02.05.2012
300-მდე ოჯახს სახლ-კარის გარეშე დარჩენა ემუქრება
ბანკებისა და სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან მიღებული კრედიტის გადაუხდელობის გამო ქობულეთში მცხოვრებ 300-მდე ოჯახს საცხოვრებლიდან გამოსახლება ემუქრება. ბანკისგან აღებული კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საცხოვრებელ სახლებს აუქციონის გზით ასხვისებენ. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე გუშინ ქობულეთში იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა. თუმცა ოფიციალური განცხადება, თუ როგორ აპირებს, მოაგვაროს ბანკებსა და კლიენტებს შორის ურთიერთობა, მინისტრს არ გაუკეთებია.
„ლიბერალი" ფინანსთა სამინისტროსათან დაკავშირებას შეეცადა. როგორც პრესასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ჯერ-ჯერობით მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ფინანსთა მინისტრის ოფიციალური განცხადების ან გადაწყვეტილების შემთხვევაში, პრესა ამას ისედაც გაიგებს.
ქობულეთის მოსახლეობამ ტურიზმის განვითარების გეგმის ფარგლებში მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროების განვითარების და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის სესხები 2008 წელს აიღო. ისინი სეზონის ჩავარდნის გამო კომერციული ბაკებიდან აღებული სესხის პროცენტებს წლებია იხდიან. უმეტესობას ამ თანხის დაფარვა აღარ შეუძლია, ამიტომ საცხოვრებლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
ირაკლი კაკაბაძე