07.05.2012
რა მოხდება ზაფხულში?
რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"
ისრაელი ირანზე იერიშს უკვე ამ ზაფხულს მიიტანს - ამ მოლოდინით აიხსნება კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის არმიის თანამედროვე ტექნიკით, კერძოდ Т-90 ტიპის ტანკებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით შეიარაღება, წერს ჟურნალი „შპიგელი" სარედაქციო წერილში, სათაურით: „რუსეთი: გენშტაბი სამხედრო დარტყმისთვის ემზადება".
ჟურნალის მონაცემებით, კასპიის ზღვაზე საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი სარაკეტო დივიზია, ხოლო სარაკეტო კრეისერები ასტრახანიდან დაღესტანშია გადაყვანილი. „გარდა ამისა, ირანის საზღვარის მახლობლად, სომხეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე, გიუმრიში მომსახურე რუს ოფიცერთა ოჯახები სამშობლოში გაიყვანეს".
„შპიგელის" ცნობითვე, რუსეთისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ამ რეგიონში საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენს, რადგან უცნობია, კონფლიქიტის შემთხვევაში ეს ქვეყნები როგორ მოიქცევიან. „სამხედრო ტვირთების ტრანზიტი სომხეთში საქართველოზე გადის. საქართველო კი, მოსკოვის გათვლებით, ანტიირანულ კოალიციას მიემხრობა. აზერბაიჯანს კი შეუძლია კონფლიქტით ისარგებლოს და ვითარება სომხეთთან ტერიტორიული დავის გადასაჭრელად გამოიყენოს", - წერს „შპიგელი".
რუსეთი გაბალაში რადიო ლოკაციური სისტემის (რლს) იჯარის გაგრძელების თაობაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დასრულებას ივნისში გეგმავს. აზერბაიჯანული „ზერკალო.აზ"- ის მიმომხილველი რაუფ ორუჯევის ცნობით, იჯარის მთავარ პირობად ბაქომ მოსკოვისგან მყარი გარანტიები მოითხოვა - გაბალას რლს თურქეთის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. „იანვარში თურქეთის ტერიტორიაზე, პროვინცია მალატიაში, ირანის, საქართველოს და სომხეთის საზღვარის მახლობლად, რადიო ლოკაციური სისტემა ამოქმედდა და ევროპაში აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო ფარის განთავსების ნაწილი გახდა. ამიტომაც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გაბალას რლს თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენოს",- წერს სატატიის ავტორი. თანხმობის შემთხვევაში, რუსეთი გაბალაში 2025 წლამდე დარჩება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხაზე შეთანხმდნენ მხარეები. ბაქომ იჯარის ძველი თანხა, 7 მილიონი აშშ დოლარი 300 მილიონამდე გაზარდა. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ბაქოს მოთხოვნას „გაუმართლებლად მაღალი" უწოდეს",- წერს რაუფ ორუჯევი. სტატიაში იმაზეც არის საუბარი, რომ რუსეთი ბაქოსთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემთხვევაში მზად იყო ახალი რლს სომხეთში აეგო, ამის წინააღმდეგნი არც ერევანში იყვნენ. თუმცა, მოსკოვმა გადაიფიქრა - კრემლი აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო ფარს ევროპაში რუსეთის ტერიტორიიდან: ირკუტსკიდან, კალინიგრადიდან, ლენინგრადის ოლქიდან და არმავირიდან დაუპირისპირებს.
რას უნდა მოასწავებდეს მოსკოვის მიერ მაისის ბოლოს დაგეგმილი ადმინისტრაციულ - ტერიტორიული რეფორმა ჩრდილო კავკასიაში,- ამის შესახებ ჯეიმსთაუნის ექსპერტი ვალერი ძუცევი წერს სტატიაში: „ქართული პოლიტიკა ჩრდილო კავკასიასთან მიმართებაში რუს ექსპერტებს აშფოთებთ".
ვლადიმერ ძუცევი აპრილის ბოლოს ვლადიკავკაზში ჩატარებული კონფერენციის შედგებს აანალიზებს: „კონფერენცია, რომელზეც მსჯელობდნენ, როგორი უნდა იყოს „რუსეთის სტრატეგია კავკასიაში 21-ე საუკუნეში", სიმპტომატურია თანამედროვე რუსეთის ხელისუფლების მიდგომისთვის, რომელიც ამ რეგიონს ექსპერიმენტულ მოედნად განიხილავს და არა იმ ადგილად, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გააჩნიათ საკუთარი კანონიერი ინტერსები და მომავლის გეგმები", - წერს ძუცევი.
ამ კონფერნციაზე რუსმა ექსპერტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს საქართველოს პოლიტიკას ჩრდილო კავკასიასთან მიმართებაში. როსტოველ ექსპერტს, ვლადიმერ ჩერნოუსს აღუნიშნავს, რომ „ქართველებმა მოხერხებულად გამოიყენეს ჩრდილო კავკასიის ცალკე ფედერალურ ოლქად გამოყოფა (2010 წელს პრეზიდენტ მედვედევის გადაწყვეტილებით, ჩრდილო კავკასიის ეთნიკური რესპუბლიკები ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქად გამოცალკევდა სამხრეთ ფედერალური ოლქიდან, რომელიც უმეტესად ეთნიკური რუსებითაა დასახლებული) და ცდილობენ საერთო კავკასიური იდენტობა დაუპირისპირონ რუსულ იდენტობას. ამ პროცესში რუსეთი რეაქტიულად მოქმედებს, აგვიანებს და ბევრ მომენტს უშვებს". ჩერნოუსი კრემლს აკრიტიკებს იმისთვის, რომ დღემდე არ ჩამოაყალიბა ნაციონალური პოლიტიკის კონცეფცია, რომელშიც კავკასიური იდენტუბა საერთო რუსული იდენტობის ერთ-ერთ ვარიანტად უნდა განხილულიყო. ჩერნოუსი ხელისუფლებას ურჩევს დროზე შეიმუშავოს ასეთი კონცეფცია.
თუმცა, როგორც ძუცევი შემდეგ აგრძელებს, რუსი ექსპერტები ძირითადად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. „სერგეი მიხიალოვმა არ გამორიცხა, რომ საქართველომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ, ახლა შეიძლება ვაინახების (ჩეჩნებისა და ინგუშების) გადასახლებაც გენოციდად აღიაროს. ექსპერტმა იანა ამელინამ კი ივარაუდა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების შემედეგ საქართველოს გავლენა ჩრდილო კავკასიაზე უდაოდ გაიზრდება და „ეს საგანგაშო სიგნალია". ექსპერტს უკვრის, რომ რუსეთის ხელისუფლება არ რეაგირებს ამ „ქართულ საფრთხეზე".
თავად ძუცევი დადებითად აფასებს საქართველოს სტრატეგიას ჩრდილო კავკასიასთან მიმართებაში. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს გავლენა მართლაც გაიზრდება ჩრდილო კავკასიაზე და თბილისის პოლიტიკა რეგიონს მზარდი ძალადობიდან მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნაში დაეხმარება. რუსმა ჩინოვნიკებმა კი, რომლებიც წლების მანძილზე ხელოვნურ იზოლაციაში ამყოფებდნენ რეგიონს, წარუმატებელ პოლიტიკაში მხოლოდ „საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ".
თუმცა, ახალი სამხრეთ ფედერალური ოლქის შექნა, რომელიც ეთნიკურ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს ეთნიკური რუსებით დასახლებულ სამხრეთ რეგიონებთან კვლავ გააერთიანებს, კიდევ ერთი მიზეზითაა განპირობებული. ექსპერტთა ნაწილი ამას რეგიონში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის მოსკოვის პოლიტიკით მზარდ უკმაყოფილებას უკავშირებს: „მოსკოვი ამ ნაბიჯით ცდილობს წინ აღუდგეს სტავროპოლის მხარის ეთნიკური რუსების მცდელობას. მათ ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოქლიდან გამოყოფა და რუსული რესპუბლიკის სტატუსის მოპოვება სურთ. მოსახლეობის მზარდი მოთხოვნაა კაზაკთა რესპუბლიკის შექმნა და მე-19 საუკუნეში არსებული კაზაკთა თავდაცვითი პუნქტების აღდგენა".
"ეს ახალი ფენომენია - რუსული სეპარატიზმი მოსკოვს სავსებით ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რაც კრემლს უკვე უახლოეს მომავალში უბიძგებს უფრო დრამატული ცვლილებებისკენ ჩრდილო კავკასიაში",- წერს ძუცევი.
ირაკლი კაკაბაძე