02.05.2012

ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოდან 40-ზე მეტი თანამშრომელი ქალი გაათავისუფლეს

 

ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოდან კვირის დასაწყისში 40-ზე მეტი ქალი თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან ექიმები, მედდები, სანიტრები და ფარმაცევტები. დღეს ისინი საავადმყოფოს შენობასთან შეიკრიბნენ და მმართველებისგან გათავისუფლების მიზეზის ახსნასა და არსებული დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ.

„გათავისუფლების შესახებ ორშაბათს მმართველმა ანი გვენცაძემ შეგვატყობინა. ეს იმდენად მოულოდნელი  და შოკისმომგვრელი იყო, რომ ერთ თანამშრომელს, 63 წლის მზევინარ მგელაძეს ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევაც კი დაემართა და იქვე გარდაიცვალა," - იხსენებს რკინიგზის საავადმყოფოს უკვე ყოფილი თანამშრომელი ნაილი ტეფნაძე. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების ფორმა მათთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი იყო. „მიზეზად არც კვალიფიკაციის პრობლემა დაუსახელებიათ, არც სხვა რამ, დაგვიბარეს და გვითხრეს, ხვალიდან აღარ მოხვალთო. ხმამაღლა რომ გამოვთქვით პროტესტი, გვიპასუხეს, „გირჩევნიათ პირზე „სკოჩი" აიკრათ და ისე იყოთო," - ამბობს ტეფნაძე.

ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მე-9 საავადმყოფოს ქირურგიული და უროლოგიური განყოფილება 2010 წლის დეკემბრიდან გადავიდა.  უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში უპრობლემოდ მუშაობდნენ, თუმცა, მარტის ბოლოს განყოფილება ვინმე გურამ კარაზანაშვილმა შეიძინა. მასობრივ გათავისუფლებას ისინი სწორედ ახალი მფლობელის მოსვლას უკავშირებენ.

გათავისუფლებული ანესთეზიოლოგი იზოლდა სურმავა საავადმყოფოს მხრიდან გასასტუმრებელ დავალიანებაზეც საუბრობს: „ჯერ კიდევ მე-9 საავადმყოფოში რომ ვმუშაობდით, მაშინდელი 1300 ლარი მართებთ ჩემი, და არა მარტო ჩემი. გვითხრეს, რომ ამ თანხას ახალი მფლობელი დაგვიფარავდა, ის კი ამბობს, რომ ვადა 2014 წლამდე აქვს. ახლა  საერთოდ გაგვათავისუფლეს და არ მჯერა, რომ რამეს გადაგვიხდიან. თებერვლის ხელფასიც კი არ მოუციათ, ზოგს აპრილის ანაზღაურებაც ასაღები აქვს."

საავადმყოფოს აფთიაქის ყოფილმა გამგემ მანანა წიქორიძემ პრეზიდენტის მიერ ბათუმში ფარმაცევტული ქარხნის გახსნისას ნათქვამი სიტყვები გაიხსენა: „პრეზიდენტი ამბობდა, რომ ასეთი შენობის აშენება უფრო ადვილია, ვიდრე კვალიფიციური ფარმაცევტის პოვნა. ახლა კი 20 წლიანი სტაჟის მქონე ფარმაცევტს რატომ მიშვებენ სამსახურიდან უმიზეზოდ?!"-

„თუ პაციენტი ხართ, თქვენი ექიმი უნდა დაგვიკავშირდეს და შეგიშვებთ, ჟურნალისტებისთვის შესვლა არ შეიძლება," - გვითხრა საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელმა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა და ყოფილმა მედპერსონალმა შენობაში შესვლა ერთ-ერთი განყოფილების მფლობელის დახმარებით შეძლეს. თუმცა, მე-9 სართულზე ასულებს განყოფილების კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდათ.

მალე  მოსაცდელში პაციენტები და სხვა განყოფილების ექიმები შეგროვდნენ, რომლებსაც კარი ასევე არ გაუღეს.  ცოტა ხნის შემდეგ, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სართული ისე დატოვეს, რომ მათთან სასაუბროდ ადმინისტრაციის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა.

საავადმყოფოსთან იმყოფებოდა ასოციაცია „ქალი და განვითარების" ხელმძღვანელი ფატი ბუხრიკიძეც. „40 გათავისუფლებული ადამიანიდან არც ერთი არაა მამაკაცი, ეს დამთხვევას არ ჰგავს და თავისთავად გენდერულ დისკრიმინაციულად აღიქმება."

გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით უკვე მიმართეს, რომელშიც საავადმყოფოს ადმინისტრაციის მხრიდან გათავისუფლების მიზეზის ახსნასა  და დავალიანების დაფარვა მოითხოვენ. „ჩვენი უფლებების დასაცავად  "ექიმთა ლიგასაც" მივმართავთ, შემდეგ კი სასამართლოშიც შევიტანთ სარჩელს, " - ამბობენ საავადმყოფოს უკვე ყოფილი თანამშრომლები.

 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

მეტი

ამავე ავტორისგან