27.04.2012

225 000 ლარი 120 კვიპაროსისთვის

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ბარათაშვილის ქუჩაზე დარგული კვიპაროსების შეძენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციაში სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ბარათაშვილზე დასარგავი ხე-მცენარეების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 8 თებერვალს გამოაცხადდა. თბილისის მერია  „Cupressus Pyramidalis" სახეობის 120 კვიპაროსის ნერგის ყიდვას აპირებდა, სავარაუდო ღირებულებად  225 000 ლარი იყო დასახელებული. ტენდერში მონაწილეობა კი ერთადერთმა კომპანიამ - შპს „გრინსერვისმა" მიიღო. რადგან კომპანიას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია, კომპანიის  პირველადი შეთავაზებული თანხა შემდგომში აღარ შეცვლილა. თბილისის მერიასა და  კომპანია „გრინსერვისს" შორის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ტიპის სხვა შეთანხმებებსაც გაეცნო. მათი თქმით, 30 იანვარს მერიამ ერთ-ერთ მომწოდებელს სხვადასხვა ჯიშის ხის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაუფორმა და 5000 ცალი ნერგი შეისყიდა. თითოეულის ღირებულება 30 ლარს არ აღემატებოდა. ბარათაშვილის ქუჩისთვის თითო კვიპაროსში კი დაახლოებით 990 ლარია გადახდილი. „მერიას ბარათაშვილის ქუჩისთვის მსგავსი ღირებულების ხეები რომ შეეძინა, შესყიდვის საერთო თანხა 118 800 ლარის ნაცვლად 3600 ლარი იქნებოდა და ქალაქს 115 200 ლარი დაეზოგებოდა," - განმარტებულია ორგანიზაციის განცხადებაში.

რატომ დაჯდა ამდენი ბარათაშვილის ქუჩის კვიპაროსები? ეს კითხვა „ლიბერალმა" თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, გიორგი ქორქაშვილს დაუსვა.

„თითო ნერგის კონკრეტულ თანხას ხარჯთაღრიცხვის გარეშე ვერ გამოვყოფ, მთლიანად პროექტი 225 000 ლარი დაჯდა, ამაში შედიოდა როგორც ნერგების ღირებულება, ისე მოსამზადებელი სამუშაოები, ქვაფენილის ამოღება, ნიადაგის მომზადება და სხვა საკმაოდ რთეული სამუშაოები. ნერგის სიძვირე კი იმან გამოიწვია, რომ ეს საკმაოდ მაღალი ჯიშის ნერგებია, თითოეული დაახლოებით 4,5 - 5 მეტრის სიმაღლისაა. თანაც ნერგი, რომელსაც თქვენ ერთ ნერგად აღიქვამთ, რეალურად, ერთად შეზრდილი 3 ნერგია. ჩვენი მოთხოვნა იყო ხეების 100%-იანი გახარების გარანტიაც. კონტრაქტორი კომპანია იზრუნებს ნერგების გახარებაზე და თუ საჭირო გახდება ჩაანაცვლებს კიდეც ახალი ნერგებით," - ამბობს ქორქაშვილი.

რაც შეეხება სხვა ხელშეკრულებებს, ქორქაშვილი აცხადებს, რომ 30-ლარიანი კვიპაროსები 1.5 მეტრზე მეტად არ იზრდება და მათი დარგვა ნაკლებ შედეგს მოგვცემდა „ეს გაცილებით არასასიამოვნო სანახავი იქნებოდა  და ჩვენს ოპონენტებს მეტ სათქმელს მისცემდა."

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელების ვინაობასაც საეჭვოდ მიიჩნევს.  „სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, შპს „გრინსერვისის" მფლობელები ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე არიან. ლაშა ფურცხვანიძე თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, ხოლო კობა ხარშილაძე - იმავე რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე. „გრინსერვისს" 2010 წლიდან დღემდე 17 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის ამ პერიოდში გადახდილი თანხა 4 მილიონ ლარს აღემატება," - ნათვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

 

კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა კომპანიის თანამშრომლების ვინაობას გავლენა მოეხდინა სატენდერო პირობებზე, გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მერიის ყოფილ თანამშრომლებსაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ კერძო ბიზნესი. „ტენდერი ღია იყო და ყველას შეეძლო მასში მონაწილეობის მიღება.  მაგრამ ასე მოხდა, რომ მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. კონკურენციის შემთხვევაში, მართალია, ფასი დაიკლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენ გადავიხადეთ რეალური საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა."

ბარათაშვილის ქუჩაზე გასულ კვირას მრავალწლიანი ცაცხვები ჯერ გადაბელეს, შემდეგ კი მოჭრეს. ახალი კვიპაროსები სწორედ მათ ადგილას დაირგა.

 

 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან