16.05.2012

არასამთავრობო ორგანიზაციები „თავისუფალი ბიზნესისათვის"

 

სამუშაო სტრატეგიის და სამომავლო გეგმებზე ახლადდაფუძნებულმა კოალიციამ „თავისუფალი ბიზნესისათვის" დღეს გამართულ შეხვედრაზე  ისაუბრა. კოალიცია ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ესენია: „მწვანე ალტერნატივა", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" და  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".  კოალიცია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია, ის ფაქტორები შეისწავლოს, რომელიც საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

 

„ამ ინიციატივის მიზანია, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობა საქართველოში. ეტაპობრივად მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას ვაპირებთ, იმისათვის, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება მაქსიმალურად ადვილი, სამართლიანი და გამჭირვალე  იყოს„ - განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს" წარმომადგენელმა ირინა ლაშხმა.

შეხვედრაზე არსამთავრობო ორგანიზაციებმა  კონკრეტული საქმიანობების ჩამონათვალი წარმოადგინეს,  რის გაკეთებასაც  ისინი უახლოესი ერთი წლის მანძილზე აპირებენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ასოციაცია დიდი ხანია ანტიკორიფციული მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაციამ კვლევაც გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის დახარჯული საბიუჯეტო თანხების მონიტორინგს ეხება.

„ვაპირებთ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უფრო მაშტაბური გავხადოთ ეს მონიტორინგი, ვინაიდან არსებობს სერიოზული კითხვები და კორუფციული  საფრთხეები  საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის პროცესში. მონიტორინგს რამდენიმე მიმართულებით განვახორციელებთ.  ეს იქნება კერძო ფონდების და კერძო არასამეწარმეო სუბიექტების საქმიანობა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდანაა შექმნილი, თანამდებობის პირების მონაწილეობა ბიზნესში, თანამდებობის პირების ან საჯარო მოხელეების ბიზნეს ინტერესები."

ჩუგოშვილის თქმით, მედია კომპანიებში არსებული ბიზნეს ინტერესები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის კვლევასაც საია აპირებს. „მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა  კანონი მედია მფლობელების გამჭირვალობის შესახებ მიიღო,  ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოება სრულად ფლობდეს ინფორმაციას რა თანხებით ფინანსდება სხვადასხვა მედია საშუალებები".

„საერთაშორისო  გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ორგანიზაციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ძირითადად, ორი მიმართულებით წარიმართება ორგანიზაციის საქმიანობა კოალიციაში.

„გადავწყვიტეთ დავწეროთ წიგნი „ვის ეკუთვნის საქართველო", სადაც რამდენიმე ბიზნეს სექტორს შევეხებით და ვისაუბრებთ იმაზე თუ ვინ ფლობს დიდ ბიზნესებს საქართველოში. მეორე მიმართულება არის საინვესტიციო პროექტების შესწავლა, ავიღებთ რამდენიმე ცნობილ საინვესტიციო პროექტს, შევხედავთ კონტრაქტებს და ვნახავთ რა პირობებში მიიღეს."

„ასოციაცია მწვანე ალტერნატივა" კვლევის ჩატარებას სამი მიმართულებით გეგმავს, ესაა წიაღისეულით სარგებლობა, ჰიდროენერგეტიკა და ტყით სარგებლობა.”

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის  ნინო ევგენიძის განცხადებით, ორგანიზაცია  პროექტის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზს განახორციელებს. მისი თქმით, ქვეყანაში დაბალი გადასახადებია ბიზნესის წამოწყებისთვის, მაგრამ საჯარიმო სანქციები იმდენად მაღალია, რომ ეს  ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაღობაა. ასევე, ორგანიზაცია მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის კვლევას გეგმავს, რადგან „ხშირ შემთხვევაში ისეთი ფინანსური სასჯელების დაკისრება ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომ ზოგ შემთხვევაში დაკისრებული საჯარიმო სანქციები მათ ბრუნვის მაჩვენებელს ბევრად აღემატება”.

კოალიცია „თავისუფალი ბიზნესისათვის" საზოგადოებას მუშაობის შედეგებს ყოველთვიურად გააცნობს.


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
მეტი