02.05.2012
და იქმნ(ებ)ა ლაზიკა!
„გადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას", - ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას 2011 წლის 4 დეკემბერს, ზუგდიდში გააცნო. იმავე დღეს სააკაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიასთან და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორ გურამ მისაბიშვილთან ერთად ახალი ქალაქის ადგილმდებარეობას და პოტენციურ შესაძლებლობებს ვერტმფრენიდან გაეცნო. ლაზიკას პირველი კონტური და პირველადი პროექტიც ჰაერში შეიქმნა.
უკვე ცნობილია, როგორი იქნება ქალაქის ურბანული დაგეგმარება. ლაზიკაში თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოეწყობა, რკინიგზა გაივლის. იმ ადგილზე კი, სადაც შავი ზღვისპირეთის ყველაზე ღრმა კანიონია, პორტი აშენდება. ქალაქს მოემსახურება აეროპორტიც. 3 მლნ კვადრატული მეტრის ფართობზე მოწყობილ ბიზნესცენტრში ბანკები, ოფისები, საგამოფენო და კულტურული სივრცე განთავსდება.
ლაზიკას ტერიტორიის დიდი ნაწილი საცხოვრებელ ზონას დაეთმობა, სადაც მრავალსართულიანი ცათამბჯენები, რამდენიმე სართულიანი საცხოვრებელი სახლები და კერძო სახლები აშენდება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რეკრეაციული ზონა და ველური ბუნების პარკი მოეწყობა. სანაპირო ზოლი კი მაღალსართულიან, უმაღლესი სტანდარტის სასტუმროებს დაეთმობა, რომლებსაც აქ მსოფლიო ბრენდები ააშენებენ.
„მთელ მსოფლიოში ზღვისპირეთის განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა. ახალი კომერციული, სავაჭრო, ინდუსტრიული ცენტრების 80 პროცენტი ზღვისპირეთში ვითარდება. ტრადიციულად ასეა მთელ მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ აქ დიდი ინვესტიციები განხორციელდეს. აქ უნდა შეიქმნას ძალიან ბევრი სამუშო ადგილი, დიდი ინდუსტრია, დიდი ლოჯისტიკური ცენტრები და ყველაფერი ის, რისი კეთებაც კარგად გვეხერხება, განსაკუთრებით, სამეგრელოში,"- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ 10 წელიწადში ლაზიკაში 500 000 ადამიანი იცხოვრებს და ის თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იქნება საქართველოში. სააკაშვილის განცხადებით, ლაზიკას მშენებლობას 1,5 მლრდ ლარი დასჭირდება. „21-ე საუკუნის ქალაქის" ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა, ყოველ წლიურად 50 მილიონი ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, დარჩენილ თანხას ლაზიკას მშენებლობაში უცხოელი ინვესტორები დააბანდებენ.
„ლაზიკა იქნება ფინანსური ცენტრი მთელი რეგიონისთვის. რეგიონში ვგულისხმობთ მთელ შავი ზღვისპირეთს. გვინდა, რომ ეს იყოს სავაჭრო, ლოჯისტიკური, სატრანსპორტო და ფინანსური ცენტრი. უახლოესი 2000 კმ-ის რადიუსში ასეთი პროექტი არსად არის განხორციელებული. პროექტის რეალიზებას სახელმწიფო დაიწყებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ინვესტორების მხრიდან დიდ დაინტერესებას გამოიწვევს. ძირითადი გათვლა სწორედ იმაზე მოხდება, რომ გლობალური საინვესტიციო კომპანიები მოვიზიდოთ", - ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე.
„ახალი თაობის ქალაქის" შექმნის ქართული პროექტი ჩინურ გამოცდილებას და კონცეფციას ეფუძნება. საქართველოს მთავრობისთვის მაგალითი ქალაქი შენჟენია. ქალაქი, რომელიც ჰონგკგონთან ახლოს მეთევზეთა პატარა დასახლებაზე 1980 წელს აშენდა, დღეს ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრი და წარმატებული თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. დასახლებაში, სადაც 30 წლის წინ სულ რაღაც 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად 10 მლნ მოსახლეა. ჩინეთში ამბობენ, რომ პროექტმა გაამართლა. სოფლიდან წამოსული მიგრანტების ნაკადის სამართავად ამ ქვეყანაში შენჟენის კვალდაკვალ უკვე არაერთი თავისუფალი ქალაქი შეიქმნა.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალ ქალაქს განსხვავებული კონსტიტუციური სტატუსი, სამართლებრივი და მმართველობის სისტემა ექნება. გლობალური საინვესტიციო კომპანიების დაინტერესებას საქართველოს მთავრობა სწორედ ლიბერალური რეგულაციებით გეგმავს. იდეის ავტორთა აზრით, დაბალი გადასახადები, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ლაზიკაში ბევრ ინვესტორს მოიზიდავს. ქართული შავიზღვისპირეთის ახალი საპორტო ქალაქის იდეით ინვესტორების დასაინტერესებლად უკვე შეიქმნა ლაზიკას გეგმის ვირტუალური, 3D ვერსია, რომელიც რამდენიმე ევროპულ და აზიურ ენაზე ითარგმნა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპისა და აზიის რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პროექტში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური თანხმობა ამ დრომდე არცერთ საინვესტიციო ჯგუფს არ განუცხადებია.
საოკუპაციო ზონის სიახლოვეს, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით აშენებულ ქალაქს ზღვისპირეთის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის გარდა, პოლიტიკური დატვირთვაც ექნება. ლაზიკას პროექტის პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობს თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე. „ლაზიკას მშენებლობა თუ ღირს, ღირს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ კარი ან ფანჯარა, რომელიც ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ შემოიხედონ საქართველოში, შემოვიდნენ და ითანამშრომლონ საქართველოს ამ ნაწილთან. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მაშინ ლაზიკა ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის იქნება იგივე, რაც თავის დროზე დასავლეთ ბერლინი იყო აღმოსავლეთ ბერლინის მაცხოვრებლებისთვის. ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ცენტრალიზებულად უფრო ბევრი თანხა დაიხარჯება, მაგრამ ეს არის თანხა, რომელსაც ჩვენ ვიხდით პოლიტიკური ამოცანის ამოხსნაში," - განაცხადა ბენდუქიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.[pagebreak]
„ამ ამოცანაში ძალიან ბევრი უცნობია", - ამბობს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, - „ახალი ქალაქების მშენებლობას სხვადასხვა მიზეზი და მიზანი აქვს. ასტანას შექმნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ხოლო ბრაზილიის დედაქალაქის გადატანა -პრეზიდენტის კაპრიზი. რა იდეა დგას ლაზიკას მშენებლობის უკან, არ ვიცით. არც ის ვიცით, როგორ გაუწევს ლაზიკა კონკურენციას დუბაის. იმდენად ზოგადი იდეები მოვისმინეთ ტელევიზიით, რომ პროფესიული შეფასება შეუძლებელია".
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ „საოკუპაციო ზონასთან ახლოს ახალი ქალაქის აშენება უფრო პოლიტიკური აქციაა, ვიდრე ეკონომიკურად გათვლილი პროექტი". ახალ ქალაქში 500 000 ადამიანის დასაქმებით სიღარიბის და უმუშევრობის აღმოფხვრა საეჭვოდ მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესაც. „ქალაქის აშენების დროს მთავარი მოსახლეობის დასაქმებაა. ამისთვის ახალ ქალაქში სამრეწველო და ბიზნეს ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. ლაზიკაში 500 000 ადამიანის დასაქმება წარმოუდგენლად მიმაჩნია. საქართველოში უმუშევრობა 17%-ს აღწევს. თუ უმუშევრობის პრობლემა ძველ და ტრადიციულ ქალაქებში ვერ აღმოვფხვერით, ამ პრობლემის დაძლევა უფრო რთული იქნება ახალ ქალაქში, სადაც მრეწველობა განვითარებული არ არის. თავისთავად ცხადია, რომ ლაზიკას მოსახლეობის 100% პორტში ვერ დასაქმდება", - აცხადებს თვალჭრელიძე.
„რასაც ვამბობთ, იმას ყოველთვის ვაკეთებთ. სკეპტიკოსებს უნდა შევახსენო, რომ ჩვენ ერთი ლაზიკა უკვე ავაშენეთ და ამ ქალაქის სახელი არის ბათუმი", - ოპონენტების გასაგონად ამბობს სააკაშვილი. ლაზიკას მშენებლობა უკვე დაიწყო. რაც მთავარია, საქართველოს მთავრობის ბოლო წლების ყველაზე გრანდიოზული პროექტი საჯარო განხილვის გარეშე დაიწყო. „ჩვენ არა გვაქვს დრო ამერიკისა და ევროპის მსგავსად, რომ ათი წელი ვიფიქროთ პროექტზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი განხორციელება", - აღნიშნა „ნიუ იორკ ტაიმსთან" საუბარში ვაშაძემ. მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავრობა განსაკუთრებულად ჩქარობს. ამიტომ, ლაზიკას პროექტის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის დრო აღარ რჩება.
პროექტის დეტალური გეგმისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების არარსებობამ განსაკუთრებით ეკოლოგები შეაშფოთა. პრეზიდენტის ვერბალური გეგმიდან ვიცით, რომ „ერთ ადგილზე ჭაობს დავაშრობთ". ჭაობი, რომლის დაშრობაზეც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი საუბრობს, კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვარზე მდებარეობს. 1996 წელს საქართველომ რამსარის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოქცეული უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვის ვალდებულება აიღო: ამ ადგილზე, სადაც ბოლო გამყინვარებას გადარჩენილი ფლორისა და ფაუნის არაერთი სახეობაა შემორჩენილი, გადამფრენი ფრინველების მიგრაციის მთავარი მარშრუტი გადის. კოლხეთის ეროვნული პარკის დაუსახლებელი ჭაობები მილიონობით გადამფრენი ფრინველისთვის დასვენებისა და გამოზამთრების ერთადერთი ადგილია. გარდა ამისა, საქართველოს კლიმატის ცვლილების ეროვნული შეტყობინების მიხედვით, ანაკლიასა და ყულევს შორის არსებული ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ადგილია კლიმატის ცვლილებისადმი - იქ ხმელეთს ზღვის შემოტევისგან სწორედ ჭაობი იცავს. ექსპერტთა აზრით, ლაზიკას პროექტის ეკოლოგიური შეფასების გარეშე განხორციელებით, შესაძლოა უნიკალურ ეკოსისტემასაც და თავად პროექტსაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
ის, რაც ზიანის მომტანი იქნება გარემოსთვის, შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში სასარგებლო აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „ლიბერალთან" საუბარში აცხადებს, რომ ლაზიკას მშენებლობა შესაძლოა, დიდ იდეად იქცეს და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას კარგი სამსახურიც გაუწიოს: „არჩევნებს ხშირად დიდი იდეა იგებს. დიდი იდეა ილუზიას შეიცავს, რადგან ის მნიშვნელოვნად უსწრებს რეალურ შესაძლებლობებს. დიდ იდეას ახლავს უტოპიური დაპირებები. დაპირებები კი საარჩევნოდ კარგად მუშაობს. ასეთი დიდი იდეა იყო თავის დროზე მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა. ამ იდეის მეშვეობით მოვიდა დღევანდელ მმართველი ძალა ხელისუფლებაში. თუ ლაზიკას მიებმება სოციალური პაკეტი, ისეთი, როგორიცაა დიდი რაოდენობით ადამიანების დასაქმება, ის შეიძლება იქცეს დიდ იდეად. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ქალაქის მშენებლობის ინიციატივა ხალხს გაუჩენს განცდას, რომ ბიუჯეტიდან იხარჯება დიდი ფული, რომელიც შეიძლებოდა ჩვენს სოციალურ საჭიროებებს და კეთილდღეობას მოხმარებოდა".
პრეზიდენტის განცხადებით, ლაზიკას მშენებლობაზე მარტო წელს რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება. მომავალი ქალაქის ტერიტორიაზე გრუნტის შესწავლა, ქალაქამდე მისასვლელი ცენტრალური მაგისტრალის, ხიდებისა და იუსტიციის სახლის მშენებლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო. ამ სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ლაზიკას მშენებლობისთვის ეს თანხა გათვალისწინებული არ იყო.
ირაკლი კაკაბაძე