18.05.2012

ვინ ატარებს არჩევნებს თსუ-ში?

 

დღეს 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს დებულებით განსაზღვრული წესი, როგორ და რა პრინციპით ხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა. შესაბამისად, ჩნდება კითხვები როგორ დაკომპლექტდა ცესკო, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებს ჩაატარებს.

თვითმმართველობის პრეზიდენტის დაჩი გუბაძის თქმით, თვითმმართველობამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად ცესკოს შვიდი წევრი შეარჩია, ამ შვიდმა წევრმა კი თავმჯდომარედ დიმიტრი გეგენავა აირჩია.

დიმიტრი გეგენავა კი „ლიბერალთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის თვითმმართველობამ (ადმინისტრაციასთან შეთანხმებით) მოიწვია და ამის შემდეგ, ცესკოს წევრები თვითონ შეარჩია.

სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, "სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი აყალიბებს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას". კითხვაზე, რა პრინციპით შეარჩიეს ცესკოს შვიდი წევრი, ან დებულება შერჩევის პროცედურას როგორ განსაზღვრავს, დაჩი გუბაძემ მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ წევრების გამოცდილების და კომპეტენციის გათვალისწინებით მიიღეს  გადაწყვეტილება.

„დიმიტრი გეგენავა, ზოგადად, სამართლის საკითხებში ძალიან გამოცდილი პირია, რამაც  მისი ცესკოში მოყვანა გადაგვაწყვეტინა", - ამბობს დაჩი გუბაძე.

დიმიტრი გეგენავა პარალელურად ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) გენერალური მდივანია. ამავე ორგანიზაციის გამგეობაშია თვითმმართველობის წევრი ბექა ბენდელიანი. წინა მოწვევის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი სამხარაძეც  პარალელურად 2009-2011 წლებში ამავე ორგანიზაციის  პრეზიდენტი იყო. მათსავე ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად გენერალურ პარტნიორთა სიაშია ნახსენები.

„2010 წელს, ქ. რუსთავში რიგით მე-5 საერთო კრებაზე ასოციაციასა და სტუდენტურ თვითმმართველობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ელსა საქართველო მადლობას უხდის უნივერსიტეტს და მის სტუდენტურ თვითმმართველობას  ნდობისა და მხარდაჭერისათვის", - ვკითხულობთ ელსას ოფიციალურ საიტზე.

ამასთან ელსას მისამართად თსუ-ს მეორე კორპუსი აქვს მითითებული.

დიმიტრი გეგენავა ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მართალია, ელსა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან, მაგრამ  ცესკოს ობიექტურობასთან დაკავშირებით ეს არანაირ ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

„ეს საერთაშორისო დონის ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართლით რეგულირდება. ის არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს 42 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ელსა ჩემთვის პროფესიული საქმიანობაა და მისი ცესკოსთან დაკავშირება  სერიოზული პრეტენზიის საგანი შეიძლება გახდეს, რადგან თუ დამჭირდა ცესკოს თანამდებობას დავთმობ და ელსას ინტერესებს დავიცავ",-  ამბობს გეგენავა.

დიმიტრი გეგენავას თქმით, გარდა ელსასი, ის საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების პრეზიდენტი და სხვადასხვა რეგალიის მქონე პირია.

ცესკოს ერთ-ერთი წევრი გიორგი კარტოზია თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი წევრია ერთიანი სტუდენტური მოძრაობიდან. მისი თქმით, ის ცესკოში დიმიტრი გეგენავას  რეკომენდაციით მოხვდა, გამოცდილებით შეარჩიეს და ძირითადად ტექნიკურ საკითხებს აგვარებს.

დიმიტრი გეგენავა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ვთვლი, რომ, პირიქით, სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილების მხრივ უკეთესიცაა, როცა ცესკოს წევრი თვითმმართველობის ყოფილი წევრია.  მთავარი ისაა, რომ ამჟამად არც ერთი მათგანი არც თვითმმართველობისა და არც მსგავს ორგანიზაციაში არაა", - ამბობს ცესკოს თავმჯდომარე.

ცესკოს კიდევ ერთი წევრი ტარიელ ლომია თსუ-ს შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის თანამშრომელია.

„თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ საჭირო ადამიანი ვარ ცესკოს მუშაობის პროცესისთვის", - აღნიშნავს ლომია.

ცესკოში ასევე თავმჯდომარის მოადგილე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ჟორდანიაა.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დებულების თანახმად, ცესკო უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას,  აკონტროლებს დებულების შესრულებას და მის ერთგვაროვნად გამოყენებას,  განიხილავს საჩივრებს, ადგენს თსუ-ის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შედეგებს.

სტუდენტურ თვითმმართველობაში დღეს 110 წევრიდან 107 „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელია.

როგორ კომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია  საქართველოს მასშტაბით? საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში სულ 13 წევრია, ამათგან 7 წევრს წარმოადგენენ პირები, რომლებმაც საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გადალახეს ბარიერი, ხოლო 6 (უპარტიო) წევრი აირჩევა საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის წარდგინებით. თავად თავმჯდომარეს ირჩევენ პრეზიდენტის წარდგინებით ცესკოს პარტიული წევრები, გარდა იმ პარტიისა, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ყველაზე მაღალი ხმა მიიღო.

„საკანონმდებლო დონეზე აქ ბალანსი დაცულია"- ამბობს  "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლონჯარია.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი