11.04.2012
გიგა ბოკერია - ფართომაშტაბიანი მოქმედების მყისიერ შანსებს ვერ ვხედავთ
"ეხო მოსკვისთან" საუბარში, ომის საფრთხეებზე ისაუბრეთ. რატომ თვლით, რომ მოიმატა ომის საფრთხემ?
ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე პოზიცია, რომელიც ახლახან შემუშავებულ „უსაფრთხოების კონცეფციაშიც" ასახულია, როგორ ვაფასებთ ჩვენ, რა იყო და არის ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის ამოცანა.
პრობლემის არსი რუსეთსა და საქართველოს შორის არასდროს ყოფილა აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი. ამ ორ რეგიონში, უფრო მეტად კი ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან, პრობლემები გვქონდა, თუმცა, ოკუპირებული რეგიონს მიღმა ოსების დიდი ჯგუფი ჩვეულებრივად, მშვიდობიანად ცხოვრობს.
ცხინვალის რეგიონში სეპარატიზმზე საუბარი უადგილოც კია, რადგან 2000 წლიდან ადგილობრივ "სეპარატისტი" ჩინოვნიკები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ან უსაფრთხოების ბიუროკრატებმა ჩაანაცვლეს. ამ ხალხს არანაირი შეხება არ ჰქონია ადგილობრივ თემთან. ეს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკაა - რუსები არ ენდობიან ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეების თემს, მათ შორის არც იმათ, ვინც 90-იანი წლების დასაწყისში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა.
აფხაზეთთან მიმართებით, შიდა საკითხებში შედარებით მეტ ავტონომიასთან გვქონდა საქმე, მაგრამ საკვანძო თანამდებობზე, (თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე) პირდაპირ რუსეთის ბიუროკრატიის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ. მუდმივად ხდებოდა იმის დემონსტრირება, რომ უსაფრთხოების საკითხებზე აფხაზეთში არანაირი შიდა დისკრეცია არ არსებობდა.
აფხაზეთს მეტი ავტონომია აქვს ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ როცა საქმე მიდგება უსაფრთხოებაზე, იქ ყველა გადაწყვეტილება ბოლომდე კოორდინირებულია - საოკუპაციო ჯარების მეშვეობით რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის სრულ კონტროლს ახორციელებს.
დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს - ოსეთი და აფხაზეთი არც 2008 წლის აგრესიის მიზეზი არ ყოფილა.
საბაბი ხომ იყო?
რუსეთი ჯერ "გენოციდის აღკვეთით" იმართლებდა თავს, ეს აბსურდი დღეს დაივიწყეს და უკვე ღიად საუბრობენ ნატოს გაფართოების აღკვეთაზე. რუსეთის აგრესიის მიზეზი ყოველთვის იყო ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რათა აღდგენილიყო მათი კონტროლი რეგიონზე.
თვლით, რომ ეს ომი საქათველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყო?
რუსეთის ფედერაციას ეს დამოკიდებულება საქართველოს ყველა ხელისუფლების მიმართ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ჩვენ სულ გვესმოდა დამოგოგია: "პრობლემა არა გვაქვს ქართველ ხალხთან, არ მოგვწონს ხელისუფლება".
საქართველოს ყველა პრეზიდენტი, როგორც კი დამოუკიდებლად მოქმედებას ცდილობდა, რუსებისთვის სხვადასხვა საბაბით მიუღებელ ფიგურად იქცეოდა ხოლმე. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლისთვის საქართველო ბევრად უფრო წინ წავიდა, ვიდრე ადრე.
ვერ ვიტყვით, რომ რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია?
რა თქმა უნდა, ვერა. ისინი საქართველოს ვერ აკონტროლებენ, თორემ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ყოველთვის მათი კონტროლის ქვეშ იყო.
მათი ამოცანა იყო ის, რაც მოხდა 1921 წელს და 90-იანი წლების დასაწყისში, როცა რუსეთმა მიაღწია იმას, რომ 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ, საქართველოში ყველა საკვანძო თანამდებობაზე რუსეთის რეზიდენტები დაინიშნენ - უშიშროების მინისტრად, თავდაცვის მინისტრად, შშს მინისტრად. ხშირად ეშლებათ და კაპიტულაცია დსთ-ში შესვლა ჰგონიათ, არადა, კაპიტულაცია სწორედ ეს იყო. საქართველოს უშიშროების მინისტრს "ვარდების რევოლუციამდე" რუსეთი პირდაპირ ნიშნავდა.
რუსეთის დეკლარირებული ამოცანაა, რომ უნდა აღდგეს ექსკლუზიური და პრივილეგირებული გავლენის სფეროები - ერთი წლის წინ ლავროვმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ერთიანი სულიერი-პოლიტიკური სივრცეა, სადაც უცხოელები ცდილობენ შემოჭრას, არის მხოლოდ ერთი ანომალია - საქართველოს ხელისუფლება. მათი მხრიდან ეს ბუნებრივიცაა, რადგან პუტინისთვის საბჭოთა კავშირის ნგრევა დიდი გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო. მათი თვალთახედვით. ცივი ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
მაგრამ რუსეთს დღეს გაუჭირდება საქართველოში აგრესიის ლეგიტიმაცია.
დღეს ეს მათთვის უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს.ჯერ იმიტომ, რომ აქ ევროკავშირის დამკვირვებლები არიან, მეორე - აღარ არის ის რეალობა, რაც შევარდნაძის ხელისუფლებას მოახვიეს თავს, ანუ, რუსეთს აღარ აქვს მშვიდობისმყოფელის მანდატი.
რუსეთი დღესაც ცდილობს ამ ორველიანურ ენაზე ლაპარაკს, რომ ჩვენ კონფლიქტის მხარე არა ვართ, 12 აგვისტოს შეთანხმება ჩვენ არ გვეხება და ასე შემდეგ, თუმცა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და იქ წერია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები. აბსურდია, რომ ისინი კვლავ ცდილობენ ამ საკითხის არაღიარებას, რადგან ჩვენ დღეს აღარ ვართ იმ ვითარებაში, როცა მათ შეეძლოთ ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე, როგორც ამას 90-იანი წლების დასაწყისში ახერხებდნენ, საქართველოს დესტაბილიზაცია მოახდინონ.
თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, თავს ვერ მოვიტყუებთ. გავლენის სფეროების აღდგენის და ენერგეტიკული ალტერნატივის გადაკეტვის ამოცანა პუტინის ხელისუფლებას აქვს, რაც მათ საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ. ეს საფრთხე რჩება, თუმცა, ის ვითარება, რომელიც გვაქვს, ბევრ მეტ შემაკავებელ ფაქტორებს გვაძლევს. ამიტომ ვაფასებთ ასე - ფართომაშტაბიანი მოქმედების მყისიერ შანსებს ვერ ვხედავთ, მაგრამ უპასუხისმგებლობა იქნებოდა, დაგვევიწყებინა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოც პროცენტზე აგრესიულად განწყობილი უცხო ქვეყნის ჯარია, გრძელდება მილიტარიზაცია და დასახულია პოლიტიკური ამოცანა.
რა საფრთხეებს გულისხმობს 2012 წელს დაგეგმილი წვრთნები?
რამდენიმე ფაქტორმა მიიქცია ჩვენი ყურადღება და ამაზე, ბუნებრივია, საერთაშორისო ასპარეზზე გავამახვილეთ ყურადღება.
პირველი ისაა, რომ წვრთნები შემოდგომაზე ტარდება და ჩვენს არჩევნებს ემთხვევა. ეს წვრთნები ადრე ტარდებოდა ივლისში, აგვისტოში გადადიოდა, ახლა სექტემბერში იწყება. თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ უნდა ყოფილიყო ურთიერთკავშირი და ურთიერთთავსებადობა რუსეთის სხვადასხვა ბაზებს შორის მთელ რეგიონში. იგულისხმება ბაზები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მეზობელ ქვეყნებში. ამ ბაზებს შორის არის არაოკუპირებული თავისუფალი საქართველოს ტერიტორია. ამ განცხადებებს მაღალი დონის თანამდებობის პირები აკეთებდნენ და ცნობილი კომენტატორების აკომპანიმენტიც მოჰყვებოდა. დაგვჭირდება სახმელეთო, პირდაპირი კავშირი ჩვენს ბაზებთან საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და ეს სახმელეთო კავშირი უნდა გავიდეს საქართველოზეო. ამაზე ნეტკაჩოვის სტატიაში იყო საუბარი, იმ ცნობილი ნეტკაჩოვისა, რომელიც თავის დროზე ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი იყო.
ანუ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გადაიარონ?
ასეთი სპეკულაციები იყო. არანაირი პანიკის საფუძველი ეს არ არის, ეს არის ჩვეული რიტორიკა. მაგრამ როცა რამდენიმე რამე ემთხვევა, როცა „ოფიციალური" წვრთნები ტარდება, როცა მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ირანულ სცენარს რუსეთი ფედერაციამ რეგიონში ადეკვატურად უნდა უპასუხოს, რათა დაიცვას თავისი ინტერესები, როცა პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ საფრთხეა აზერბაიჯანში და რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები, - ბუნებრივია, ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას და საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხების შესახებ ვსაუბრობთ. ეს არის აშკარად პროვოკაციული განცხადებები იმ სახელმწიფოსი, რომელსაც სუვერენული ქვეყნის, მეზობლის ტერიტორია აქვს დაპყრობილი.
ერთი კვირის წინ ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას, სავარაუდოდ, საერთაშორისო წნეხის შედეგად, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს წვრთნები არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, მხოლოდ საშტაბო წვრთნებია და მასში მონაწილეობას არ მიიღებს არცერთი სამხედრო შენაერთი რუსეთის ფედერაციის მიღმა. თავდაპირველი პოზიცია შეიცვალა. ჩვენ მივესალმებით ასეთ ცვლილებას და გავაგრძელებთ მოქმედებას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია, რიტორიკის დონეზე მაინც, მუდმივად თავდაცვის პოზიციაში იყოს.
ჩვენ ვალდებული ვართ მოვახდინოთ პრევენცია, ასეთი, თუნდაც რიტორიკული საფრთხეების შემთხვევაშიც კი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაფასებთ მყისიერი საფრთხის მაღალ ალბათობას, პირიქით, მიგვაჩნია, რომ მყისიერად ფაქტიურად გამორიცხულია ფართომაშტაბიანი მოქმედებები. მაგრამ რისკი და პოტენციური საფრთხე არსებობს მანამ, სანამ ჩვენს დიდ მეზობელს ასეთი განზრახვა აქვს და სანამ მათი შეიარაღებული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე არიან.
„ღია ცის" ხელშეკრულების შეჩერება ხომ არ არის ნიშანი, რომ კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის?
არა, ეს უბრალოდ იმ პროცესის დასასრულია, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა. რუსეთის ფედერაციას მიეცა შანსი ჩვენი მხრიდან, აღარ დაერღვია ეს შეთანხმება. მიუხედავად მათი სამხედრო აგრესიისა, მაქსიმალური მოქნილობა ვცადეთ, მაგრამ როცა ამოიწურა ყველა ზღვარი და რუსეთის ფედერაცია ღიად არღვევს ამ ხელშეკრულების ფუნდამენტურ მოთხოვნებს, ჩვენ მათთან მიმართებაში ამ ვალდებულებების იურიდიულ ძალას აღარ ვაღიარებთ. თუმცა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეთანხმება, ცხადია, ძალაში რჩება.
ნინო ბექიშვილი