26.04.2012

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ჰაერში მავნე ნივთიერებებს აფრქვევს

 

„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ, რომლის ამჟამინდელი მფლობელიც „ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედია" აპრილში რამდენჯერმე გააფრქვია ჰაერში მავნე ნივთიერებები, რითიც სერიოზული ზიანი ადგება გარემოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას." - აცხადებს "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

გარემოსდამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ განცხადებას ადგილობრივი მოსახლეობისა და ქარხნის თანამშრომლების ნაამბობზე დაყრდნობით აკეთებენ. მათვე გაავრცელეს ადგილობრივი ოპერატორის, შოთა ფერაძის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერიც, რომელზეც ჩანს, როგორ იფრქვევა ქარხნიდან ჰაერში  გაურკვეველი ნივთიერება.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრში აცხადებენ, რომ  ქარხანაში გაზგამწმენდი ფილტრები სისტემატურად არ მუშაობას. „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქარხნის ხელმძღვანელობის მიერ შემოტანილია მაროკოს მადანი, რომელსაც არ გააჩნია სერთიფიკატი, არის ტყვიის შემცველი და მომწამვლელი. ქარხანაში მომუშავე პერსონალისგან შევიტყვეთ, რომ საღამოობით გაზგამწმენდი ითიშება და  მავნე ნივთიერებები ჰაერში იფრქვევა.

„ლიბერალი" ზესტაფონის მცხოვრებს და საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს შოთა ფერაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, აღდგომის შემდეგ პერიოდში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევამ სისტემატური ხასიათი მიიღო, ქარხანაში აღარ მუშაობდა სპეციალური ფილტრები. ადგილობივი არასამთავრობო ორგანიზაციები „ერთად მომავლისაკენ" და „ძლიერი და ჯანსაღი ზესტაფონი" 30 აპრილს ქარხანასთან საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავდნენ. თუმცა ფერაძის თქმით, ქარხნის ხელმძღვანელობამ მათ აქციის გადადება სთხოვა.

„დღეს ქარხნის დირექტორთა საბჭოს უკრაინელი წარმომადგენლები კუპკოვი და ვიშნევსკი, ასევე ქართული მხარის წარმომადგენელი ვასილ გველესიანი აქციის ინიციატორებს შეგვხვდა და გვთხოვა, აქცია გადავდოთ. ისინი დაგვპირდნენ რომ 10 მაისამდე დაზიანებული ფილტრების ნაცვლად ახალ ფილტრებს შეიძენენ და 25 მაისამდე ქარხნის მუშაობის მონიტორინგის საშუალებას მოგვცემენ. მანამდე კი ქარხანას არ აამუშავებენ."

ზესტაფონელების შეშფოთებას ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებიც იწვევს, რომელშიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ონკოლოგიურ დაავადებათა ზრდის ტენდენცია ჩანს. 2007 წელს დაავადების 982 შემთხვევა დაფიქსირდა, 2009-ში 1067, 2011-ში კი 1133.

ნიკოლოზ მჟავანაძე გარემოზე მავნე ზემოქმედების გააქტიურებას ბოლო დროს მიღებულ  საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირებს. მისი თქმით, მეწარმეები უკვე იყენებენ შესაძლებლობას, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განახორციელონ შემდეგ ამ ყველაფერზე ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმება გააფორმონ და სასჯელი აირიდონ.

[video:http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=nHwK0nEW6Z4]

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი

ამავე ავტორისგან