17.05.2012
მმკ-ს წევრებმა აქციის მონაწილეები სცემეს
როგორც "ლიბერალის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია მონაწილეებსა და და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა.
აქცია თბილისის საკონცერტო დარბაზთან გაიმართა და თავიდან ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა.
დაახლოებით 20 წუთის შემდეგ აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ, რუსთაველის მეტროსთან მათ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები გადაეღობნენ და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ისინი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდენ.
რუსთაველზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი უნგიაძე, მღვდლები - დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე იმყოფებოდნენ.
პოლიცია, რომელიც თავდაპირველად სიტუაციას აკონტროლებდა, მღვდლებისა და მმკ-ს წევრების გამოჩენისთანავე, სადღაც გაქრა. საგზაო პატრულმა აქციას თავი აარიდა და წავიდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციაში დარეკეს, მაგრამ პოლიცია დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში არ მოდიოდა.
პოლიცია სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვის შემდეგ გამოჩნდა.
მმკ-ს წევრები აქციის მონაწილეებს პლაკატებს უხევდნენ, ზოგს დაარტყეს და გაიქცნენ.
პოლიციამ ლევან ბერიანიძე, მაგდა კალანდაძე და აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა. ლიბერალის კორესპონდენტის ინფორმაციით ისინი მალევე გაათავისუფლეს.
ზურაბ ვარდიაშვილი