01.05.2012
მშრომელთა სოლიდარობის დღე
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საპირველმაისო დემონსტრაცია ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მოეწყო და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრაცია პარლამენტთან მიტინგით დასრულდა. აქციაში მონაწილეობდნენ აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პროფკავშირები. დემონსტრაციას შეუერთდნენ სტუდენტებიც. აქციის მონაწილეების ლოზუნგები შეეხებოდა სამუშაო დღის ხანგრძლივობას, უსაფრთხო გარემოს, გადასახადებს, კოლექტიურ მოლაპარაკებებსა და ა.შ.
პროფკავშირელებმა პარლამენტის კანცელარიაში მათ მიერ სხვადასხვა დროს შემუშავებული კანონპროექტებიც მიიტანეს და დატოვეს. მათ შორის იყო კანონპროექტები საგადასახადო კოდექსის, შრომის კოდექსის, უმუშევრობის შემწეობის, უფასო სტუდენტური დაზღვევის შესახებ და სხვა.
,,დღეს ჩვენ მოვიტანეთ პროფკავშირების მიერ მომზადებული 9 კანონპროექტი, რომელთაგანაც საქართველოს პარლამენტს, სამწუხაროდ, არცერთი არ განუხილავს. იმედი გვაქვს რომ მომავალში მეტ ყურადღებას გამოიჩენენ და ამ კანონპროექტებს ნახავენ.” - განუცხადა "ლიბერალს" მირანდა მანდარიამ, თვითდასაქმებულთა და ვაჭრობის პროფკავშირების თავჯდომარემ.
პირველი მაისი აქციით აღნიშნეს სოციალ-დემოკრატებმაც, რომლებმაც პროფკავშირების დემონსტრაციისადმიც გამოხატეს სოლიდარობა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ შრომა არის ძირითადი საყრდენი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას ისეთი საზოგადოებისაკენ, სადაც ადამიანებს აქვთ თავიანთი თავის რეალიზების საშუალება. მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მთავრობა საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს და დღეს ჩვენ ქვეყანაში უგულებელყოფილია თავად შრომის მნიშვნელობა.”- ამბობს სოციალ-დემოკრატების ლიდერი, გია ჟორჟოლიანი და შრომისა და ზოგადად, სოციალური თემატიკისადმი გულგრილობას აქამდე მოქმედ ოპოზიციურ პარტიებსაც საყვედურობს. მისი აზრით, მდგომარეობის გამოსასწორებლად საკმარისი არაა მხოლოდ შრომის პირობების გაუმჯობესების კონკრეტული მოთხოვნების წამოყენება. ,,რა თქმა უნდა, ასეთი ბრძოლა ადგილებზე უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ პირველ რიგში ბრძოლა ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლისთვისაა საჭირო. უნდა შეიცვალოს ის ეკონომიკური ლოგიკა, რომელიც ადამიანებს ჭანჭიკებად განიხილავს და ერთეული პირების ქონების ზრდისკენაა მიმართული” - მიაჩნია ჟორჟოლიანს.
საპირველმაისო მიმართვა გაავრცელა "ქართულმა ოცნებამაც". ,, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ეს დღე კომუნისტურ რეჟიმთან იყო ასოცირებული და წარსულის ინერციით ბევრი ახლაც ასე თვლის. არადა, 1 მაისი არის არა საბჭოთა, არამედ საერთაშორისო დღესასწაული, მშრომელთა დაფასების და მათი უფლებების პატივისცემის დღე “ - ვკითხულობთ მიმართვაში.
"ქართული ოცნება" პირველ მაისს უმუშევრებსაც ულოცავს და მოქალაქეებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არსებული დისკრიმინაციული შრომის კოდექსის შეცვლას და შრომით გარანტიებს პირდება. ,,ჩვენ მოვდივართ, რათა შევცვალოთ არა მარტო ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომა ხალხის მიმართ.”- ნათქვამია განცხადებაში.
[video:http://www.youtube.com/watch?v=cBaxU5ea0Hw]
ირაკლი კაკაბაძე