07.05.2012
„რუსეთი - პუტინის გარეშე!"
მოსკოვში „მილიონების მარში" პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. 6 მაისს „ბოლოტნაიას" მოედანზე მოსახლეობის ნაწილი პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტებას აპროტესტებდა. მათი თქმით, არჩევნები გაყალბებული იყო და შედეგები ხალხის უმეტესობის სურვილს არ გამოხატავდა. აქციაში 5 ათასამდე ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, ოპოზიციის ლიდერების თქმით, იქ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანიზატორები ოპოზიციის ლიდერები სერგეი უდალცოვი, ევნგენია ჩირიკოვა, ბორის ნემცოვი, ბლოგერი ალექსეი ნავალნი და სერგეი მიტროხინი იყვნენ.
მიტინგს რუსეთის რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც ესწრებოდნენ. თუმცა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ მოსკოვის შესასვლელში არაერთ წინააღმდეგობას წააწყდნენ და ბევრი ქალაქში არც კი შემოუშვეს.
„მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას აიყვანეს. „ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, განყოფილებაში მდგომარეობის გაუარესების გამო ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შეიძლება დღეს, სასამართლოში საქმის განხილვასაც ვერ დაესწროს. კვლავ დაკავებულია ბლოგერი ალექსეი ნავალნი. ბორის ნემცოვი კი წესრიგის დარღვევისთვის 1000-რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მძიმე მდგომარეობაშია მოძრაობა „ალტერნატივის" ლიდერი ოლეგ მელნიკოვიც, მისი თქმით, ის „ომონის" თანამშრომლებმა დაუნდობლად სცემეს და ტელეფონი წაართვეს. ექიმები ადასტურებენ, რომ მელნიკოვი ნაცემია და რამდენიმე მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა კინოთეატრ „უდარნიკის" წინ მჯდომარე აქციის მოწყობა გადაწყვიტეს. ისინი სამართლიან არჩევნებს, პუტინის წასვლას და ტელევიზიებისგან პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, მიტინგზე სულ 436 ადამიანი დააკავეს 37 კი ადამიანი კი დაშავდა. ოპოზიციონერები ამ რიცხვს სარწმუნოდ არ მიიჩნევენ. ნემცოვის განცხადებით, აქციიდან 650-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიღუპა ერთი ფოტორეპორტიორიც, რომელიც ფოტოების გადაღებას აივნიდან ცდილობდა.
ძალოვანი სტრუქტურების გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეტაკების დროს პოლიციისა და შინაგანი ძალების 29 თანამშრომელი დაშავდა, 4 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე განცხადებით, აქციას 8 000 -ზე მეტი ადამიანი არ ესწრებოდა და შეტაკებაც თავად ოპოზიციონერების პროვოცირებული იყო, რადგან მათ მჯდომარე აქციის მოწყობა მოინდომეს.
საპროტესტო აქციის პარალელურად მოსკოვში პუტინის მხარდამჭერთა აქციაც მიმდინარეობდა.
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მარტში გაიმართა და ვლადიმერ პუტინმა ამჯერად 65%-ით გაიმარჯვა. რუსეთის პრეზიდენტად პუტინის მესამე ინაუგურაცია დღეს 12 საათზე დაიწყო. ისინი კი, ვინც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად და არალეგიტიმურად მიიჩნევდნენ, კრემლის მიმდებარედ აქციის გამართვას ინაუგურაციის პროცესის პარალელურად აპირებდნენ, ლოზუნგით „არ შევუშვათ ქურდი კრემლში". თუმცა, დილიდან, კრემლის მიმდებარედ შეკრებილი ორასამდე ადამიანი პოლიციამ კვლავ დაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზეტა.რუ" ავრცელებს. „მომიტინგეებს არც პლაკატები ჰქონდათ და არც წესრიგს არღვევდნენ, რამდენიმეს თან მხოლოდ თეთრი ლენტები ჰქონდა, მაგრამ „ომონ"-მა ხალხი და ჟურნალისტები ზედა ქუჩებისკენ განდევნა," - წერს „გაზეტა.რუ" ს კორესპოდენტი. „ლენტა.რუ“-ს ინფორმაციით კი, ამ დილით უკვე 120-მდე ადამიანი დააკავეს.
მაკო ჯანჯიბუხაშვილი