07.04.2012
გიორგი პერტაია: ბიზნესისთვის სასარგებლო ცვილებები
2011 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ბიზნეს რეგულაციის კუთხით. იგივე „საგადასახადო კოდექსში" ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა. როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებებს?
კანონში, რომელიც 2011 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, დაახლოებით სამასამდე ცვლილება შევიდა. ამდენი ცვლილებები ბიზნესმენებისთვის ხშირად გაურკვევლობას იწვევს. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებების უმეტესობა, დაახლოებით 90%-მდე ბიზნესისთვის კარგი იყო. ძალიან ბევრი რამ დაზუსტდა კანონში.
2011 წლის დასაწყისშივე ის მთავარი პრობლემები, რაც წლების განმავლობაში ბიზნესმენებს აწუხებდა, მოგვარდა. მაგალითად, ეს იყო საწარმო დანაკარგების თემა, ინვენტარიზაციის საკითხი, საწვავის ჩამოწერის საკითხი. ასევე დადებითი მოვლენა იყო მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსების შემოღება. მიკრო ბიზნესს, რეალურად, კანონმდებლობის მიხედვით ეკუთვნოდა გადასახადის გადახდა (გარდა მეწაღეების, მესაათეების და ა.შ. რომლებიც კონკრეტულ ფართზე საქმიანობდნენ), მაგრამ გადასახადს არ იხდიდა და „შავ ბიზნესად" ითვლებოდა. ამ ცვლილებამ ასეთ პირებს საშუალება მისც,ა კანონის ფარგლებში მოქცეულიყო, „შუქზე" გამოსულიყო, არაფრის შიში არ ჰქონოდა და მომავალში განვითარებაზე ეფიქრა. ამავე დროს, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები არ არიან ვალდებული სალარო აპარატები გამოიყენონ.
ეს სტატუსები მეწარმეებში ხშირად გაურკვევლობას იწვევს. მათ არ იციან რას გულისხობს სტატუსი, როგორ უნდა აიღონ. ბევრმა შეიძინა კიდეც სალარო აპარატი იმის გამო რომ ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდა?
კანონში წერია, რომ მიკრობიზნესს არ აქვს ვალდებულება ჰქონდეს სალარო აპარატი. კოდექსით განსაზღვრულია, ვის შეიძლება მიენიჭოს მიკრო ბიზნესის სტატუსის. სტატუსის აღება პრობლემას არ წარმოადგენს, ძალიან მარტივია. საჭიროა შემოსავლების სამსახურში მისვლა. მეწარმე დაწერს განცხადებას, გარკვეული დროის განმავლობაში ელოდება განცხადებას როდის განიხილავენ, - ამის შემდეგ კი სტატუსის დამადასტურებელ სერთიფიკატს იღებს. თავიდან გაურკვევლობა იყო სტატუსებთან დაკავშირებით, ძირითადად რეგიონებში, რადგან ფიქრობდნენ, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად ხდებოდა. რიგ შემთხვევებში არცოდნის გამო, გადასახადის გადამხდელები არღვევენ კანონს, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმის მოხსნას იმ შემთხვევაში, თუ პირის ქმედებას ბიუჯეტისათვის ზიანი არ მიუყენებია, შესაბამისად, მე არ მახსოვს შემთხვევა, რომელსაც მეწარმის აღნიშნული მუხლით ვერ ესარგებლოს.
ისევ საკანონმდებლო ცვლილებებს რომ დავუბრუნდეთ და უფრო კონკრეტულად დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბროთ?
ჩვენი კვლევების მიხედვით ძალიან პოპულარულია და გაამართლა კერძო აუდიტის პროექტმა, რომლის მიხედვითაც კერძო აუდიტს შეუძლია საგადასახადოს მაგივრად შეამოწმოს ბიზნესი. კომპანიაში შესამოწმებლად შემოსავლების სამსახური კი არ შედის არამედ კერძო აუდიტორი, რომლის მიერ შემოწმებულ მონაცემებს შემოსავლების სამსახური ეყრდნობა.
მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე, მედიაციის საბჭოს ამოქმედება. ადრე ბიზნესსა და შემოსავლების სამსახურს შორის ნაკლები კომუნიკაცია იყო, შევიდოდა საგადასახადო კომპანიაში და მეწარმეს არ ქონდა ინფორმაცია რას წერდა შემმოწმებელი, რა არ მოსწონდა, რა დათვალეს, გარკვეული დროის შემდეგ კი მეწარმე იღებდა საგადასახადო შემოწმების აქტს, რომლის გასაჩივრება შესაძლებელი იყო შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში.
მედიაცის საბჭოს არსებობის პირობებში, აქტის დაწერამდე მზადდება აქტის პროექტი, რომელსაც ეცნობა მეწარმე და თუ არ ეთანხმება დარიცხვას, შეუძლია მიმართოს მედიაციის საბჭოს და საბოლოო აქტის გამოცემამდე წარადგინოს არგუმენტები საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად და დავის გარეშე დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე მედიაციის საბჭოში.. შემოსავლების სამსახურს აქვს აღნიშნული სტატისტიკს, რომლის მიხედვით დარიცხული თანხების დიდი ნაწილია გაუქმებულია სწორედ აქტის დაწერამდე, გასაჩივრებამდე. ფაქტიურად, მეწარმე აქტის დაწერაში მონაწილეობას იღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.[pagebreak]
უარყოფით ცვლილებებზე რას იტყვით?
უარყოფითი, შეიძლება ითქვას ისაა, რომ კანონში რამდენიმე მუხლია, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა. არ შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ერთი და იგივე მუხლი თუნდაც ორჯერ შეიცვალოს. ალბათ, ცვლილებები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ სხვა მოცემულობები დადგა, სხვა მოთხოვნები გაჩნდა. საერთო ჯამში, ყველა ეს ცვლილება დადებითია. შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთის მხრივ, ბიზნესს მოსწონს ეს ცვლილებები, მეორე მხრივ, არ მოსწონს, რომ კანონმდებლობა ძალიან ხშირად იცვლება. ეს ერთგვარი პარადოქსული მდგომარეობაა.
თქვენთან ბიზნესმენები სხვადასხვა პრობლემებით მოდიან, რა აწუხებთ მათ, მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის დღეს რა არის?
ცალკე აღებული ერთი პრობლემა აღარ არის. ამჟამად, ინტერესია ელექტრონულ ზედნადებებზე, ბევრი კითხვებით რეკავს, რადგან ეს სიახლეა და უფრო მეტი აინტერესებთ. არის ისეთი თემებიც როგორიცაა, სალარო აპარატების თემა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, რაც კერძო საგადასახადო ინსპექტორების ინსტიტუტი ამოქმედდა, ჯარიმებზე საჩივრები შემოდიოდა. სხვათა შორის, ეს კერძო საგადასახადო ინსპექტორების ინსტიტუტი, შეიძლება, შემოსავლების სამსახურის ყველაზე არაპოპულარულ პროექტად ჩავთვალოთ. თუმცა შემოსავლების სამსახურის მიზანი რაც იყო, ვეთანხმებით. სანამ ეს პროექტი დაიწყებოდა ბიზნესმენების დაახლოებით 30% სალარო აპარატებს არ იყენებდა. ეს იყო დაკარგული შემოსავლები, რომელიც სახელწიფოს ეკუთვნოდა და ბიზნესმენების გარკვეული რაოდენობა არ იხდიდა. შემოსავლების სამსახურს რა მიზანიც ჰქონდა კერძო საგადასახადო ინსპექტორის შემოღებით ამას მიაღწია და მივესალმებით. კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. თვითონ ფორმას რაც შეეხება, ჩვენ ვამბობდით, რომ საკამათო იყოს ის ნაწილი, რომ კერძო ინსპექტორის ხელფასი მიბმული იყო ჯარიმების რაოდენობაზე. თუმცა შედეგი რაც მივიღეთ ძალიან კარგი იყო.
როგორც აღნიშნეთ სამასამდე ცვლილება შევიდა და ეს ალბათ ბიზნესმენებისთვის გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. როგორ ფიქრობთ, ასეთი ბიზნეს გარემო რამდენად მისაღები შეიძლება იყოს უცხოელი ინვესტორისათვის?
თუკი დადებითი ცვლილებები შედის კანონში, მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ. 2011 წელს ძალიან ბევრი ცვლილება ბიზნესის უშუალო მონაწილეობით მომზადდა. განსაკუთრებით კერძო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, რაც გულისხმობს, რომ ადრინდელთან შედარებით ბიზნესმა წინასწარ იცოდა რა იცვლებოდა.. სანამ შემოსავლების სამსახური ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე იწვევს ბიზნესმენებს, ექსპერტებს ანუ კომუნიკაცია და ჩართულობა არსებობს. გამომდინარე აქედან ცვლილებები ბიზნესისათვის დისკომფორტს არ უნდა ქმნიდეს.
მაგრამ ეს უცხოელ ინვესტორებს რამდენად ეხება, მათ ხომ არ იციან და ზოგად ბიზნეს გარემოს აფასებენ?
უცხოელმა ინვესტორებმა წინასწარ არასდროს არ იციან საქართველოში რა ხდება. ინვესტორი რომელიმე აუდიტორულ კომპანიას ქირაობს, უხსნის რისი გაკეთება უნდა და კერძო აუდიტორი ბიზნეს გარემოს აცნობს. ამიტომ მათთვის ეს პრობლემა არ არის, ასე შედიან ისინი ყველა ბაზარზე. ინვესტორისთვის დღეს საქართველოში შემოსვლის დროს არანაირი პრობლემა არ არსებობს, ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეუძლია, რაც მთავარია, შეუძლია ინფორმაცია მიიღოს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს და გარანტიას აძლევს, რომ მომავალში ის რაც დაუწერა აუდიტორულმა კომპანიამ, დაბეგვრის რეჟიმზე თუ სხვადასხვა საგადსახადო საკითხზე, ასე იქნება.
საერთაშორისო რეიტინგებში ხშირად საქართველო ვერ ხვდება. თუნდაც ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო გარემოს მქონე 50 ქვეყანას შორის ბლუმბერგის კვლევის მიხედვით, საქართველო არ შევიდა. როგორ შეფასებდით ამ საკითხს?
ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, ერთია რომ ძალიან ხშირად მოძველებულ მონაცემებს იღებენ, მეორე ისეთ მეთოდოლოგიას იყენებენ, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ. ვერ გეტყვით, ზუსტად რატომ ვერ ვხვდებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რა ბიზნეს კლიმატია საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით.
2011 წელი ძალიან კარგი წელი იყო ბიზნესისთვის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაც ბიზნესის ხარჯზე გვაქვს. - ძალიან დიდი ხანია არ გვქონია ისეთი კარგი წელი ბიზნესისთვის როგორც 2011 წელი იყო. წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით სტაბილურობა იყო, საგარეო რისკები და საგადასახადო წნეხი შემცირდა, კანონმდებლობა გაუმჯობესდა. ამის შედეგი იყო, რომ შემოსავლები გაიზარდა. ეს მდგომარეობა საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ მთავრობა ამ კურსს გააგრძელებს და არ დაუბრუნდება იმ ძველ კურსს, როდესაც კანონმდებლობის ხარვეზების გამო უფრო ძლიერი წნეხი არსებობდა.
ნინო ბექიშვილი