ საქართველოში არასწორად ხორციელდება. მაგალითად კი ადვოკატ კობა სოხაძის საქმე მოჰყავს: "კობა სოხაძე იღებდა პატრულისგან ნაცემი მოქალაქის ვიდეოს. კამერა წაართვეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოვითხოვე იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმაც მოითხოვა მათი დასჯა. ვინმეს გაახსენდა მაშინ ნულოვანი ტოლერანტობა?! თუ ასეთი პოლიტიკა არსებობს, იგი ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს."

2011 წლის ანგარიშში "ნულოვან ტოლერანტობაზე" საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროსასამართლოს კომისარი ტომას ჰამარბერგი. მისი განცხადებით, ამ პოლიტიკის გატარების შემდეგ დანაშაულის რიცხვი მკვეთრად შემცირდა. თუმცა, შეშფოთებას გამოთქვამს იმ უარყოფით შედეგებზე, რაც ამ პოლიტიკამ მოიტანა. იგი ყურადღებას ამახვილებს გრძელვადიან საპატიმრო სასჯელასა და სასჯელის ვადის არაპროპორციულობაზე. ამის მაგალითად კი მოჰყავს 2011 წელს გასამართლებული პირი, რომელსაც 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს 15 ევროდ შეფასებული ზარალისთვის.

კომისარი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად რეფორმებისა, სადაც ყურადღება მახვილდება პატიმრობის ალტერნატიული გზებით შეცვლაზე, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამო თავისუფლების აღკვეთა საქართველოში მაინც ხშირად გამოიყენება: "უზენაესი სასამართლოს 2010 წლის მონაცემებით, საქმეების 45%-ის შემთხვევაში სასჯელის ზომად პატიმრობა იყო გამოყენებული, რაც 2009 წლის მონაცემებთან შედარებით არ შეცვლილა," - ვკითხულობთ კომისრის 2011 წლის ანგარიშში.

ევროსაასმართლოს კომისარი ერთ-ერთ პრობლემად წინასწარი პატიმრობის გამოყენებისა და მისი ვადის გაგრძელებას მიიჩნევს: "შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სისტემურ ხასიათს ატარებს."

ტომას ჰამერბერგმა საქართველოს მთავრობას სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მოუწოდა, ასევე რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას, წინასწარი პატიმრობა გამოიყენონ, როგორც უკიდურესი ზომა. ხოლო რამდენადაც შესაძლებელი იქნება, პატიმრობა შეიცვალოს ალტერნატიული გზებით.

სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის შემდეგ სახელმწიფო კანონის ლიბერალიზაციაზე მუშაობს: "ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ შემოვიტანოთ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული მექანიზმები, ესენია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, განრიდება და სხვა პროგრამები. მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვა, როგორც  მოდერნიზაციის, ისე გარკვეული სასჯელების შემსუბუქების მიმართულებით. შემოვიდა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, ანუ დანაშაულთა ერთობლიობისას იკრიბება მეორე დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ვადის 50%-დან 100%-მდე,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

მეტი