22.05.2012
ივანიშვილი "რეალ TV"-ის ეთერში
14 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით, ტელეკომპანია - "რეალ TV-ის"დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა ბიძინა ივანიშვილთან, ან "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული საკითხების მიმოხილვით იწყებოდა.
14 მაისს, "დღის ამბების" პირველი ხუთი სიუჟეტი, რომელთა ჯამმა 21 წუთი შეადგინა, "ქართული ოცნების ახალ შენაძენს, ოლიმპიურ ჩემპიონს - ზურაბ ზვიადაურს და ივანიშვილის გუნდის # 1 წევრს, საკუთარ კარში გატანილი ორი გოლის ავტორს - კახა კალაძეს დაეთმო".
13 წუთში მოხერხდა იმ მაღალ ხელფასებისა და დაპირებების მიმოხილვა, "რომლითაც მილიარდელმა რამდენიმე ადამიანი მოხიბლა"; ასევე "მრეწველების მიერ ივანიშვილის კარზე - ლედი ნინოს ლობირება" და 27 მაისს დაგეგმილი მანიფესტაციის ანონსიც.
მეხუთე სიუჟეტი გვამცნობდა, რომ "ქართული ოცნებისათვის სტიქიური უბედურებებიდან 48 საათის შემდეგაც კი დაზარალებული მოსახლეობის ბედი სუელრთია", რადგან "მილიარდელის კოალიციას დაზარალებულებისათვის არც მორალური, არც ფიზიკური და არც ფინანსური დახმარება არ შეუთავაზებია".
აღნიშნული სიუჟეტს თბილისის მერიის მიერ წყალდიდობით დაზარალებულთა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი და გიგი უგულავას განცხადება მოსდევდა - ქალაქის მერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მთავარ ამოცანას დაზარალებული მოსახლეობის დახმარება წარმოადგენს.
14 მაისის საინფორმაციო ბადეში მოხვდა მთავრობის საგანგებო სხდომა, რომელზეც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე იმსჯელეს და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის განცხადება, ჩიკაგოს სამიტსა და საქართვლოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა, ამ სიუჟეტებს ივანიშვილისა და "ქართული ოცნებისათვის" გამოყოფილი დროის მხოლოდ მეათედი დაეთმო.
წუთნახევარი დაეთმო მეთხუთმეტე ნიუსს, რომელიც საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, პოლიტიკური პარტიების ფინანსურ ანგარიშბრუნვასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე რეკომენდაციებს გაცემას ეხებოდა.
ექსკლუზიური ნიუსით დაიწყო 15 მაისის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება -"მჭედლიშვილების ოჯახი "ქართულ ოცნების" წევრ - თამაზ თამაზაშვილს („თამაზაშვილს"ოცნების ოლიგარქი პატიოსნების სიმბოლოდ მიიჩნევს და ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობას პირდება") ბორის მჭედლიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს".
მეორე სიუჟეტში კი ორთაჭალაში მომხდარი სკანდალის დელტალები ირკვევა: "ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს - ბესიკ გაზდელიანსა და "ქართული ოცნების" კრწანისის რაიონის ხელმძღვანელს - ტატო გალდავას შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ მოხდა, რაც მეოცნებეებმა ბილწსიტყვაობა და შეურაცხყოფა დაიწყეს. ვიდეო მასალა შემთხვევის ადგილზე საგანგებოდ მიყვანილმა ჯგუფმა გადაიღო".
აღნიშნულის ფონზე, მეცხრე ნიუსად გასულ ერთწუთიან სიუჟეტში - ნატოს გენერალური მდივნის - ანდერს ფოგ რასმუსენის ინტერვიუა მიმოხილული, რომელშიც რასმუსენი საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ავღანეთის მისიაში მონაწილეობის საკითხებს ეხმაურება.
16 მაისის "დღის ამბების" II-III- V სიუჟეტი რეგიონებში "ქართული ოცნების" ჩაშლილ შეხვედრებს, ინტერნეტში გავრცელებულ ბიძინა ივანიშვილის "სკანდალურ" ფოტოსა და ივანიშვილი - მრეწველების შეხვედრას ეხებოდა.
გამოშვების IV ნიუსი "ოცნების ოლიგარქის" მიერ ლეიბორისტული პარტიის წევრების "ბიძინაქარდის" გამოყენებით მოსყიდვის ფაქტს დაეთმო.
სიუჟეტში ვრცლად არის გაშუქებული ლეიბორისტების ბრალდებები, რომლებიც "ინგლისურის მცოდნე და ხაჭაპურის მცხობელმა" - ელისო ჩაფიძემ უარყო, "ფულით გადაბირებული" სხვა ადამიანების საილუსტრაციოდ კი ფოტოებია გამოყენებული.
17 მაისს, "რეალ TV" მაყურებელს ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი წევრის მიერ, ტელევიზიისთვის საიდუმლოდ მიწოდებულ ინფორმაციას აცნობს, რომელშიც
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის დაკომპლექტების საკითხებია მიმოხილული.
ამავე გამოშვებაშია შესაძლებელი კოალიციის წევრების პოლიტიკური წარსულის გახსენება და "რეგიონების ტურნეს ფარგლებში, ხაშურში დაგეგმილი, ბიძინა ივანიშვილის ჩაშლილი შეხვედრის" დეტალების გარკვევა".
ხუთშაბათის საინფორმაციო გამოშვების მეხუთე სიუჟეტი ოლიგარქის შესახებ "Washington Post"-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც "ივანიშვილმა ერთ-ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიაზე 2012 წელს მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა".
17 მაისის "დღის ამბებში", რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის - ნიკოლაი მაკაროვისგანცხადება, 17-23 სექტემბერს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების - "კავკასია 2012"-ის შესახებ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ნიუსების შემდეგ გავიდა ეთერში.
საერთო ჯამში, 14-დან 17 მაისის ჩათვლით ტელეკომპანიამ "ოცნების ოლიგარქს" საინფორმაციო გამოშვების პირველი სიუჟეტები დაუთმო, რომლებიც მთლიანად დაახლოებით 1 საათსა და 3 წუთს გაგრძელდა.
ირაკლი კაკაბაძე