13.04.2012
ცვლილებები კონსტიტუციაში და ქვეყნის უსაფრთხოება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი - კონსტიტუციის ერთ პირზე მორგების მცდელობად შეაფასეს.
„ასე კონსტიტუციასთან მოქცევა არ შეიძლება" -აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.
ორგანიზაციებმა კონსტიტუციის ერთ პირზე მორგების მცდელობა გააკრიტიკეს, ამასთან, ყურადღება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზეც გაამახვილეს.
საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირისთვის ნებისმიერი არჩევით თანამდებობების დაკავების უფლების მინიჭება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის, თქმით სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
კერძოდ, მათ მიაჩნიათ, რომ პირი იმ ქვეყანასთანაა ანგარიშვალდებული, ვისი მოქალაქეცაა. ამიტომ, მოქალაქეობის არმქონე პირისთვის არჩევითი თანამდებობების დაკავების უფლების მინიჭება არ შეიძლება.
უმრავლესობის წევრი, პავლე კუბლაშვილი, არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს და ამბობს, რომ საქართველოში დაბადებული და ევროპის წევრი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს არ უქმნის.
„მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დაბადებული პირის, რომელიც 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა, პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეში, თუნდაც საარჩევნო პროცესში ჩართვა, არანაირად საფრთხეს არ უქმნის სუვერენიტეტს, ეს შეფასება არის გაზვიადებული და უადგილოა. უფრო საგნობრივი მსჯელობა თუ იქნება კარგი იქნება."- აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
არასამთავრობოების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, უმრავლესობის სხვა წევრებიც არ იზიარებს. აკაკი მინაშვილის თქმით, ფორმულირება - ევროპის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოშია დაბადებული, ნებისმიერ საფრთხეს გამორიცხავს.
„ეს არის კრიტერიუმები, რომელიც ნებისმიერ საფრთხეს გამორიცხავს, გარდა ამისა, ეს კრიტერიუმი ადასტურებს, რომ ადამიანს აქვს მართლაც მყარი კონტაქტები საქართველოსთან და საზოგადოებას ეძლევა საშუალება აირჩიოს, მისცეს ხმა ან - არ მისცეს. ეს მათი თავისუფალი არჩევანი"- გვითხრა აკაკი მინაშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს მაღალი არჩევითი თანამდებობების დაკავების უფლება არ აქვთ, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, თავის დროზე სახელმწიფომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის მაღალი არჩევითი თანამდებობის დაკავების უფლებით აღჭურვას ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხედ განხილავდა.
როგორც პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის მაღალი არჩევითი თანამდებობების დაკავების საკითხის განხილვაც შეიძლება დაიწყოს.
„რაც შეეხება მაღალი არჩევითი თანამდებობების დაკავების საკითხს, მაგაზეც შეიძლება მსჯელობა. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ვნახავთ რა იქნება." თქვა პავლე კუბლაშვილმა.
პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა 6 აპრილს დაიწყო. კანონ-პროექტის მიხედვით საქართველოში დაბადებული, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სრული უფლებით აღიჭურვება. როგორც კანონ-პროექტის ავტორი გიორგი თარგამაძე აცხადებს, ცვლილებების მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის, მათ შორის პრემიერის თანამდებობის დაკავებას შეძლებს.
ირაკლი კაკაბაძე