13.04.2012

თავდაცვის სამინისტრო - ყველაზე დახურული ორგანო საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ

 

12 აპრილს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"(IDFI) მიერ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"- www.opendata.ge"-ს შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. IDFI-მ გამოავლინა ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული საჯარო დაწესებულებები.

პრეზენტაციაზე  გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.

პროექტის მონაცემების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  2011 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად გამოცხადდა.

„ ჩვენ გვესმის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, რა მიზეზითაც თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს, მაგრამ, მაგალითად, მინისტრის საწვავის ხარჯზე ინფორმაცია რატომაა საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული, ჩვენთვის გაუგებარია"- აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.

ნომინაციაში  „2011 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის" ლიდერობენ იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ ხშირად საჯარო ინფორმაციას საჯარო დაწესებულებებზე უკეთ მათ მმართველობაში შემავალი ორგანოები გასცემენ.

რეგიონული საჯარო დაწესებულებებიდან ამ მხრივ ქალაქ რუსთავის მერია და დმანისის მუნიციპალიტეტი უნდა აღინიშნოს.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს ორგანო საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ ძალიან ცუდად მუშაობს და  საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას ხშირ შემთხვევაში არ ასრულებს.

„მართლაც გასაკვირია, განათლების სამინისტროს დასამალი რა აქვს. ის არც ძალოვანი სტრუქტურაა და არც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, საკმაოდ მაღალი ბიუჯეტით. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით,  ხელმძღვანელობისგან ასეთი მიდგომა არასწორია" - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

კვლევის დროს 2011-2012 წლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 7339 განცხადება 229 საჯარო დაწესებულებაში, როგორც დედაქალაქის მასშტაბით, ასევე რეგიონებსა და თვითმმართველ ქალაქებში. მათგან, IDFI-მ 3763 სრულყოფილი პასუხი(57%), არასრულყოფილი 1091(16%), სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი 265(3%) მიიღო, ორგანიზაციას საერთოდ არ გამოეხმაურნენ 2220(23%) შემთხვევაში, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ინფორმაცია ეხებოდა, ძირითადად, ადმინისტრაციულ ხარჯებს, საჯარო დაწესებულების თანამშრომელთა პრემიებსა და  საერთო გაცემულ სახელფასო ფონდებს. საერთო ჯამში, ყველა დაწესებულებას  მეტ-ნაკლებად 20 კითხვა გაეგზავნა, ეს დამოკიდებული იყო სამინისტროს მიმართ ინტერესის სფეროებზე.

საჯარო ინფორმაციის მიღების გაუმჯობესების მხრივ სიახლეებზე გიორგი კლდიაშვილი „ლიბერალს" ესაუბრა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება დაიწყება, რაც საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის კონკრეტულ ვადებში ვებგვერდზე განთავსებას გულისხმობს.

„ამ მხრივ იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენ მათ გარკვეული მოთხოვნები წავუყენეთ, თუ რის მიხედვით უნდა ვრცელდებოდეს საჯარო ინფორმაცია. რამდენიმე თვეში  ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში  ცვლილება შევა და ჩაიწერება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება, შეიქმნება ინფორმაციის თავისუფლების გვერდები. ეს სამინისტროებს 2014 წლისთვის დაევალებათ, შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და რეგიონულ დაწესებულებებსაც"- განგვიმარტა IDFI-ის დირექტორმა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "Centre for Law and Democracy, Access info Europe, International Budget Partnership"-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, საქართველო საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ, 80  ქვეყნიდან (მათ შორისაა: საფრანგეთი, ნორვეგია ან, თუნდაც, შეერთებული შტატები) მოწინავე ადგილზეა.

„დაუსვი შენს მთავრობას 6 კითხვა" კამპანიის შემდეგ, კვლევის შედეგები განსაკუთრებით არადამაჯერებლად ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოეჩვენათ, რომლებსაც ხშირად უწევთ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა. ამიტომ, შედეგების გამოცხადებისთანავე, 2011 წელს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა"(IDFI) განმარტების მიზნით, შესაბამისი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც დასმულია შემდეგი შინაარსის შეკითხვა: შეიძლება თუ არა, 6 კითხვაზე მიღებული პასუხის საფუძველზე ქვეყნის სახელმწიფო აპარატის ეფექტურად და გამჭვირვალედ ფუნქციონირების ხარისხი დადგინდეს.

გიორგი კლდიაშვილის თქმით, საქართველო ინფორმაციას გასცემს, მაგრამ ხშირად ინფორმაცია ბუნდოვანი, თემას გადახვეული და არალოგიკურია.

„ ამ პროცესში გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, აუცილებელია მედია და სამოქალაქო საზოგადოებაც ჩაერთოს. მხოლოდ ასეთი გზით შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაცემის და გამოთხოვის კულტურა დავნერგოთ"- ამბობს IDFI-ის დირექტორი.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

მეტი