20.04.2012
ტრადიციული მიწათმფლობელობის წესებისა და პოლიტიკური გავლენების ჭიდილი
"სანიმუშო რეგულაციების მიუხედავად, საქართველო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების დაცვას ვერ ახერხებს" - ასეთ შეფასებას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია Global Integrity. 2012 წლის 30 მარტს ორგანიზაციამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 31 ქვეყანას ეხება და 2011 წლის მთავარ საგამოძიებო ნაშრომად შეფასდა.
2012 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს შესახებ მომზადებული სტატიაც მოხვდა, რომელიც ქვეყანაში არსებულ კორუფციას ეხება.
* * *
78 წლის ხაბუკ ჩართოლანს უმძიმს იმ მიწის შესახებ საუბარი, რომელიც მან მესტიაში დაკარგა. მისი ოჯახი 7 200 კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთს თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ფლობდა. თუმცა, 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა კანდიდ კვიციანმა ამ მიწაზე სასტუმრო „ჰაწვალი"ააშენა.
ჩართოლანმა მის მიწაზე დაწყებული მშენებლობის შესახებ რომ შეიტყო, ადგილზე მივიდა, სადაც მომუშავე ტრაქტორები და მანქანები დახვდა. ის მშენებლობის შეჩერებას ამაოდ ცდილობდა. ხაბუკის შვილის, ფრიდონ ჩართოლანის თქმით, ოჯახი ამ მიწას თიბავდა და ზამთრისთვის თივას იმარაგებდა. მიწის წართმევისა და ზედ სასტუმროს აშენების შემდეგ თივის მარაგი იმდენად შემცირდა, რომ ჩართოლანებს ძროხების ნაწილის გაყიდვა მოუხდათ.
წინაპრებისგან სამემკვიდერეოდ გადმოცემული მიწის დარეგისტრირებას ჩართოლანები 2011 წლამდე ამაოდ ცდილობდნენ. 2011 წლის ივნისში ნაკვეთი რეესტრში დაირეგისტრირეს. ხაბუკ ჩართოლანის თქმით, იმავე წლის აგვისტოში მთავრობის წარმომადგენელმა მას კიდევ ერთი დოკუმენტის ხელმოწერა სთხოვა, რომელიც, თითქოსდა, მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის ნაწილი იყო.
როდესაც 2011 წლის სექტემბერში საბანკო ანგარიშზე ფული მოულოდნელად დაერიცხა, ხაბუკ ჩართოლანმა იეჭვა, რომ ეს იყო კანდიდ კვიციანის კიდევ ერთი მცდელობა, რომელიც მისგან მიწის გამოსყიდვას უკავშირდებოდა.
აგვისტოშივე ჩართოლანის მიწა სახელმწიფო საკუთრებად იქცა. ჩართოლანმა საკუთარი მიწის მეპატრონის ცვლილების შესახებ მხოლოდ 2011 წლის დეკემბერში შეიტყო, როდესაც ამ საკითხზე კითხვები დავუსვით.
„მიწა ჩემს სახელზე არ არის რეგისტრირებული? როგორ?" - იკითხა ჩართოლანმა.
როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ შეიტყო, ხაბუკ ჩართოლანმა თქვა, რომ მიწის გაყიდვაზე საუბარი არც ყოფილა და მან რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს მოაწერა ხელი. მანვე აღნიშნა, რომ დოკუმენტებს ხელი წაუკითხავად მოაწერა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2011 წლის ანგარიშში აღნიშნავდა, - „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა სვანეთი, მიწის ნაკვეთების ლეგალური რეგისტრაცია პრაკტიკულად არასოდეს ხდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე მემკვიდრეობით ფლობდა და განკარგავდა წინაპრების შეთანხმების საფუძველზე განაწილებულ მიწის ნაკვეთებს. მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია შეფერხებით წარმოებს, რაც, ძირითადად, სახელმწიფო ორგანოების მიერ რეგისტრაციის პროცესის გაჭიანურების მიზნით შექმნილი ხელოვნური ბარიერებითაა გამოწვეული. მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მასიური დანაწევრება და განადგურება სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას."
პიროვნება, ვინც ჩართოლანის მიწა სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრირა და მის საბანკო ანგარიშზე ფული გადარიცხა, ზაურ აფშინაშვილია. დოკუმენტების მიხედვით, ის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელია.
სამინისტროს წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩაწერა ვცადეთ, თუმცა საქართველოს გზების დეპარტამენტმა ზაურ აფშინაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის თაობაზე უარი გვითხრა. წერილობით გაგზავნილ კითხვებზა გზების დეპარტამენტმა წერილობითვე გვიპასუხა. „(ნასყიდობის) ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა 2011 წლის აგვისტოს თვეშივე ჩარიცხულ იქნა მოქ. ხ. ჩართოლანის მიერ მითითებულ ანგარიშზე. ანგარისშწორების შემდგომ ხუთი თვის განმავლობაში, აღნიშნულ საკითხზე რაიმე სახის პრეტნზია, განცხადება, ან საჩივარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში თვით მოქალაქე ხაბუკ ჩართოლანის მხრიდან არ შემოსულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გაუგებარია თქვენი პრეტენზია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით."
მესტიაში საკუთრების უფლების დარღვევების შესახებ დასმულ კითხვაზე აღნიშნული უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია.
სასტუმრო „ჰაწვალი" ამჟამად სრულად ფუნქციონირებს და ის ოფიციალურად კვიციანის შვილის სახელზეა რეგისტრირებული. სატელეფონო საუბარში კვიციანმა სასტუმროს არსებობა უარყო. „იქ არავითარი კომპლექსი არ აშენებულა", - თქვა მან. ხოლო როდესაც დავუსვით კითხვა, თუ როგორ მოიპოვა მიწის განკარგვის ნებართვა, კანდიდ კვიციანმა ტელეფონი გათიშა.
2010 წელს შპს „ენგური 2006"-მა, რომლის მეწილეც კვიციანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე 6, 393, 800 ლარი მიიღო სასტუმრომდე გზის ასაშენებლად. [pagebreak]
კვიციანის აყვავებული ბიზნესი და მოგებული სახელმწიფო დაკვეთები
მესტიის გამგეობის შესასვლელში ტურისტებისთვის განკუთვნილ სარეკლამო აბრაზე სასტუმრო „ჰაწვალის" ფოტოცაა გამოსახული. გამგებელს შმაგი ნაკანს ამ აბრის წინ გავლა ყოველდღე უწევს, თუმცა ის ამბობს, რომ ჩართოლანების საკითხი მისთვის უცნობია.
„მოლაპარაკება კერძო პირებს შორის ხდებოდა. სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის", - აღნიშნა მან.
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორებისგან მიღებული თანხებიდან ზემო სვანეთის რეაბილიტაციაზე 2010 წლიდან მილიონობით ლარს ხარჯავს. ხელისუფლება ცდილობს, ეს რეგიონი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახადოს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიას რეკლამას თავად უკეთებს, მის ხშირ ვიზიტებს რეგიონში საქართველოს ცენტრალური ტელევიზიები გრძელი სიუჟეტებით აშუქებენ.
გამგეობის შენობის ფანჯრებიდან მესტიის მტვრიანი ცენტრი ჩანს. აქ რეკონსტრუქცია მიმინარეობს. სამშენებლო მანქანებს მუქი ლურჯი სტიკერები აკვრიათ, სტიკერებს აწერიათ "ენგური 2006". სწორედ ეს კომპანია ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს, მისი დამფუძნებელი კი, კანდიდ კვიციანია. მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის" წევრი კანდიდ კვიციანი კომპანიის 50 პროცენტს ფლობს.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპანიებში წილების ფლობას არ უკრძალავს. ასეთ კომპანიებს უფლება აქვთ სამთავრობო კონტრაქტების მოსაპოვებლად იბრძოლონ. „მაგრამ არავინ ამოწმებს იმას, პარლამენტის წევრები კომპანიებში უბრალოდ წილის მფლობელები არიან, თუ თავად მართავენ კომპანიებს ," - აღნიშნა ერეკლე ურუშაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარმა ანალისტიკოსმა და პროგრამების მენეჯერმა.
"ენგური 2006"-მა 2011 წელს სვანეთის რეგიონის რეკონსტრუქციების ფარგლებში გამოცხადებულ 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ექვსივე მოიგო. ზოგ ტენდერში მას კონკურენტიც კი არ ჰყოლია, რადგან კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო.
სვანეთის რეაბილიტაციის პროექტებისთვის 2010-2011 წლებში "ენგური 2006"-მა 41, 530 000 ლარი მიიღო. მათ შორის 2010 წელს ენგური 2006-მა 8, 440, 000 ლარი მიიღო მესტიაში ასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ასაშენებლად.
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად 2011 წლიდან ტენდერების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთ კომპანიასთან თუ პიროვნებასთან კონტრაქტების გაფორმება ტენდერის გარეშე, პირდაპირ განკარგულებების საშუალებით ხდება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგულებები, რომლებიც საიდუმლოდ არ არის გამოცხადებული, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 2010 წელს მთავრობამ გამოსცა ახალი განკარგულება #418, რომელიც მთავრობის კანცელარიას არ გაუსაჯაროებია. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ" მთავრობის კანცელარიიდან განგანკარგულება ორჯერ გამოითხოვა, თუმცა მას განკარგულების მიწოდებაზე უარი უთხრეს.
განკარგულების მოპოვების მიზნით, „მწვანე ალტერნატივა" მთავრობის კანცელარიას ამჟამად სასამართლოში უჩივის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთვრობის კანცელარიას დავუკავშირდით, თუმცა სასამართლო პროცესების დასრულებამდე მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
შიდა წყაროს დახმარებით „მწვანე ალტერნატივამ" განკარგულება N 418-ის რამდენიმე გვერდის ასლის მოპოვება შეძლო. „დაბა მესტიის ცენტრის განვითარება-რეაბილიტაციის პირველი რიგის სამუშაოების დასაფინანსებლად მესტიის მუნიციპალიტეტს გამოეყოს 3 000 000 ლარი", მითითებულია განკარგულებაში.
მესტიის ადგილობრივმა მთავრობამ ამ ფულით კვიციანების სასტუმროს წინ მდებარე მთაზე საბაგირო გზის და მისკენ მიმავალი გზის მშენებლობა გადაწყვიტა.
მესტიის გამგებლის თქმით, სამუშაოების შესრულება რამდენიმე კომპანიას მთავრობის განკარგულების საფუძველზე დაევალა. „ენგური 2006" ამჯერადაც იღბლიანთა შორის აღმოჩნდა.
კვიციანის თქმით, არსებობს ობიექტური მიზეზი იმისა, თუ რატომ ღებულობს „ენგური 2006" ასე ხშირად სახელმწიფო დაკვეთებს. „რა ხდება იცით, აქ არის მესტია. სვანეთში სხვა კომპანიები ერიდებიან ამოსვლას იმიტომ, რომ წამგებიანია აქ მუშაობა. აქამდე გზა არ იყო, ტრანსპორტიც ინგრეოდა. ძვირი უჯდებოდა ყველა ორგანიზაციას და ამიტომ იყო ხელისუფლება იძულებული ესარგებლა ამ კომპანიით "ენგური 2006-ით", - აღნიშნა კანდიდ კვიციანმა ჩვენთან საუბრისას.[pagebreak]
მმართველი პარტიის დიდი დონორები
საქართველოში სამთავრობო დაკვეთებიდან დიდ ნაწილს სწორედ ის კომპანიები, ღებულობენ, რომელთა მეწილეებიც სახელმწიფო მოხელეები არიან, ეს კომპანიები შემოწირულობებს სწირავენ მმართველ პარტიას.
2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების კამპანიის დროს „ენგური 2006"-მა მმართველ პარტიას 100 000 ლარი შესწირა. ეს თანხა მაშინდელი კანონით დასაშვები შეწირულობის მაქსიმუმი იყო. მნიშვნელოვანია ის, რომ შპს-ების უმეტესობამ, რომლებიც სვანეთის რეკონსტრუქციის პროექტებში არიან, ან იყვნენ ჩართულნი, აგრეთვე, მაქსიმალური შემოწირულობა გაიღეს. შპს „ზიმო"-მ მმართველ პარტიას 100 000 ლარი შეწირა; შპს „მტკვარმა" - 100 000 ლარი; შპს - „არქეოპოლისმა" 100 000 ლარი. სამივე კომპანია სვანეთის რეაბილიტაციის სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, მმართველ პარტიას 2010 წელს მთლიანობაში 400-მდე კომპანიამ შესწირა სხვადასხვა რაოდენობის თანხა.
„საინტერესოა ის ტენდენცია, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მინიმუმ 7-ჯერ (2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) და მაქსიმუმ 26-ჯერ (2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები) აღემატება ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს", - წერდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ 2011 წლის კვლევაში. „რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ. ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ".
„კანონმდებლობის თანახმად აკრძალული არ არის, რომ თანხა გადაურიცხო პოლიტიკურ პარტიას", აღნიშნა ეკატერინე ბოკუჩავამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა 2011 წელს. „მაგრამ პრობლემა არის ის, რომ უმეტესწილად ბიზნესმენები, რომლებიც არიან საქართველოში, ბიზნესს აკეთებენ კარგად იმ შემთხვევაში, თუ ისინი მხარს უჭერენ მმართველ პარტიას და ურიცხავენ პერიოდულად რაღაც თანხებს".
2011 წლის ბოლო დღეებში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ახალი კანონი იქნა მიღებული. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას სთხოვეს, რადგანაც კანონი საარჩევნო კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახებოდა. კანონი სხვადასხვა შეზღუდვებს შეიცავს. მათ შორის იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის გადარიცხვას უკრძალავს. აკრძალვები შეეხო კომპანიების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხსაც. აღნიშნული ცვლილებები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაკავშირებულ 4 პარტიაზე ზეგავლენის მოსახდენად არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში საკუთარი ჩართვის შესახებ განცხადება პირველად 2011 წლის ოქტომბერში გააკეთა.[pagebreak]
ერთადერთი მონაწილე
„ენგური 2006"-ის გარდა სხვა კომპანიებიც არსებობენ, სადაც მაღალჩინოსნებს წილები აქვთ. ერთ-ერთი მათაგნია შპს „აჭარგანათება". ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან თამაზ თოფურიძე ამ შპს-ს 52 პროცენტის წილის მფლობელია. მისი შვილი კი შპს-ს ხელმძღვანელია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს წევრებს ბიზნესში წილის ქონა აკრძალული არ აქვთ და ისინი მაღალჩინოსნებადაც არ ითვლებიან. ამავდროულად, საკრებულოს წევრები ადგილობრივი მთავრობის მუშაობის პროცესში მონაწილეობას იღებენ. პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის მიუხედავად, მათ ფაქტობრივად იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ ლობირება გაუწიონ ისეთ პროექტებს, რომლებიც მათ ბიზნესს წაადგება.
თუ მერია გზის აშენებას გადაწყვეტს, მან გეგმის დასამტკიცებლად საკრებულოს უნდა მიმართოს. თუ საკრებულო ნებართვას არ გასცემს, წესით, გზა არ უნდა აშენდეს. საკრებულოს მერიისგან დამოუკიდებლად შეუძლია გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება და მისთვის შეთავაზება. რაც შეეხება დამოუკიდებელად ხელშეკრულებების გაფორმებას, საკრებულოს მხოლოდ მცირე ნივთებზე, მაგალითად საკანცელარიო საქონელზე, შეუძლია ასეთი შესყიდვები განახორციელოს. 2010 წელს შპს. „აჭარგანათებამ" ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოცხადებულ 15 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 14 მათგანში გაიმარჯვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ" სატენდერო დოკუმენტაცია შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ შპს. „აჭარგანათება" ბათუმის მერიის სატენდერო შესყიდვებში ხშირად ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო. შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერში მონაწილე სუბიექტებს ისეთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უყენებდა, რომლებიც ზედმეტ ადმინისტრაციულ ბარიერებს ქმნიდა და ამავდროულად კარგად ერგებოდა შპს „აჭარგანათებას".
„მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საკვალიფიკაციო კრიტერიუმს წარმოადგენდა შემდეგი მოთხოვნა:
ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (ცალ-ცალკე 2007, 2008 და 2009 წლებში) შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის და შინაარსის სამუშაოები", - აღნიშნულია "საია"-ს ანგარისში.
„თუ სხვა კომპანიებს არ მიეცემათ ამ ტიპის სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა, მაშინ ყოველთვის მხოლოდ ეს კომპანია იქნება, რომელიც ტენდერს მოერგება", - აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბათუმის განყოფილების იურისტმა, ვინც სატენდერო დოკუმენტაცია შეისწავლა.
„სატენდერო შესყიდვების მნიშვნელოვან და დასკვნით ეტაპს წარმოადგენს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების განხილვა, შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სატენდერო კომისიის წევრი ვალდებულია გამარჯვებულის გამოვლენის დროს წარმოადგინოს წერილობითი სახის დასკვნა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის გარემოება, რის საფუძველზე მიანიჭა უპირატესობა მოცემულ პრეტენდენტს. ჩვენს მიერ შესწავლილ არც ერთ სატენდერო შესყიდვაში მსგავსი სახის წერილობითი დასკვნა კომისიის წევრების მხრიდან არ წარმოდგენილა და გადაწყვეტილების მიღების დროს შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ზეპირი შეფასებით და გადაწყვეტილების სხდომის ოქმში დაფიქსირებით, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს", - აღნიშნულია "საიას" ანგარიშში.
ამის გარდა მაღალბიუჯეტიანი ტენდერების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მასშტაბით უნდა ვრცელდებოდეს. ბათუმის მერია კი ასეთ ინფორმაციას არ ავრცელებდა, რითაც კანონს არღვევდა. შედეგად საერთაშორისო კომპანიებს იმის საშუალებაც არ ეძლეოდათ, რომ ტენდერით დაინტერესებულიყვნენ. ეს არის ის მიზეზები, რატომაც შპს. „აჭარგანათება" ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.
გამარჯვებულის გამოვლენისას რატომ არ აკეთებდა სატენდერო კომისია წერილობით დასკვნას და რატომ იფარგლებოდა სიტყვიერი განმარტებებით? ამ შეკითხვით ზემოთნახსენები ტენდერების კომისიის თვამჯდომარეს და იმავე დროს ბათუმის მერის მოადგილეს ავთანდილ დარჩიას დავუკავშირდით. ავთანდილ დარჩია გვარწმუნებდა, რომ წერილობითი დოკუმენტები უნდა არსებობდეს, თუმცა მათი არსებობის დადასტურება ვერ შეძლო. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ არაფერი იცოდა ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც ინფორმაცია ტენდერების შესახებ საერთაშორისო მასშტაბით უნდა გავრცელებულიყო: „პირველად მესმის ასეთი ვალდებულების არებობის შესახებ", აღნიშნა მან.
„ეს სატენდერო კომისიის ვალდებულება იყო და მას უნდა გაეკონტროლებინა, რომ ინფორმაცია საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულიყო. კანონი ავალდებულებდა მას ამის გაკეთებას. რა გასასამართლებელი საბუთია ის, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა?!", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თამარ კორძაიამ, "საიას იურისტმა" 2011 წელს.
თამაზ თოფურიძემ ბათუმის საკრებულოს წევრმა და შპს. „აჭარგანათების" წილის მფლობელმა ჩვენთან საუბრისას უარყო ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერის პირობებს მის კომპანიას არგებდა.
2010 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარა-გურიის სამმართველომ შპს. „აჭარგანათების" ტენდერებში მონაწილეობისა და გამარჯვების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 2011 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გადაიგზავნა.
იურისტის დახმარებით მოპოვებული წერილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე 210-ე მუხლის 1 პუნქტით არის აღძრული. მუხლი შემდეგნაირად იკითხება, „ყალბი საკრედიტო, ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი".
იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება დასრულებული არ არის და უდანაშაულობის პრეზუმცია მოქმედებს, შპს. „აჭარგანათებას"ტენდერებში მონაწილეობის მიღებას არაფერი უზღუდავს.[pagebreak]
პრეზიდენტის თვალთახედვა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი ანალიტიკოსი და პროგრამების მენეჯერი ერეკლე ურუშაძე აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურების დაბალ რგოლებში კორუფციის წინააღდეგ ბრძოლამ მართლაც გაძლიერდა. თუმცა, ამჟამად ძალაუფლება კონცენტრირებულია ადამიანების მცირე ჯგუფის ხელში, ხოლო ინსტიტუტები, რომლებმაც უნდა აკონტროლონ აღმასრულებელი ხელისუფლება, სუსტები არიან.
„კანონმდებლობაში არსებული ხვრელები და მმართველობის სისტემაში პლურალიზმის ნაკლებობა კორუფციის გაჩენის საფრთხეს რეალურს ხდის", - აღნიშნა ერეკლე ურუშაძემ.
2011 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა გურამ ჩახვაძემ პრეზიდენტს მისი ყოველწლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას მიმართა. ჩახვაძემ კორუფცის არსებობისთვის პირადად ხელისუფლება დაადანაშაულა და სააკაშვილს უთხრა, რომ ელიტური კორუფცია საქართველოს ნომერ პირველი მტერია.
"ჩვენი რეფორმის უმთავრესი ამოცანა იყო გადაგველახა კორუფცია და მიგვეღწია იმისათვის, რომ ფულის ამკრეფი სახელმწიფო ორგანიზაციები კორუფციის გარეშე იმუშავებდნენ. და ეს დაპირება - საქართველო კორუფციის გარეშე - შესრულებულია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ჩართოლანი, რომელმაც საკუთარი მიწა დაკარგა პრეზიდენტს არ დაეთანხმებოდა.
ჩართოლანი საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობდა. „მაგრამ მითხრეს, რომ დამიჭერდნენ", - ამბობს ჩართოლანი. ჩართოლანმა გულზე მკურნალობა დაიწყო, მას შემდეგ, რაც მიწასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. მისი ოჯახი იძულებულია, ახლა ის კომპენსაცია მიიღოს, რომელიც მათ საბანკო ანგარიშზე 2011 წლის სექტემბერში დაურიცხეს - 3 ლარი ერთ კვადრატულ მეტრში.
ჩართოლანის შემთხვევა ერთადერთი არ არის. სასტუმროს ასაშენებლად მიწა ჩართოლანის მეზობელ ედისონ ჯაფარიძის ოჯახსაც ჩამოართვეს. „იმაშიც კი გვარწმუნებდნენ, რომ თითქოს იმ სახლს თვითონ პრეზიდენტი იშენებდა", - ამბობს ჯაფარიძე. „ნათესავიც მომიგზავნეს და შემომითვალეს, ნუ იბრძვისო, თორემ დაიჭერენო", - იხსენებს ედისონ ჯაფარიძე.
საკუთარ მიწაზე უნებართვოდ დაწყებული მშენებლობის სანახავად ჯაფარიძე ადგილზე მივიდა. მისი თქმით, იქ მომუშავე ადამიანებს გაუკვირდათ, როდესაც შეიტყვეს, რომ მშენებლობა ჯაფარიძის მიწაზე მისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. მათ ჯაფარიძეს უთხრეს, რომ კვიციანს მათთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ჯაფარიძემ ნებართვა მისცა.
„მოვითხოვე ჩემთვის სიმართლე ეთქვათ - ვის ეკუთვნოდა მშენებარე სასტუმრო", იხსენებს ჯაფარიძე. ერთ-ერთმა იქ მყოფმა უთხრა, რომ სასტუმრო კვიციანის იყო. „ლამის ჭკუიდან შევიშალე ეს რომ მითხრეს", - ამბობს ჯაფარიძე, „საბჭოთა კავშირის დროს კოლექტიურმა მეურნეობამ წაიღო ჩვენი მიწა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დავიბრუნეთ, ახლა კი მას სამუდამოდ ვკარგავთ".
ირაკლი კაკაბაძე